დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის და დანაშაულის დაფარვის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქობულეთში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის და დანაშაულის დაფარვის ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ა.ბ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ გ.ა-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
„დანაშაულის ჩადენის შემდეგ ა.ბ-მ, გვამი ავტომობილით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე გადაიტანა და დაუსახლებელ ადგილას მიწაში დამარხა, ხოლო თვითონ იმავე დღეს საქართველოს ტერიტორია დატოვა და მიიმალა.
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მიზნით ა.ბ-ს გვამის დამარხვაში ,მიეხმარა ა.ა. ხოლო მკვლელობის ფაქტის თვითმხილველებმა დ.მ.-მ და ლ.ჯ,-მ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ლ.ჯ და დ.მ, ხოლო დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ა.ა. 2023 წლის 26 მაისს დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლ.ჯ და დ.მ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ა.ა. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ გ.ა.-ს მკვლელობის საქმეზე სასამართლომ გამოსაკითხი პირის მიმართ ზემოქმედების ფაქტზე მკვლელობაში ბრალდებულის მამა დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ა.ბ-ს ბიძა დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული სასულიერო პირი, სასამართლომ წარდგენილი ბრალდებაში ცნო უდანაშაულოდ, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ა.ბ-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ პუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული 2023 წლის 16 ივლისს და საზღვარგარეთ დააკავეს და იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მისი საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.