ადვოკატის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი საპატიმროდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა იმისთვის, რომ საპატიმრო ვადაზე ადრე დაეტოვებინა.

„პირველ რიგში, ვულოცავ გიორგი მამალაძეს და მის ოჯახს ამ მძიმე ბრძოლის შემდგომ გათავისუფლებას. მქონდა უშუალო კომუნიკაცია გიორგი მამალაძესთან და მითხრა, რომ რეანომობილში სვამდენენ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. შვიდწლიანი პატიმრობიდან ბოლო ხუთი წელი მარჯვენა ხელი და ფეხი აქვს სრულად პარალიზებული, ეტლითაც კი არ შეუძლია გადადგილება. გიორგი მამალაძემ მისჯილი ცხრა წლიდან მოიხადა შვიდი წელი. შესაბამისად, ის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა საპატიმრო, მოხდილი სასჯელიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, პროკურორის ვერსიით, დაზარალებული პიროვნება ვინც არის, მან დაწერა წერილობით, რომ თანახმა იყო, ვადაზე ადრე განთავისუფლებულიყო მამალაძე საპატიმროდან. ყველა ერთობლივი გარემოებებით, ჩვენ ნამდვილად გვქონდა მოლოდინი, რომ ის გათავისუფლდებოდა. გიორგი მამალაძისგან მოვისმინე ე.წ. უდოთი გათავისუფლების შესახებ. არ ჩაგვბარებია არანაირი წერილობითი დოკუმენტი“, – განაცხადა ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

დეკანოზი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და „ციანიდის“ გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები