გიორგი კალანდარიშვილი: მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა USAID-ის წარმომადგენლებთან. დღევანდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ აშშ ყოველთვის იყო და რჩება ჩვენი საარჩევნო პროცესებისა და ინსტიტუციის მხარდამჭერად

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ცესკოს ინფორმაციით, დელეგაციასთან შეხვედრა, რომელსაც USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის ბიუროს (DRG) ადმინისტრატორის თანაშემწე შენონ გრინი ხელმძღვანელობდა, დღეს ცესკოში გაიმართა.

მხარეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების შესახებ და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალი არჩევნებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ემზადება. ცესკოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს გააცნო ინფორმაცია ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის შესახებ, ასევე ისაუბრა ისეთ საკითხებზე, რომელიც ამომრჩეველთა განათლებას, დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას, ინსტიტუციის გაძლიერებას და სხვა მნიშვნელოვან თემებს შეეხებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა USAID-ის წარმომადგენლებთან. დღევანდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ აშშ ყოველთვის იყო და რჩება ჩვენი საარჩევნო პროცესებისა და ინსტიტუციის მხარდამჭერად. ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც USAID-თან, აშშ-თან გვაქვს, გაგრძელდება და მხარდაჭერილი იქნება. ვისაუბრეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებაზე, საჭიროებებზე, გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. შევთანხმდით, ამ პროცესში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. დღევანდელი შეხვედრა, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად არის გაგრძელება ცესკოს დელეგაციის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული წარმატებული ვიზიტისა და შეხვედრების. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობას და მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორების დროულ და პერმანენტულ ინფორმირებას“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები