,,კისრის არეში აქვს დაზიანება, დასტრესილი და შეშინებულია” – გორში დაბმული დათვი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს

,,ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინე სივრცეში”, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში წერს.

ამავე ინფორმაციით, დათვს კისრის არეში აქვს დაზიანება, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია.

,,პირველ ყოვლისა, უხარისხო ფოტოსთვის ბოდიშს გიხდით. დათვი დახურულ, იზოლირებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული და ვცდილობთ, ზედმეტი განათებით, გადაღებითა და ხალხით არ შევაწუხოთ, რადგან ისედაც დაზაფრულია.

ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინე სივრცეში.

ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია. ვეტექიმებმა ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი პრეპარატებიც მისცეს. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა და სამომავლო მკურნალობის კურსიც განსაზღვრული აქვს.

იმ საკითხს, თუ როგორ, საიდან და რა ვითარებაში მოხვდა ცხოველი იქ, სადაც ჩვენმა ვეტექიმმა პირველად ნახა და დააძინა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ.

დათვის მკურნალობას ზოოპარკში გავაგრძელებთ მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და რეაბილიტაციის შემდეგ ვიმოქმედებთ ცხოველის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”,- წერია ინფორმაციაში.

მანამდე, მოქალაქე თამუნა გოგალაძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ დათვი ტყეში ჯაჭვით იყო დაბმული.

,,SOS!!! გორის რაიონში,სოფელ იფნარას ტყეში ჯაჭვზე დაბმულ დათვს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება,რომელიც ბელობის ასაკში დააბეს,გაიზარდა და მარყუჟი ისე უჭერს ყელში,გადაჭრილი აქვს კისრის და ყელის არე.

თვალებში ნაცარს ვერ შემაყრიით!!!
ნაკრძალის რეინჯერი მიმტკიცებს,რომ დათვი ბრაკონიერების მიერ დაბმულ ხაფანგში გაება(მაშინ როცა თვეების დაბმულია დათვი),წამოიყვანა და გადარჩენას ცდილობს,თან ამბობს რომ ზამთარში დათვებს სძინავთ და რომ გაუშვას მგლის ლუკმა გახდება.კითხვა:
1. დათვებს სძინავთ ამ დროს. ეს დათვი საპირფარეშოში იყო გამოსული და დაიჭირეს?
2.ყელგადახსნილ დათვს ისევ ყელზე უკეთებ მარყუჟს ისე,რომ ლამის დაიხრჩოს?
3.რატომ არ განაცხადე ამ ფაქტის შესახებ?”, – წერს მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები