ოპერაცია „პიტერ პენი“ – როგორ გამოიყვანეს ამერიკელებმა კუბიდან 14 000 ბავშვი

ოპერაცია კუბელი ბავშვების „გადასარჩენად“, მიუხედავად სოლიდური მასშტაბისა, ფართო წრეებში ცნობილი არ იყო. ცოტა ვინმემ თუ იცის იმის შესახებ, რომ 1960-1962 წლებში CIA-მ აშშ-ის ხელისუფლებასთან ერთად კუბის კუნძულიდან სხვადასხვა ასაკის 14 ათასი ბავშვი გამოიყვანა. ოპერაციამ მიიღო „პიტერი პენის“, ზღაპრის გმირის სახელი – ბიჭის, რომელიც არასდროს იზრდება.
რევოლუციის მერე, რომელიც 1959 წელს დასრულდა, კუბის ახალი ხელისუფლება რეფორმებით დაკავდა. 1960 წელს საქმე განათლების სფერომდეც მივიდა. საშუალო სკოლები გააუქმეს და მათ მაგივრად ახალგაზრდული ბანაკები გახსნეს.
იქ ბავშვებსა და მოზარდებს ასწავლიდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ასევე, სამხედრო საქმესაც.
ახალგაზრდებს მოტივაციას იმით აძლევდნენ, რომ ყველაზე ბეჯითებს შორეულ სსრკ-ში აგზავნიდნენ. თუმცა, ყველა მშობელმა სწორად ვერ გაიაზრა ახალი ხელისუფლების გზავნილი. ხალხში გავარდა ხმა, რომ ბავშვებს ოკეანის მიღმა მძიმე და სახიფათო სამუშაოს შესასრულებლად აგზავნიდნენ. ამით ძალიან მალე ისარგებლეს ამერიკელებმა. CIA-მ დაიწყო კამპანია ცრუ ხმების გასავრცელებლად, რაც პანიკურ განწყობას ქმნიდა.
ამაში დიდი როლი შეასრულა პირატულმა რადიომ – Swan, რომელიც ამაღელვებელ გადაცემებს ტრანსლირებდა. ვითარება ძალიან იძაბებოდა. აშშ-ის ხელისუფლებამ კუნძულიდან ბავშვების ევაკუაციისკენ მოუწოდა ხალხს, რასაც ბევრი მშობელი დათანხმდა. ბავშვის შტატებში გასაგზავნად აშშ-ის საელჩოში ვიზის გაფორმება იყო საჭირო და ასევე, 25 დოლარის გაცემა გადაფრენისთვის. ასეთი ხერხით, მშობლების გარეშე ქვეყანა დატოვა 14 ათასმა ახალგაზრდა კუბელმა. ისინი იყვნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები და მოზარდები, უმეტესობა 12-15 წლის გახლდათ.

 

ბავშვები თვითმფრინავებით მაიამიში გადაჰყავდათ, ფლორიდის შტატში. შემდეგ მათ ანაწილებდნენ სპეციალურად ორგანიზებულ ბანაკებში აშშ-ის 35 შტატში. იქიდან ბავშვებს ახალ ოჯახებში უშვებდნენ. ოპერაცია მხოლოდ კარიბის კრიზისის დროს დასრულდა, როდესაც ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.

ფიდელ კასტრომ ოპერაცია „პიტერ პენს“ ცინიკური ხრიკი უწოდა, რომელიც ამერიკელი პროპაგანდისტების მიერ იყო ორგანიზებული. მან სტატიაც კი დაწერა ამასთან დაკავშირებით და ასე დაასათაურა – „გებელსის შესაშურად“. აშშ-ის არქივში დღემდე ათასობით გასაიდუმლოებული საბუთი ინახება, რომელიც ამ ევაკუაციას უკავშირდება.
ბავშვების ქვეყნიდან გაყვანა პრესაში არ შუქდებოდა, მის შესახებ მაიამის მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა იცოდა, რომლებმაც კუბელი ბავშვები იშვილეს. რა ბედი ეწიათ ამ ბავშვებს შემდეგ?  ზოგი აშშ-ში დარჩა და ნამდვილი მშობლები დაივიწყა, ზოგი სამშობლოში დაბრუნდა, როგორც კი სრულწლოვანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები