საბერძნეთის პროკურატურამ ე.წ. ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის „კონტრაქტების“ შესრულებისთვის ორ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, საქმეში, სავარაუდოდ, შვიდი პირია ჩართული, მათგან ერთ-ერთი მონტენეგროში დააკავეს.
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, მათ დაადგინეს შვიდი ეჭვმიტანილი იანის სკაფტუროსისა (2022 წელს) და ვასილის რუბეტის (2023 წელს) მკვლელობის საქმეზე, რომლებიც ე.წ. ბერძნული მაფიის წამყვანი წევრები იყვნენ.
შვიდს შორის არის ორი ეთნიკური ბერძენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც 17 იანვარს დააკავეს და პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. ამასთან, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს ლარისაში.
გარდა ამისა, დაკავების ორდერია გაცემული უცხოეთში გაქცეულ კიდევ ორ პირზე, რომლებიც საქართველოდან და უზბეკეთიდან არიან. კიდევ ერთი ადამიანი საბერძნეთში იძებნება.