“წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის როცა გახდებოდა აითაჯი, მაშინ დაქორწინდებოდნენ” – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის და

უსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედის და ბიძის პროცესი გრძელდება.

პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, ასევე, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის დები დაკითხეს.

მკვლელობაში ბრალდებულის დამ, სოილ სადიკოვამ განაცხადა, რომ მის ძმას აითაჯი ძალიან მოსწონდა და ამიტომ შეირთო ცოლად.

“ჩემმა ძმამ მითხრა, რომ არსებობს ასეთი გოგო – აითაჯი, რომელიც ძალიან მომწონსო და ვიყიდოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ნიშნობისთვისო. ნიშნობისთვის ყველაფერი ჩემს ძმას უკვე ნაყიდი ჰქონდა. ნიშნობაში მე, ბიძაჩემი, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები წავედით, იქ რომ მივედი, ადგილზე ბევრი ხალხი დაგხვდა, ოჯახიდან მხოლოდ დედა ვიცანი. წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის როცა გახდებოდა აითაჯი, მაშინ დაქორწინდებოდნენ, თუ 18 წლამდე ვერ შეთანხმებოდნენ დაშორებაც შეეძლოთ. მე აითაჯი იქ პირველად ვნახე, მანამდე არ ვიცნობდი”, – აცხადებს სოილი.

ბრალდებულის დების ჩვენების მიცემის დროს აითაჯის დედამ სასამართლოზევე განაცხადა, რომ დები სიმართლეს არ ამბობდნენ.

“სიმართლეს რატომ არ ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე მისი ძმა არის. ჩვენი წესების მიხედვით, დანიშვნის მიუხედავად, 18 წლის სანამ არ გახდება გოგო, მას არ აქვს ვალდებულება სადმე იაროს ბიჭთან ერთად. მე ამას სულ ვუშლიდი აითაჯს,” – ამბობს აითაჯის დედა.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები