რანავალუნა – მადაგასკარის დედოფალი, რომელმაც მოსახლეობის ნახევარი ამოხოცა

ისტორიამ ბევრი სასტიკი დედოფალი იცის, რომელიც უყოყმანოდ უმკლავდებოდა მტრებს ან, უბრალოდ, მისთვის არასასურველ ადამიანებს, მაგრამ მათ შორისაც არიან პიროვნებები, რომლებსაც შეიძლება ნამდვილი მონსტრები ეწოდოს. მადაგასკარის დედოფალი რანავალუნა დაუნდობელი იყო როგორც მისი სახელმწიფოს მტრების, ისე ქვეშევრდომების მიმართ. მისი მმართველობის წლებში ქვეყნის მოსახლეობა 5-დან 2,5 მილიონამდე შემცირდა, რადგან მმართველი არავის სწყალობდა.

მადაგასკარი დიდი კუნძულია, რომელსაც უნიკალური ბუნება აქვს და მის სიღრმეში აურაცხელი სიმდიდრეა. რა თქმა უნდა, კოლონიალისტებისთვის ის ყოველთვის გემრიელი ლუკმას წარმოადგენდა, თუმცა პრობლემა ის გახლდათ, რომ კუნძულის კლიმატი არც თუ ისე ხელსაყრელი იყო და ადგილობრივ მოსახლეობასაც არ უყვარდა უცხო ადამიანები.

ანდრიანამპუანიმერინა

მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა მოგზაურმა, დიეგო დიასმა 1500 წელს მადაგასკარი აღმოაჩინა, მაშინვე დაიწყო მისი კოლონიზაციის მცდელობები. ბრიტანელები და ფრანგები ცდილობდნენ, კუნძული აყვავებულ კოლონიად ექციათ, მაგრამ მებრძოლმა ადგილობრივებმა და ამასთანავე, მალარიამ კოლონისტებს საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეუშალათ.

მე-18 საუკუნის ბოლოს მათ მოაწყვეს საკუთარი სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ედგა მეფე, სახელით – ანდრიანამპუანიმერინა. მას ჰყავდა ვაჟი რადამა. მონარქი კოლონიალისტებთან ურთიერთობდა, რაც ბევრს არ მოსწონდა, ამიტომაც ერთ დღეს მმართველის ნათესავმა მისი ჩამოგდება გადაწყვიტა.

უბრალო გლეხმა შემთხვევით შეიტყო შეთქმულების შესახებ, სასახლისკენ გაეშურა და ანდრიანამპუანიმერინა გააფრთხილა. აჯანყება დროულად ჩაახშეს და მეფემ მადლიერების ნიშნად გლეხის ქალიშვილი სასახლეში წაიყვანა. ის ნამდვილი ლამაზმანი იყო და, როგორც ზღაპარში, ცოლად გაჰყვა პრინც რადამს. მემკვიდრის მეუღლეს რანავალუნა დაარქვეს.

როდესაც რადამი გამეფდა, მან განაგრძო მამის პროევროპული რეფორმები. 1857 წელს საფრანგეთთან დაიდო საიდუმლო შეთანხმება, რომელიც შემდგომში აყალიბებდა საფრანგეთის პროტექტორატს მადაგასკარზე. მალე მადაგასკარში სკოლები და ქრისტიანული ეკლესიები გამოჩნდა. მეფე აღფრთოვანებული იყო სიახლეებით, რასაც დედოფალზე ვერ ვიტყვით. რანავალუნა აღმოჩნდა ტრადიციონალისტების მხარდამჭერი, რომლებსაც არ სურდათ კუნძულზე თეთრკანიანი ხალხის ნახვა.

Bigpicture.ru მეფე რადამ I
მეფე რადამ I

ქმრის ჩრდილში ყოფნისას ქალმა სერიოზული კავშირები და მრავალი მხარდამჭერი შეიძინა, მაგრამ მან ვერ შეძლო ქმრისთვის მემკვიდრის მიცემა, ამიტომ ტახტის შემდეგი კანდიდატი მეფის ძმისშვილი იყო. როდესაც რადამი მოულოდნელად გარდაიცვალა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა – რანავალუნამ, მხარდამჭერებზე დაყრდნობით, თავი სამეფოს მმართველად გამოაცხადა.

Bigpicture.ru რანავალუნა - გლეხის დედოფალი, რომელმაც მოკლა თავისი ქვეშევრდომების ნახევარი1200
დედოფალი რანავალუნა

დედოფალი თავის მხლებლებთან ერთად სასახლეში გამაგრდა. მან განაცხადა, რომ მზად იყო, უკომპრომისოდ ებრძოლა კოლონიალისტებთან და აეშენებინა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ხალხმა მხარი დაუჭირა მას. პირველყოვლისა, რანავალუნამ დაიწყო მტრების და იმ ადამიანების მოშორება, რომლებსაც მისი მმართველობისთვის რაიმე საფრთხის შექმნა შეეძლოთ.  მისი ბრძანებით, ყველა, ვისაც შეეძლო ტახტზე პრეტენზია გამოეთქვა, მოკლეს, ხოლო მათი ნათესავები დააპატიმრეს.

დედოფალი კოლონიალისტებს დაუპირისპირდა. მან შეწყვიტა ევროპელებთან ყველა შეთანხმება, ასევე დახურა სკოლები და ეკლესიები. უცხოელებს, რომლებსაც გაქცევის დრო არ ჰქონდათ, რანავალუნას ჯარისკაცებმა თავი მოჰკვეთეს.

ყველაზე საშინელი ბედი ქრისტიან მისიონერებს ელოდათ – ისინი ცოცხლად დამარხეს, კოცონზე დაწვეს ან გაატყავეს. „უცხო მტრების“ განადგურების შემდეგ რანავალუნა თანამემამულეებზე გადაერთო. მან დაიწყო იმათი დასჯა, ვინც ევროპელების ერთგულებაში იყვნენ ეჭვმიტანილები. დედოფალმა ისინი ოჯახებიანად ამოწყვიტა. რანავალუნას ბრძანებით, ადამიანებს სრულიად გაუგებარი მიზეზებით ხოცავდნენ. მაგალითად, ერთი კაცი წამებით მოკლეს იმის გამო, რომ მმართველს ის დაესიზმრა. დედოფლის მმართველობის 33 წლის განმავლობაში მადაგასკარის მოსახლეობა 5-დან 2,5 მილიონ ადამიანამდე შემცირდა.

რანავალუნამ 79 წელი იცოცხლა და სიბერით გარდაიცვალა ძილში. 1861 წელს დედოფლის გარდაცვალება ხალხმა ნამდვილ უბედურებად აღიქვა. მის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა – ხალხი ტიროდა. სისხლიანი დედოფლის გამოსამშვიდობებელი ცერემონიაც კი ტრაგედიად იქცა. ქუჩაში დენთის კასრი აფეთქდა, რომელიც როგორ მოხვდა იქ, არავინ იცის. აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით მძიმედ დაშავდა.

Bigpicture.ru მადაგასკარის მონარქების რეზიდენცია
მადაგასკარის მონარქების რეზიდენცია

მიუხედავად ყველაფრისა, რანავალუნას გლოვა 10 თვეს გაგრძელდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მის პატივსაცემად მღეროდნენ სამგლოვიარო სიმღერებს, ტიროდნენ და ცხოველებს სწირავდნენ. დღეს ძნელი წარმოსადგენია, რომ მადაგასკარს ასეთი სისხლიანი ისტორია აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები