ვახტანგ ძაბირაძე: 2024 წლის არჩევნებში ყველაფერია მოსალოდნელი, მიუხედავად ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობისა
“2024 წლის არჩევნებში ყველაფერია მოსალოდნელი, მიუხედავად ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობისა”, -ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ყველაფერი სწორ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
“თუ ოპოზიციურ ფლანგზე მოხდა მნიშვნელოვანი გადაჯგუფებები, მაშინ შესაძლოა “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა მართლაც დაკარგოს. ასეთ შემთხვევაში ივანიშვილს დასჭირდება გარანტიები, რასაც პოლიტიკური პოზიციიდან უფრო ადვილად მოითხოვს, თუ არჩევნებში დამარცხებას აღიარებს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დასჭირდება ივანიშვილს. თუ აღმოაჩენს, რომ საარჩევნოდ სჭირდება ამომრჩევლის ყურადღების კორუფციასთან ბრძოლისკენ მიმართვა, მაშინ ძალიან ცუდი დღე დაუდგება ხელისუფლების დღევანდელ გარემოცვას. ვფიქრობ, ეს იქნება პირდაპირი დარტყმები მთავრობის არაერთ წევრზე. თუ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ივანიშვილმა გუნდი მთლიანად ჩაანაცვლოს. ასე რომ, ის ცვლილებებს დაიწყებს იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება კონკრეტული მომენტისთვის. დღესდღეობით ამის აუცილებლობა არა აქვს, უფრო გაზაფხულზე გამოჩნდება, დასჭირდება თუ არა ვინმეს გაწირვა. აქვე ვიტყვი ბარემ – როგორც კი ოპოზიციაში გაჩნდება 2-3 ჯგუფი, რომელთაც გარანტირებულად ექნებათ 5%-იანი ბარიერის დაძლევის საშუალება, მაშინ “ქართული ოცნება” იფიქრებს, რომ ბარიერი დასწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს… ჩვენი დასავლელი პარტნიორები ფრთხილად უყურებენ ივანიშვილის დაბრუნებას და ცდილობენ მეტი პოზიტივი დაინახონ მომხდარში. იმედოვნებენ, რომ ამან შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოს პროცესი. პირადად მე ამგვარ ოპტიმიზმს, სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებ. გარდა ამისა, აქამდეც საბოლოოდ მასთან ლაპარაკობდნენ, ნებისმიერი სერიოზული თემის გადაჭრისას მაინც ივანიშვილს ხვდებოდნენ. ამიტომ ურჩევნიათ ოფიციალურად წარიმართოს პოლიტიკური პროცესი. მათაც კარგად იციან, რომ საქართველოში საკვანძო საკითხების გადაწყვეტა ივანიშვილის გარეშე არ ხდებოდა. ამიტომ ურჩევნიათ ივანიშვილთან უკვე ლეგალურად ჰქონდეთ საქმე.
რაც შეეხება დანიის ელჩის სტატიას, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ოლიგარქია. არც ივანიშვილის პარტია და “ოცნების” მოკავშირეები დაუპირისპირდნენ პარტნიორი ქვეყნის ელჩს პირველად. ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება ძალიან აღიზიანებს ამ გუნდს და გამოთქმებში კორექტული არასდროს ყოფილან. გაიხსენეთ, შარშან რა ხდებოდა, ვიდრე არ დარწმუნდნენ, რომ საქართველო სტატუსს მიიღებდა. არ გამოვრიცხავ, დასავლეთის საწინააღმდეგო პროპაგანდა კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ვეჭვობ ჯერ ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება მიიღოს ივანიშვილმა და მწვავე ანტიდასავლური კამპანია გააჩაღოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ელექტორატის განწყობა. დღეს “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ფიქრობენ ერთ რამეს, როგორ დაალაგონ ვითარება ისე, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ. გამარჯვებაში ვგულისხმობ უმრავლესობით, 76 დეპუტატით მოსვლას პარლამენტში. ამასთანავე, არ არის გამოკვეთილი, რა იქნება უკრაინაში, როგორ წავა საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში…
გახარიას კრიტიკა კი იმდენად გაამძაფრეს, რომ ეს ეჭვს ბადებს. ვინ შეიძლება იყოს გახარიას ამომრჩეველი? “ქართული ოცნებიდან” წასული ელექტორატისა და ნეიტრალური ამომრჩევლის ნაწილი. ასეთ ვითარებაში გახარიამ კარგი ტაქტიკა აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბევრგან შექმნა ალიანსი, მაინც ვერ შეძლო “ქართულმა ოცნებამ” მისი “ნაციონალებთან” დაკავშირება. ამის გათვალისწინებით ოპოზიციაში “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ ყველაზე მაღალი რეიტინგი მას აქვს, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ უკვე გარანტირებულად აქვს 5%-იანი მხარდაჭერა. მე ვერაფერს ვიტყვი მის ივანიშვილთან კავშირზე, მაგრამ თუ არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა დადგება დღის წესრიგში, “ქართული ოცნება” გახარიასთან უფრო შეეცდება შეთანხმებას, ვიდრე, მაგალითად, “ლელოსთან”. პოტენციურად მელიას აქვს შესაძლებლობა 5%-იანი ბარიერი უპრობლემოდ გადალახოს. მას უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე გახარიას. თუ მოახერხა გაერთიანება ხოშტარია-ჯაფარიძესთან და ამასთანავე საპარლამენტო ჯგუფიდან ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის დამატება, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გუნდი შეიქნება. თუ ისეთ სვლასაც გააკეთებს მელია, რომ თვითონ მეორე პლანზე გადავა და სხვა ლიდერი ეყოლება პარტიას, მაგალითად, ხატია დეკანოიძე, ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერ მხარდაჭერას მიიღებს. მოკლედ, ყველაფერი სწორ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება “ლელოს”, ეს პარტია ან ძალიან ჩქარობს, ან იგვიანებს. არ ვიცი, ვინ, რას და როგორ განსაზღვრავს პარტიაში, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, რომ ხაზარაძე გადასულიყო უკანა პლანზე და ლიდერობა სხვისთვის დაეთმო. მიმაჩნია, რომ “ლელომ” აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს ანა დოლიძისა და ელისაშვილის პარტიებთან. ეს უნდა მოახერხონ, თუ სურთ სერიოზული ჯგუფი შექმნან”, – აცხადებს ძაბირაძე.