როგორ დაეხმარა ბანქო ჯარისკაცებს ნაცისტების ტყვეობიდან თავის დაღწევაში
მეორე მსოფლიო ომი ცნობილია არა მხოლოდ მსხვერპლის, არამედ ორივე მხარის ტყვეთა დიდი რაოდენობით. რა თქმა უნდა, ტყვეობაში მყოფი ნებისმიერი ჯარისკაცის ოცნება გაქცევაა. ჯარისკაცები და ოფიცრები დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან ციხეს ზოგჯერ ბანქოს გამოყენებით აღწევდნენ თავს.
მე-20 საუკუნეში სხვადასხვა ქვეყნის ჯარებში ბანქოს დიდად არ სწყალობდნენ, რადგან ეს აზარტული თამაში სამხედრო დისციპლინისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. პატიმრების შემთხვევაში კი, საქმე სულ სხვაგვარად იყო – მათთვის ბანქო ერთფეროვანი, რთული დღეების გადასატანად საჭირო თავშესაქცევი გახლდათ. თუმცა, ეს ყოველთვის არ იყო მხოლოდ გართობა. „გაქცევის ბარათები“, რომლებიც გარეგნულად არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ბანქოსგან, დაეხმარა სამხედროებს ნაცისტების ტყვეობიდან თავის დაღწევაში დაეხმარა.
კოლდიცის ციხე, რომელიც საქსონიის ციცაბო კლდეზე მდებარეობდა, იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც 1944 წელს მაღალი რანგის ბრიტანელი და ამერიკელი პატიმრები იმყოფებოდნენ. ციტადელში არსებული პირობები სასურველი არ იყო, თუმცა, სხვებთან შედარებით, საკმაოდ ასატანი გახლდათ. პატიმრებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება ციხის კედლებში. დაშვებული იყო ამანათების მიღებაც. თუმცა, ამ ციხიდან გაქცევა მაინც ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნებოდა – ის არა მხოლოდ კარგად იყო დაცული, არამედ ადგილმდებარეობაც გაქცევისთვის ძალიან შეუფერებელი ჰქონდა.
გერმანელები საფოსტო ნივთებს მხოლოდ წითელი ჯვრიდან, დღესასწაულებზე იღებდნენ. თითოეულ ამანათს საგულდაგულოდ ამოწმებდა ციხის დაცვა. ისინი ეძებდნენ იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, დაშიფრულ შეტყობინებებს და, რაღა თქმა უნდა, ტერიტორიის რუკებს. მათ გარეშე, ციხის კედლებიდან გაქცევა შეუძლებელი იყო.
თამბაქოსა და მედიკამენტებს შორის, ამანათებში თითქმის ყოველთვის იყო ბანქო. მათ ასევე უტარდებოდათ გამოკვლევა, მაგრამ უჩვეულო არაფერი ჩანდა.
იდეა, რომელზეც მოგიყვებით, ბრიტანეთის დაზვერვის თანამშრომლებს ეკუთვნოდათ, ხორცი კი ამ იდეას ამერიკულმა კომპანიამ, United States Playing Card Company-მ შეასხა.
თითოეული ბარათი შედგებოდა ორი ფენისგან, რომელიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ქაღალდის ფენის შიდა გვერდებზე დაიბეჭდა ტერიტორიის რუკების ფრაგმენტები. ის, ასევე, შეიცავდა გაქცეულთათვის სასარგებლო სხვა ინფორმაციას მიმდებარე ტერიტორიის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად, ბარათები უნდა დასველებულიყო და ფენებად დაყოფილიყო. შემდეგ მიღებული ფრაგმენტები თანმიმდევრობით უნდა დაგელაგებინა და სრული რუკაც თვალწინ გადაიშლებოდა.
საერთო სურათი შედგებოდა 48 ინდივიდუალური სათამაშო კარტისაგან. 4 ტუზზე განთავსებული იყო დამატებითი მონაცემები გზების, მდინარეების და ხიდების შესახებ. ასევე, აღწერილი იყო სამალავი ადგილები, სადაც დაზვერვის აგენტები მალავდნენ გერმანულ ფორმას, საკვებს და იარაღს გაქცევის შემთხვევაში.
სათამაშო ბანქოს იდეა საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამ ხრიკის წყალობით, მხოლოდ ერთ წელიწადში 32 პატიმარი გაიქცა. საერთო ჯამში, ნაცისტებისგან გაქცეულთა რიცხვმა სამას ადამიანს მიაღწია.