“თქვეს, მძინარე ცოლი დანით დაჭრაო – 4 თვის ბავშვი ჰყავთ” – თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, ვარკეთილში გიორგი კავლელაშვილის მიერ 27 წლის ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მეზობლები ამბობენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა.

მათივე თქმით, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ბავშვი და კავლელაშვილის მამაც.

“თქვეს, მძინარე ცოლი დანით დაჭრაო. ბავშვიც სახლში იყოო. ბავშვი რაც შეეძინათ, თუ არ ვცდები, დმანისში იყვნენ. როგორც ვიცი, ახალი ჩამოსულები არიან. ორსული როცა იყო, ეზოში ერთად სეირნობდნენ – არაფერი ცუდი არ გაგვიგია. მამას ალბათ ეძინა და არაფერი გაუგია”, – აცხადებს მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ მათთვის უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი.

“თუ რამე უსიამოვნება იყო იმ ოჯახში, არც ვიცოდით. ამბობენ, რომ 4 თვის ჩვილი ჰყავთ. ცოლ-ქმარი, ბავშვი და მამამთილი ცხოვრობდნენ”, – ამბობს მეზობელი.

ცნობისთვის, თბილისში მამაკაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა ქალი ინგოროყვას კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად სვამდა და სავარაუდოდ მომხდარის დროსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. 30 წლის კაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებაც მიიყენა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები