„საკუთარ თავს დღესაც კრიტიკულად ვაფასებ და ვცდილობ, სხვადასხვა შთაგონების წყარო ვიპოვო ახალი იდეებისათვის“ – ქართველი პიანისტი, რომელიც ფრანკფურტის მერიის მიერ მინიჭებული პრემიის მფლობელია

ფოტო: მიშა ბლანკი
ფოტო: მიშა ბლანკი

„საკუთარ თავს დღესაც კრიტიკულად ვაფასებ და ვცდილობ, სხვადასხვა შთაგონების წყარო ვიპოვო ახალი იდეებისთვის“ – ქართველი პიანისტი, რომელიც ფრანკფურტის მერიის მიერ მინიჭებული პრემიის მფლობელია.
გერმანიის პერიოდმა ახალი სამყარო გადაშალა:
წარჩინებით დაამთავრა ფრანკფურტისა და ვაიმარის მუსიკალური უნივერსიტეტების ასპირანტურა. ამბობს, რომ გერმანიაში სწავლის პერიოდი მნიშვნელოვანი იყო, რადგან საფორტეპიანო შესრულების ევროპულ, ისტორიული ინტერპრეტაციის პრაქტიკას ეზიარა, დიდი მასშტაბის მუშაობა გასწია საკუთარ თავთან და საბოლოოდ ჩამოუყალიბდა ინდივიდუალური სტილი და მიმართულება, რომელიც ქართული და დასავლეთევროპული მუსიკალური ტრადიციების სინთეზია.

როგორც ცნობილი პიანისტი, კონცერტებს მართავს ევროპის დიდ მუსიკალურ დარბაზებში და მისი ჩანაწერები მსოფლიოს მრავალი კულტურის რადიოს ეთერში გადაიცემა.
გამოსცა 6 სოლო ალბომი, 2011 წელს გამოცემული დისკი კი, უკრაინელი კომპოზიტორის, ნიკოლაი კაპუსტინის ნაწარმოებებით, დღემდე NAXOS-ის ბესტსელერის სიაშია.
დღეს, წარმატებული ქართველი პიანისტის საკონცერტო გამოსვლებს გერმანული პრესა ასე აფასებს: „მისი კონცერტი საფორტეპიანო სპექტაკლად იქცა, სადაც მაყურებელს სუნთქვა ეკვრის“(Frankfurter Rundschau); „ქართველი პიანისტის კონცერტი გადაიქცა უმაღლესი ხელოვნების მოვლენად, ისე მოციური და ბრწყინვალეა“ (Zeitung Furs Dresdener Land) ; „მისი თითებიდან მარგალიტები იბნევა” (Frankfurter Allgemeine), „ფანტასტიკური შესრულება“ (klassik.com).
მიღებული აქვს: საფრანგეთის საპატიო ლეგიონის პრემია და მედალი, დარმშტადტის შოპენის საერთაშორისო კონკურსისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მიერ დაწესებული ბრუნოჰეკის პრემიის ლაურეატია. აგრეთვე ფრანკფურტის მერიისგან მინიჭებული აქვს პრემია -„გამორჩეული პიროვნება – უცხოური წარმომავლობით”.
ამავდროულად, იგი ფრანკფურტის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტის დოცენტია. ასწავლის ასევე ციურიხის კალაიდოს მუსიკალურ უნივერსიტეტში და მასტერკლასებს ატარებს სანკტ გოარის საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიაში.- პიანისტ ეკატერინე გორდელაძის პერსონა.

მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან და ოჯახიდან დაიწყო
– ჩვენს ოჯახში, თბილისში, ძალიან ადრეული ასაკიდან ვეზიარე კლასიკურ მუსიკას. ჩემს მშობლებს  ძალიან კარგი ფირფიტების კოლექცია ჰქონდათ,  ვისმენდი ინტენსიურად.  ამის გარდა, მათ მუსიკალური სკოლის განათლება ჰქონდათ მიღებული ფორტეპიანოს განხრით.  მამა პროფესიით არქიტექტორი იყო, სახლში როიალი გვედგა და ჩემი მშობლები ხშირად უკრავდნენ ინსტრუმენტზე მოყვარულის დონეზე.
5 წლის ვიყავი, როცა ფირფიტებზე მოსმენილი ნაწარმოებების ფორტეპიანოზე სმენით დაკვრა დავიწყე და ასევე ძალიან მიყვარდა სიმღერა.
ჩემი აბსოლუტური სმენა ძალიან მალე გახდა შესამჩნევი და 6 წლიდან ნიჭიერთა ათწლედში, პროფ. ნელი გაჩეჩილაძის კლასში, დავიწყე სწავლა. 7 წლისას პირველი საჯარო გამოსვლა მქონდა სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რ. ტაკიძის დირიჟორობით, სადაც ჰაიდნის კონცერტი შევასრულე, 10 წლისამ ბეთჰოვენის მესამე კონცერტი შევასრულე ამავე ორკესტრთან ერთად,   11 წლისამ კი პირველი სოლო კონცერტი გავმართე თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში.  ასე დაიწყო მუსიკის  დიდი სიყვარული.
თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიასა და ასპირანტურაში სწავლობდით… 
– თბილისის  კონსერვატორია დავამთავრე არაჩვეულებრივი მუსიკოსის, პროფ. ნოდარ გაბუნიას კლასში. ეს იყო 90-ნი წლების თბილისი: უშუქობა, სიცივე, გაყინული ხელებით დაკვრა, უტრანსპორტობა, მაგრამ  ამის მიუხედავად, კონსერვატორიაში დიდი ენთუზიაზმით ტარდებოდა ლექციები გაყინულ აუდიტორიებში, სადაც პალტოებით ვისხედით. სწავლების დონე  ძალიან მაღალი იყო და, ასეთი სირთულეების მიუხედავად, აბსოლუტურად არ შეიმჩნეოდა დონის ვარდნა,  რომელიც იყო გარშემო.

ფოტო: მიშა ბლანკი

ნოდარ გაბუნიას კლასში  ათი სტუდენტი ვიყავით. მას ასეთი მეთოდი ჰქონდა – ფორტეპიანოს გაკვეთილებს ინდივიდუალურად  კი არ ატარებდა, არამედ მოითხოვდა, რომ მთელი კლასის სტუდენტები დავსწრებულიყავით.
ვუსმენდით ერთმანეთს, გავდიოდით მასთან ერთად საფორტეპიანო ხელოვნების გრანდიოზულ ნაწარმოებებს.  ეს პერიოდი ხელოვნების დიდი სიყვარულით იყო  გამსჭვალული, ცნობისმოყვარე, ინტენსიური, ჯანსაღი კონკურენციით შექმნილი შემოქმედებითი  ატმოსფერო, სადაც ნოდარ გაბუნია თავისი უკიდეგანო ცოდნისა და განათლების ფეიერვერკს აფრქვევდა. მან უდავოდ დიდი როლი შეასრულა, ჩემი, როგორც პიანისტის განვითარებასა და საკუთარი ხელწერის პოვნაში. ჩვენი კლასის კონცერტები ზეიმი იყო მაშინდელი თბილისის ცხოვრებაში. ადგილი აღარ იყო, მსმენელი სცენაზე იჯდა.
მახსენდება ასევე ერთ-ერთი ჩემი სოლო კონცერტი სტუდენტობის პერიოდში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, სადაც კონცერტის დროს შუქი ჩაქრა, სანთლებიც არ გვქონდა მომზადებული, როგორც იმ დროს მიღებული იყო. მაინც გავაგრძელე დაკვრა და სიბნელეში დავამთავრე კონცერტი.
როცა ამ ფაქტის შესახებ 2020 წელს  ფრანკფურტის ყველაზე დიდ გაზეთს – „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგს“  ერთ-ერთ  ვრცელ ინტერვიუში ვუამბე, გაზეთმა სათაური სტატიას სწორედ ამ მოვლენის შესაბამისად შეურჩია – „საფორტეპიანო საღამო სიბნელეში დამთავრდა”.

ინტერვიუ გაზეთ FAZ-ში – „საფორტეპიანო საღამო სიბნელეში დამთავრდა“

ბიოენერგოთერაპევტ მაგული გორდელაძის შვილი ხართ. შესაბამისადდედის  გერმანიაში სამუშაო კონტრაქტით გამგზავრებასთან  ერთად, თქვენც მოგიწიათ წასვლა. ფრანკფურტისა და ვაიმარის მუსიკალური უნივერსიტეტები დაამთავრეთ…  პირველი წარმატება
– გერმანიაში ემიგრაციაში გამგზავრება მე და დედამ ერთად გადავწყვიტეთ. მან სამუშაო კონტრაქტი მიიღო ფრანკფურტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, მრავალპროფილიან კლინიკაში და მე ცოდნის გაღრმავება გადავწყვიტე.  გერმანიაში ჩემი მთელი სწავლის მანძილზე ვიყავი კონრად ადენაუერის ნიჭიერთა დაფინანსების ფონდის სტიპენდიატი.
მოგვიანებით წარჩინებით დავამთავრე ფრანკფურტის და ვაიმარის მუსიკალური უნივერსიტეტების ასპირანტურა.
ყოველთვის მინდოდა გერმანიაში სწავლის გაგრძელება, რადგან გერმანია სწორედ ის ქვეყანაა, საიდანაც ჩემი ეტალონი, ბუბმბერაზი კომპოზიტორები:  ბახი, ჰენდელი, ბეთჰოვენი, შუმანი, ბრამსი და ა.შ. არიან წარმოშობით. სწორედ მათი გენიალური ნაწარმოებებით ჩამოვყალიბდი,  როგორც პიანისტი. ამ წლებმა უაღრესად დიდი სასცენო გამოცდილება შემძინა, საფორტეპიანო შესრულების ევროპულ, ისტორიული ინტერპრეტაციის პრაქტიკას ვეზიარე, დიდი მასშტაბის მუშაობა გავწიე საკუთარ თავთან და საბოლოოდ ჩამომიყალიბდა ჩემი ინდივიდუალური სტილი და მიმართულება, რომელიც, ჩემი აზრით, ქართული და დასავლეთევროპული მუსიკალური ტრადიციების სინთეზია.

კონცერტი ბირკენფელდის სასახლეში (გერმანია)

ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარ  თავს დღესაც კრიტიკულად ვაფასებ, გამუდმებით შემოქმედებით ძიებაში ვარ და ვცდილობ,  სხვადასხვა შთაგონების წყარო ვიპოვო ახალი იდეებისათვის. დიდ ნაწილს ახალი პროგრამებისათვის ვირჩევ არასტანდარტულ, იშვიათად შესრულებულ რეპერტუარს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია, დიდი გამოწვევაა და საფუძვლიან კვლევას მოითხოვს.
მიღწეულით დაკმაყოფილება  ჩემს ბუნებას არ შეესაბამება და, ჩემი აზრით, ხელოვანის განვითარებასაც ეწინააღმდეგება.
გერმანიაში ჩამოსვლისთანავე, სწავლის პარალელურად, ჩემი საკონცერტო მოღვაწეობა პატარა მასშტაბის კონცერტებით, ე.წ. „სახლის კონცერტებით“ დაიწყო. მასპინძლები ხშირად მიწვევდნენ თავიანთ სახლებში, სადაც არაჩვეულებრივი ინსტრუმენტები იდგა. ასეთი ტიპის სალონური კონცერტები გერმანიაში ძველი ტრადიციაა, რომელსაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. ისინი ცდილობდნენ, რომ ჩემთვის უფრო დიდი კონცერტები მოეწყოთ, ამიტომ საკონცერტო აგენტებსა და მენეჯერებსაც პატიჟებდნენ. ამას მოგვიანებით უკვე დიდი დარბაზები და საჯარო კონცერტები მოჰყვა. შემდეგ შოპენის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გავხდი. ასე განვითარდა ჩემი შემოქმედებითი გზა.
–  გერმანიაში თქვენს ხელოვნებას მაღალ შეფასებას აძლევენ. სოლო კონცერტებს პრესტიჟულ დარბაზებში ატარებთ…  მათ შორის, საქველმოქმედო კონცერტებს საქართველოსათვის
– პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ხელოვნებას ევროპაში ასე აფასებენ. მსმენელის ყურადღებას და სიყვარულს აშკარად ვგრძნობ და მათგან ძალიან დადებით ემოციებს ვიღებ.
სოლო კონცერტებს გამოვყოფდი ისეთ დარბაზებში, როგორიცაა მიუნჰენის ფილარმონია (Philharmonie im Gasteig München); ფრანკფურტის რადიოსა და ტელევიზიის დიდი დარბაზი (HR Sendesaal Frankfurt); ვისბადენის კურჰაუზი (Kurhaus Wiesbaden); ჰამბურგის ლაეიცჰალე (Laeiszhalle Hamburg), ლისტის სალონი ვაიმარში (Liszt Salon Altenburg/Weimar); შოპენის სახლი პალმა დე მალორკაზე (Chopin Haus in Valdemossa/Mallorca). ლონდონის სანტ მარტინის ეკლესია (St.Martin-in-the-Fields London).

კონცერტი წმინდა მარტინის ეკლესიაში (ლონდონი)

ასევე აღვნიშნავ ჩემს სოლო კონცერტს კონრად ადენაუერის ვილაში, იტალიაში, კომოს ტბაზე პოლიტიკისა და ეკონომიკის ფორუმზე, რომელზედაც ყოველწლიურად იკრიბებიან ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ეკონომისტები.
მნიშვნელოვანი იყო ჩემი გამოსვლა ფესტივალზე – „The Next Generation III“ – დორტმუნდში, მევიოლინე დავიდ გარეტთან (David Garrett) ერთად.
როგორც სოლისტს, საკონცერტო გამოსვლები მქონდა: კობურგის ფილარმონიის (Philharmonischen Orchester Landestheater Coburg), მაინცის სახელმწიფო (Mainzer Staatsorchester), ფორცჰაიმის სამხრეთ-დასავლეთის კამერულ (Südwestdeutschen Kammerorchester Pforzheim), ახალგაზრდა ევროპის ფილარმონიის (Junge Europa Philharmonie), დორტმუნდის ფილარმონიის (Dortmunder Philharmoniker) ორკესტრებთან ერთად.აქვე
2015 წელს ფრანკფურტში ჩავატარე საქველმოქმედო კონცერტი საქართველოში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად, რომელიც ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს პატრონაჟით გაიმართა.  2017 წელს კი – ბად ჰომბურგის ტაძარში, სადაც საქველმოქმედო კონცერტით სოლიდური თანხა შეგროვდა თბილისის მეორე გიმნაზიის დასახმარებლად. ამ კონცერტის ორგანიზატორი ბად ჰომბურგში არსებული ქართულ-გერმანული საზოგადოება „თაუნუს-თბილისი” იყო.
გამოცემული მაქვს 6 სოლო ალბომი ისეთ ჩამწერ კომპანიებში, როგორიც არის: NAXOS, ARS MUSICI და BELLA MUSICA/Antes Edition. ამ კომპაქტ-დისკებს არაერთი პრემია მიენიჭათ და მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის რადიოს ეთერში გადაიცემა რეგულარულად.
ჩემი დისკი უკრაინელი კომპოზიტორის ნიკოლაი კაპუსტინის ნაწარმოებებით, რომელიც 2011 წელს გამოვიდა, დღემდე NAXOS-ის ბესტსელერის სიაშია.
   6 თვე გადის, რაც დედა გარდაიცვალააქტიურად გედგათ გვერდში…  ვიცი, დიდი დანაკლისია
– ეს იყო და არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი და დიდი დანაკლისი. ჩვენ არა მარტო ინტენსიური დედაშვილური ურთიერთობა გვაკავშირებდა, არამედ აგრეთვე ვიყავით საუკეთესო მეგობრები. ერთად წამოვედით ემიგრაციაში გერმანიაში, ერთად გადავლახეთ ყოველი დაბრკოლება და ერთად განვიცადეთ ყველა სიხარული და წარმატება. მან უდიდესი წვლილი შეიტანა  ჩემს, როგორც პიროვნების და ხელოვანის, ჩამოყალიბებაში.

დედასთან – მაგული გორდელაძესთან ერთად

დედა იყო ნამდვილად არაორდინარული პიროვნება. მან უამრავი პაციენტი განკურნა და დაეხმარა.  ამის გარდა, დედაჩემი გახლდათ საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი და ძალიან დიდი გულის პატრონი, რომლის კრედოც იყო ზოგადად ადამიანების დახმარება ყველა თვალსაზრისით. ეს მას დიდ ბედნიერებას ანიჭებდა.
იგი 10 წიგნის ავტორი იყო, რომლებიც გერმანიაში გამოიცა. ათივე წიგნი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკისა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის არქივებშია შეტანილი. 2000 წელს მიენიჭა საქართველოს უმაღლესი ჯილდო – ღირსების ორდენი არატრადიციული მეთოდებით ბავშვთა მკურნალობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოში, ქალთა საერთაშორისო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისთვის, საქველმოქმედო და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.ბ
ედნიერი ვარ, რომ მისი შვილობა მხვდა წილად.
ამჟამად რომელი კონცერტისთვის ემზადებით… რას გეგმავთ?
–  სულ მალე მიუნხენში, ებერსბერგის რენომირებული საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში, სოლო კონცერტს გავმართავ. დაგეგმილი მაქვს აგრეთვე კონცერტები მენდელსონის სახლში ლაიფციგში, ფესტივალის „ლაიფციგის საფორტეპიანო ზაფხულის” ფარგლებში, ფრანკფურტის ფესტებურგის ეკლესიაში, ტეგერნის ტბაზე ბავარიაში და ა.შ.
ჯილდოები…  ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია  საფრანგეთის საპატიო ლეგიონის პრემია და მედალიაო…  
– ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პრემიაა.  ამის გარდა დარმშტადის შოპენის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატობამ  გზა გამიხსნა ბევრ საკონცერტო დარბაზში.
ასევე აღვნიშნავ 2017 წელს მიღებულ პრემიას – „უცხოური წარმომავლობის გამორჩეული პიროვნება“ –  ჩემი ქალაქის, ფრანკფურტის მერიისაგან, სადაც უკვე 27 წელია ვცხოვრობ. ეს პრემია გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტანმაიერის პატრონაჟით გაიცემა და ჟიურის მიერ შერჩეულ რამდენიმე პიროვნებას ენიჭება ყოველწლიურად.

ფრანკფურტის მერის – პეტერ ფელდმანის მიერ პრემიის გადაცემა საზეიმო  ვითარებაში – 2017 წელი

პრემია საზეიმო ვითარებაში წმინდა პაულის ეკლესიაში (Paulskirche Frankfurt) ქალაქ ფრანკფურტის მერმა გადმომცა. ეს ეკლესია მხოლოდ მერიის ოფიციალური ღონისძიებებისათვის გამოიყენება და  გერმანიის დემოკრატიული მოძრაობის სიმბოლოდ ითვლება.
საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად, ფრანკფურტის მუსიკალურ უნივერსიტეტში ასწავლით… 
– პედაგოგიური მოღვაწეობა  ჩემთვის ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ ყოველ სტუდენტს ინდივიდუალურად მივუდგე, დიდ როლს ვანიჭებ იდეების გაცვლა-გამოცვლას თავისუფლად, მეგობრულ ატმოსფეროში და საბოლოოდ ვთანხმდებით ნაწარმოების ინტერპრეტაციაზე.
ფრანკფურტის გარდა ასევე ვასწავლი ციურიხის კალაიდოს მუსიკალურ უნივერსიტეტში და მასტერკლასებს ვატარებ სანკტ გოარის საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიაში (International St.Goar Music Academy).
მასტერკლასში მონაწილეობით ან ჩემს კლასში სწავლით დაინტერესებულ ქართველ სტუდენტებს, რა თქმა უნდა, მზად ვარ, გავესაუბრო და გავუწიო კონსულტაცია.
საქართველოში თუ ჩამოდიხართ ან აქ თუ აპირებთ კონცერტს?
– ჯერჯერობით ჩამოსვლა არ დამიგეგმავს, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, ჩემს ქვეყანაშიც ჩავატარო კონცერტი. იმედია, მომავალში დავგეგმავ და ჩამოვალ.
–  ოჯახი…
– ჩემი მეუღლე გერმანელია, პროფესიით ბიოლოგი. იგი, ბუნებრივია, ჩემი ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელია და ჩემ  გვერდით არის ყოველ კონცერტზე.
ახალ წელს სად შეხვდით?
– ოჯახში, ტრადიციულად ქართული კერძებით. ახალი წლის ღამეს მოვუსმინეთ აერდეს ღამის კონცერტს (ARD Nachtkonzert) რადიოში, სადაც სხვა ნაწარმოებებთან ერთად გერშვინის „ცისფერი რაფსოდიის“ ჩანაწერი გავიდა ჩემი შესრულებით გერმანიის ყველა კულტურის რადიოარხის ეთერში.

 ვებგვერდი: https://www.catherinegordeladze.de/?fbclid=IwAR2c9axUZA56V1-5uQLT_EHlQEZLE3eZqbx90RpcSTYtwLFBaYw_WtaZ-Mk

                                                                                                       

                                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები