როცა ბონბონერი ისევ მეპატრონეს მიუბრუნდა – გურამ მეგრელიშვილის საახალწლო ისტორია
90-იანებში ვისაც ცნობიერება ჩამოყალიბებული ჰქონდა, ეცოდინება, რა ფენომენი იყო ახალ წელს “ბონბონერით” სტუმრად მისვლა.
ერთი ძველი ნაცნობი მყავდა, ძველებურ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი კაცი, მოცეკვავე, მგონი სუხიშვილებში ცეკვავდა (ან როგორც მაშინ იყო, ყველა მოცეკვავე სუხიშვილების გვეგონა). იმ დროს პირველი იყო, ვინც ევროპის კარი შეაღო და მას ჩამოჰქონდა ხოლმე საუკეთესო ტანსაცმელი, ტკბილეული და აუდიოკასეტები.
ერთ ახალ წელსაც, 94-95 წელი იქნება, სტუმრად ვარ ამ ძველთბილისურ უბანში ჩემ უფროს მეგობართან. ძირითადად სხედან მოძველბიჭო მასტები, ჯიბგირები, “პუწიოვები” და იარაღის მოჟღარუნე 25-30 წლის მამაკაცები.
მოვიდა ეს მოცეკვავეც, მოიტანა გერმანიიდან ჩამოტანილი ბონბონერი. როგორც კაი ღირსშესანიშნაობა, სუფრის წევრებმა დაათვალიერეს და ყველამ თავის აზრი გამოთქვა. მაინც რა არის ეს ევროპული ხარისხიო (გარეგნული შეფასება), იყო გახსნის მცდელობებიც (განსაკუთრებით ერთი ტიპისგან, მიშკასგან), მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და გერმანულმა ბომბონერმაც “სტენკის” თაროზე დაიდო ბინა.
ქეიფი რომ გადახურდება და ვინ სტუმარია, ვინ მასპინძელი, რომ ვეღარ არჩევ, მაგ დროს გადაწყდა, რომ სუფრის წევრები მისულიყვნენ ერთ საერთო ნაცნობთან, რომლის ცოლსაც სტუმრების მიღება დიდად არ უყვარდა და რაკი “ბედობა” დამდგარიყო, იქნებ დავაბედოთ მის სახლშიც ჟრიამულიო.
მეტ-ნაკლებად ფხიზლად მყოფი ხალხი ავიშალეთ და გავედით. ქუჩაში აზრი გამოვთქვი, ახლა, ღამის 2 საათზე მაღაზიას სად ვნახავთ ღიას და ხელცარიელი როგორ მივიდეთ-მეთქი.
გამაგზავნეს სახლში, მიდი და რამე “ბამბანერკა” იქნება და წამოიღეო, შამპანურიც წამოაყოლეო.
მივტრიალდი სახლში და გაუხსნელი ვერაფერი ვიპოვე ამ გერმანული ბონბონერის გარდა. სასმელიც არ იყო, ამიტომ ამოვიდე იღლიაში ბონბონერი და წავედით. მივადექით და ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებულები დაგვხვდნენ, ან რატომ უნდა გახარებოდათ, სიმბოლურად შევლაგდით, თითო ჭიქა ავწიეთ და ეს ბონბონერიც დავუდეთ მაგიდაზე. მიშკას აქაც ჰქონდა გახსნის მცდელობა, მაგრამ დიასახლისმა დროულად ააცალა ცხვირწინიდან და შაქარღვინოს დავჯერდით.
უკან მალევე გამობრუნებულებმა კაცებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, ეს რა დახვედრა იყოო, ჩვენი ძმა ცოტა ცოლის გავლენის ქვეშაა და შენიშვნა უნდა მივცეთ ხვალო და ეგეთები. მიდის ქუჩაში მსჯელობა და დისკუსია. მიშკა განსაკუთრებით ცქმუტავდა და ავალ ზევით, ჩემ სათქმელს ვეტყვი და დავბრუნდებიო. აქეთ-იქით, არ გაუშვა, ჩხუბი არ მოხდეს და ეგეთებია და ბოლოს გამაყოლეს მე და ავედით მესამე თუ მეოთხეზე. კარი იმ ცოლმა გაგვიღო, ცოტა ცივად რომ დაგვხვდა ცოტა ხნის წინ, მიშკამ გაწია გვერდით, შევიდა ბინაში. შევყევი მეც.
იძახის მასპინძლის სახელს. გამოვიდა ის ტიპი. მიშკა ეუბნება: ჩემი ძმა რომ ხარ, ამიტომ გეუბნები, არ იქცევი სწორადო. ხვალ, ფხიზელზე უფრო დასტონათ გეტყვი რა როგორო. თან ათვალიერებს ოთახს. მერე მივიდა რაღაც მოტრილიაჟო ავეჯთან, გამოაღო შუშიანი კარი, გამოიღო ჩვენი მიტანილი გერმანული ბონბონერი, ამოიდო იღლიაში და წამოვედით.
“ჩემთან მივდივართო!” – განაცხადა ბიჭებთან, დედაჩემი კაი სუფრას გაგვიშლის და დილამდე მოვილხინოთო, ოღონდ, სასმელი არ მაქვსო და გზაში ვიყიდოთო. მიშკა ცხოვრობდა “კონიაკის” დასახლებაში. ტაქსი რომ გავაჩერეთ, მძღოლმა გვითხრა, ერთადერთი ღია ჯიხური “სარაჯიშვილის” მეტროსთანააო. გზაზე, ესე იგი. წავედით. მიშკა ბონბონერს ხელს არ უშვებს, დაიწყო კიდეც გახსნა, ცელოფანზე რომ ლენტივითაა, რითიც იხსნება, ის შემოაფრცქვნა, მაგრამ ეცნენ ხელებში, სახლში მიიტანე დედასთან, ძმობას გაფიცებ, არ გახსნაო.
ჯიხური იყო სიღრმეში და რაკი მაშინ ტაქსების გადაგდება მოდაში იყო, მძღოლმა, იქნებ ერთი რომელიმე დარჩეს მანქანაშიო. რასაკვირველია, როგორც ყველაზე პატარა, დამტოვეს მე. მიშკამ ბომბონერი მომცა და გადავიდნენ. კაი ხანი არ ჩანან ესენი. რაღაც ხმაური კი ისმის იქიდან, მეტროს მხრიდან. მეთქი, გადავალ, ვნახავ ხომ მშვიდობა აქვთ, მთვრალი ხალხია, მძღოლი უკმაყოფილოდ ბუზღუნებს, ეგრე გარბის მერე ყველა და მეც ხომ მყავს ოჯახი და ეგეთები.
მოკლედ, შევთანხმდით, ბონბონერს დავტოვებ მანქანაში და მოვალ-მეთქი, გადავედი და მაგარი გაწიე-გამატარე აქვთ. მიშკა ჩაცუცქულია და რაღაცას ხმამაღლა ხსნის (რეციდივისტი იყო, 2-3 თვის გამოსული “კარუსელიდან”). როგორც ჩანს, შელაპარაკება მოუვიდათ ჯიხურის მფლობელთან და ახლა აკაჩავებენ.
მოკლედ, ეს ნაწილი მშვიდად დასრულდა, მეპატრონემ, ჩემები ყოფილხართ და სად გაგიშვებთო, აგერ, თემქაზე ვცხოვრობ მეცხრე კვარტალში და ყველანი მივდივართ ჩემთანო. აქეთური-იქეთური, არა, ჰო, კი, ვერა და ბოლოს მაინც დათანხმდნენ. გამოვედით გზაზე და სადაა ეს შენი ტაქსი? პირველი, რაც მიშკამ მკითხა, „ბანბანერკა“ სადააო? მეთქი რავი, მანქანაში დავტოვე, რომ ნაღდად მივბრუნდებოდი, წუწუნებდა ის კაცი.
და ატეხა, მარა რა ატეხა გინება. ჩემ თბილისში სად დამემალება ეგო, ცოლ-შვილს მოვუკლავ, ეგ როგორ მაკადრაო, იმისთვის ვაშავებდი რუსეთის ბოზურ ციხეებს, რომ ვიღაც კუანა ტაქსისტმა ჩემი შესაჭმელი შეჭამოსო და მსუბუქად მეც მსაყვედურობს, ეს რა მოგივიდაო.
უცებ, გზის მეორე მხარეს ეს ტაქსისტი ყვირის, აქეთ ვარ, რას მაგინებ, გელოდები 2 საათია, ნამუსი აღარააო? მთვრალები მოდიოდნენ და მაგათ ავერიდე თქვენ გამოო და ცოტა დარცხვენილები ჩავუსხედით. დილამდე მაგარი სმა ატყდა, ტაქსის მძღოლიც ჩვენთანაა და ბონბონერიც მასპინძლის “სტენკაზე” დევს.
გამთენიისას კი, ხაშის საჭმელად წავიდეთ პლატონასთანო. გადაწყდა, რომ წუხელ ვისთანაც ვიყავით, ყველას გავუვლიდით. ოჯახის მასპინძელმა მე ვერ წამოვალო, აბა, რას ქვიაო, ისეთი კაცი უნდა გაგაცნოთო, ინტელიგენციის ამბავში რომ გაგრევსო, სუხიშვილების მთავარი სოლისტიაო, ეგ ხსნის და ეგ ხურავს ყველა კონცერტსო, შევარდნაძე მარტო მის სანახავად დადის ფილარმონიაშიო. მარტო ჩვენნაირი ცუდი ბიჭები კი არ ვძმაკაცობთო, სერიოზული სამეგობრო გვყავსო და ეგეთები. დაითანხმეს და მასპინძელმა ცოლს უთხრა, რამე ტკბილეული ჩაგვილაგე და შამპანურებიც არ დგავიწყდესო. ჩაალაგა იმ ქალმა და წავედით ისევ იმ ძველთბილისურ უბანში.
მივადექით იმ ევროპის კარის მტვრეველ მოცეკვავეს. პრინციპში, მე რა მივადექი, სახლში დავრჩი, მეძინება-მეთქი, ესენი მივიდნენ. მერე მიყვებოდა ის ჩემი უფროსი მეგობარი, თავს ვერ დავდებ, მაგრამ მაგიდაზე რომ პარკი დავდეთ, შამპანურებს შორის, მგონი ის გერმანული ბონბონერი იყო გაკვეტებულიო. ალბათ, ისევ წრეზე ტრიალებს.
მგონი, პოლიტიკურ იგავადაც გამოდგება ეს ისტორია.
გურამ მეგრელიშვილი