თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი ისევ არ დაამტკიცა

  თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ 22 დეპუტატი წავიდა, 17-მა დეპუტატმა კი მის მიღებას მხარი დაუჭირა. საკითხის მიღებისათვის ქვორუმი 24-ს შეადგენდა. სულ კენჭისყრაში საკრებულოს 39 დეპუტატი მონაწილეობდა. საკრებულოს თავმჯდომარის შეფასებით, თბილისის 2014 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი აბსურდია და მისი მიღება გაუმართლებელია. მისივე თქმით, დისკრედიტირებული მთავრობა უნდა წავიდეს.
შიხიაშვილის თქმით, რეალურად ეს არის უტოპიური ბიუჯეტი, რისი შესრულებაც მოუწევს დედაქალაქის ახალ მთავრობას, რომელიც მაისის შემდეგ უნდა მოვიდეს არჩევნებით ხელისუფლებაში. “ეს იქნება თბილისის ახალი მთავრობისთვის დიდი ტვირთი. იგი ვერ შეასრულებს ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ ამოცანებს და მოსახლეობას დიდი პრობლემები შეექმნება”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. ბიუჯეტი განსახილველად სხდომაზე გაიტანა თბილისის მერის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა. მისი თქმით, საკრებულოს მიერ შეთავაზებული 55 თემა აღნიშნულ პროექტში გათვალისწინებულია. დაფინანსების წყაროს შესახებ კი აღნიშნა, რომ პრივატიზაციის მეშვეობით თანხების მობილიზაცია შესაძლებელია და ეს 850 -მილიონიანი ბიუჯეტი ბლეფი არ არის. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. მასზე 7 საკითხი იყო გატანილი. ბოლო საკითხად განიხილებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი. საკრებულომ თბილისის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უკვე მეორედ ჩააგდო. კანონის თანახმად, დედაქალაქის ახალი, 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა 11 მარტამდე უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები