ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სომხეთში კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

გერმანიის პროკურატურის მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი, მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ეხება ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაწყებულ საერთაშორისო გამოძიებას.

კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ევროპელი პენსიონერების ძარცვის ტრანსნაციონალური სქემა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე მიხეილ ბინიამინი საერთაშორისო თაღლითური დაჯგუფების ალბანურ ფილიალს კურირებდა.

ალბანეთში კეზერაშვილის ბიძაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები ადგილობრივმა პოლიციამ დახურა. გერმანული გამოძიების ინფორმაციით, ამ კონსპირაციული დაწესებულებებიდან ევროკავშირის მოქალაქეებს მილიონობით ევრო გამოსძალეს. მოსალოდნელი საფრთხის გამო მიხეილ ბინიამინმა ალბანეთი დატოვა, თუმცა ის საერთაშორისო ორდერით, ერევანში დააპატიმრეს.

აღსანიშნავია, რომ დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი მიხეილ ბინიამინი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც BBC-ის სკანდალურ საგამოძიებო ფილმშიც ფიგურირებს. „მილიარდიანი თაღლითობა“ – ამ სახელწოდებით ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოძიება აპრილში გამოაქვეყნა.

მიხეილ ბინიამინი გამოძიების ობიექტი გახდა ისრაელშიც. საქმე ეხება დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს საქართველოს ბიუჯეტიდან იარაღის შესაძენად გადარიცხულ 11 მილიონ დოლარზე მეტ თანხას, რომელიც წინასწარი შეთანხმებით, ისრაელის საგადასახადო სამსახურებს დაუმალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები