ექიმი, რომელმაც მიცვალებულის სისხლის გადასხმა პირველად სცადა
1930 წლის 23 მარტს, სასწრაფოს ექიმმა, სერგეი იუდინმა ადამიანის სიცოცხლე სისხლის გადასხმით იხსნა.
ამ კაცის ისტორია მთელი თავგადასავალია და თითქოს, კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება ერთის ცხოვრება ბედისწერის ხელში ათასი სხვისთვის ჭკუის სწავლების მიზეზად იქცეს.
იუდინი ერთი რიგითზე რიგითი ექიმი იყო და თავის საქმეს ახალგასაბჭოებულ ქვეყანაში, როგორც შეეძლო, ისე აკეთებდა. ერთხელ ის შეესწრო ამბავს, როგორ დაიცალა მის თვალწინ სისხლისგან პატარა ბიჭი, რომელიც ორმხრივ სროლაში შეუსაბამო ადგილას და დროს აღმოჩნდა. ამან წარმოუდგენელი სულიერი ტრავმა მიაყენა ექიმს და გადაწყვიტა ადამიანების გადასარჩენად რამე ეღონა.
ის მანამდეც პრაქტიკოსი ექიმი იყო, მაგრამ დამატებით ფულს ვეტექიმობითაც შოულობდა. არაერთი ძაღლი და ცხენი გადაურჩენია სხვა, ახლადმკვდარი ცხოველის სისხლის გადასხმით.
სურდა იგივე პრაქტიკა ადამიანზეც მოესინჯა, მაგრამ მაშინდელი უშიშროება მსგავს “გამოხდომებს” სიკვდილით სჯიდა, ამიტომ თანამოაზრე ვერავინ მოძებნა ერთი ექთნის გარდა, რომელსაც თავიდან ეგონა, რომ კაცს ის, როგორც ქალი, ისე მოსწონდა.
გარემოებებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს. პირველი დახმარების კლინიკაში, სადაც იუდინი მუშაობდა, კაცი მიიყვანეს, მას, (ცოლზე ეჭვიანობდა და უთვალთვალებდა) ტრამვაი დაეჯახა და ადგილზე მოკლა, ერთ საათში კი, თვითონ იურიმ 24 წლის არქიტექტორი შეიყვანა საკაცით. არქიტექტორმა უიღბლო სიყვარულის გამო ვენები გადაიჭრა.
ქირურგმა ხელი ჩაიქნია, ამ დროს მსგავს შემთხვევებს ვერავინ მკურნალობდა, იუდინმა კი ბედის კაკუნის ხმა გაიგო და სასიკვდილოდ გადადებული (ფაქტობრივად პულსის გარეშე მყოფი კაცი) ჩუმად შეიყვანა საოპერაციოში.
ეს იყო მიცვალებულისგან აღებული სისხლის პირველად გადასხმის მცდელობა. იუდინს მედდა დაეხმარა, მაგრამ სამსახურიდან მხოლოდ ის გააგდეს.
ამის მერე იწყება მთელი თავგადასავალი. კაცს ექიმობა შეუჩერეს.
იუდინმა რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, მაგრამ ამასობაში დაიწყო ომიც. ხარკოველი იუდინი გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდა.
ტყვეობაში ის ექიმად მუშაობდა. კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა და ამის მერე, ნაცისტმა სამხედროებმა ჩათვალეს, რომ ეს პრაქტიკა ჯარისკაცებზე გამოდგებოდა. ჯარისკაცის სიცოცხლე არაფრად ღირდა და თუ ვინმე მოკვდებოდა, “არაფერი”.
მაგრამ მას ტყვეობაშიც ჰქონდა განსაცდელები. იტალიელი ზედამხედველები არაქრისტიანულად თვლიდნენ მიცვალებულის სისხლის გამოყენებას, ცოცხალი ადამიანის სისხლის შენახვა კი მაცივრების არარასებობის გამო, შეუძლებელი იყო.
ტყვეობაში ის ორჯერ გადაურჩა დახვრეტას, მაგრამ მცდელობებს თავს არ ანებებდა და გარკვეული პრაქტიკა მაინც დააგროვა. სისხლისგან დაცლის პირას მისული გერმანელი ოფიცრის სიცოცხლე იხსნა გარკვეული გარანტიის სანაცვლოდ.
ამის გამო, საბჭოთა კავშირმა ის 1946 წელს, ლუბლიანკას ციხეში გამოამწყვდია. მას სახელმწიფო ღალატს ედავებოდნენ – მტერს სიცოცხლე შეუნარჩუნა (2-3 აპენდიციტის ოპერაციაც ჰქონდა გაკეთებული გერმანელებისთვის).
რამდენიმე თვე საშინელ პირობებში ჰყავდათ. საბჭოთა უშიშროება მას დაკითხვას დაკითხვაზე უტარებდა.
ამ რთულ ვითარებაშიც კი, სერგეი იუდინი სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავდა. კამერაში, მან რამდენიმეწლიანი გამოცდილების წიგნად დაწერა დაიწყო. ამას ტუალეტისთვის მიცემული ფურცელზე ჩანიშვნებით აკეთებდა.
პატიმრებს ბუნებრივი მოთხოვნილებებისთვის გამოყოფილი ჰქონდათ 1 ცალი თხელი საბეჭდი ქაღალდი. ამ ქაღალდზე წერდა 27 თვე და ხელნაწერები (2 ტომი) ფაქტობრივად რედაქტირების გარეშე გამოიცა 1951 წელს. ამ წიგნის გამო, სიკვდილის შემდეგ, იუდინს ლენინის პრემიაც კი მიანიჭეს.
საბჭთა პროპაგანდამ ამოიღო 2 თავი, რომელიც ექიმის ეთიკას ეხებოდა. ამ თავებში, იუდინი, როგორც დეკლარირებულად მორწმუნე კაცი მსჯელობს, რამდენად ეთიკურია მიცვალებულის სისხლის გადასხმა ცოცხალი პაციენტისთვის და აქვს მინაწერი სააღდგომო ლიტურგიიდან “სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი!”
იუდინმა მოახერხა და დატოვა ცნობები ცოცხალი ადამიანის სისხლის შენახვის შესაძლებლობაზე გარკვეულ ტემპერატურაზე (როგორც ვიცი, ეს პრაქტიკაშიც მოასწრო).
მისი ქვრივი მოესწრო ამ წიგნს, თავად სასიკვდილო სარეცელზე მყოფს სტამბიდან მიუტანეს და ლეგენდაა თუ სიმართლე, ასეთი რამ თქვა: “შენი თავგანწირვა კაცთა მიერ დაუფასებელია სერგეი, ღმერთი შეგიწყნარებს!” (ალბათ, გაბედავდა, მეორე დღეს გარდაიცვალა კიდეც).
გურამ მეგრელიშვილი