ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროები დააჯილდოვეს
ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ISAF-ის სამხრეთის რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელმა ISAF-ის მედლები სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გადასცა.
გენერალ-მაიორმა მაიკლ ბილსმა ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისა და წარმატებული სამხედრო მისიისთვის მადლობა გადაუხადა. სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალს ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები, სამხრეთის რეგიონალური სარდლობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვი ბატალიონის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის ფარგლებში, ყანდაღარის პროვინციაში, „საჰაერო ძალების“ ბაზაზე ასრულებს მისიას. ბატალიონის მთავარ ამოცანას კოალიციურ ძალებთან ერთად ბაზის დაცვა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარება წარმოადგენს. სამთო სადაზვერვო ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურე მალე საქართველოში დაბრუნდება.