ყველაზე მდიდარი რომაელი და პირში ჩასხმული 2 კილო გამდნარი ოქრო
მარკუს ლიცინიუს კრასუსს, გადმოცემის თანახმად, პირში 2 კილო გამდნარი ოქრო ჩაასხეს. ამ დროს ის რომის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო და წარსულიდან უამრავი ცოდვა მოჰყვებოდა.
ამბობენ, კრასუსს, თანამედროვე ფულით, 11 (ზოგი მონაცემით, 69, ფორბსი, მგონი, სულაც 169 მილიარდს ამბობს) მილიარდი ჰქონია, როცა გარდაიცვალა, კარიერა კი, თითქმის ღატაკმა ახალგაზრდა სამხედრომ დაიწყო, როცა კორნელიუს სულას მხარეს დადგა სამოქალაქო ომის დროს.
სახმედრო კარიერა მალევე გაიკეთა კრასუსმა, მაგრამ მისი მთავარი სურვილი ყოველთვის სიმდიდრე იყო, რასაც, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად აგროვებდა კიდეც.
პირველი, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ჩათლახობა მაშინ ჩაიდინა, როცა ლიცინიასთან სასიყვარულო ინტრიგა წამოიწყო. ლიცინია Vestālēs იყო, ტაძრის ქალწული, ორაკული ან, გნებავთ, მღვდელმსახური, ვისაც ხალხი გამოარჩევდა ხოლმე.
ვესტალები განსაკუთრებულ პატივში ცხოვრობდნენ – ჰქონდათ სიმდიდრე, პატივი, დიდება, მაგრამ ასევე იყო ერთი მნიშვნელოვანი დათქმა, რაც აუცილებლად შესასრულებლად ითვლებოდა – მათ ქალწულებრივი აღთქმა არ უნდა დაერღვიათ. გარყვნილ რომში, სადაც არასრულწლოვანი (10 წლიდან ზემოთ) ბავშვების რიტუალური გაუპატიურების ტრადიცია არსებობდა, ორაკულის სექსუალურ ცხოვრებას ლამის სანთლით დასდევდნენ.
აღთქმის დარღვევა სიკვდილით ისჯებოდა, სიკვდილი კი, მიწაში ცოცხლად დამარხვა იყო, რადგან არც ერთ რომაელს ხელი არ მოუბრუნდებოდა ორაკული თავად მოეკლა (ცოცხლად დამარხვა ხდებოდა მაშინაც, როცა რომს რამე უბედურება ეწვეოდა. ისტორიკოსი აღწერს ორაკულ ფლორინიას ცოცხლად დამარხვას, როცა ჰანიბალი შეიჭრა იტალიაში, სწორედ მის არასწორ ცხოვრებას დაბრალდა ერის “წარუმატებლობა”. ცნობისთვის, რესპუბლიკის 21 ორაკულიდან 12 ცოცხლად დამარხეს, 1 ნერონმა გააუპატიურა საკუთარი ძალაუფლების დასადასტურებლად, 1 რომელიღაც იმპერატორმა მოიყვანა ცოლად).
კრასუსი დიდი თუქსუსი კაცი იყო, ასე ჩანს, რადგან უტრიალა და უტრიალა ორაკულ ლიცინიას, იქიდან მიუდგა და აქედან მიუდგა და ბოლოს კი მიზანს მიაღწია.
კაცი კი, ცნობილია, მიზანს რომ მიაღწევს, თუ უფრო კერკეტი კაკალი არ დახვდა, ყეყეჩდება და იწყებს ნამდვილი სახის გამოჩენას. ჰოდა, კრასიუსმაც გამოაჩინა – თურმე, ნუ უტყვი და მიზნად ლიცინიას ცნობილი ვილის ხელში ჩაგდება არ ჰქონია?
თურმე, მთელი ეს “სპეცოპერაცია” – ორაკულისთვის თავის შეყვარება და მერე მასთან დაწოლა, რომში, საუკეთესო ვილაში ცხოვრებისთვის დაუგეგმავს.
ლიცინია ცოცხლად დამარხეს, კრასიუსი კი ამ დროიდან ზღაპრულად გამდიდრდა.
ის კი გახდა მაშინდელ რომში ყველაზე მდიდარი კაცი, მაგრამ რა არის სიმდიდრე, თუ ძალაუფლებაც არ ახლავს თან? და რომელი ძალაუფლებაა სრულყოფილი და მარადიული, თუ მას ვინმეს უნაწილებ?
მარადიული, საბოლოოდ, არცერთი ძალაუფლება არაა, მაგრამ კრასიუსმა ეს არ იცოდა, ამიტომ მოიფიქრა დიდზე დიდი ჩათლახური საქმე (ეს უკვე ჩემი ვერსიაა და ნუ დაიჯერებთ, ვალდებულნი არ ხართ) – მონების აჯანყება.
დიახ, დიახ. სპარტაკის მეთაურობით რომ მონები აჯანყდნენ და მერე რომ ხალხი მივარდა კრასიუსს და შენი მუხლების ჭირიმე, არ დაგვღუპო, ოღონდ ეგ ბოგანოები მოსვი ადგილზე და თუნდაც, ცოტა მეტი, სხვებზე მეტი უფლებები გქონდეს, რა უჭირსო, ეს ამბავი კრასიუსისვე დაგეგმილი მგონია და მომკალით.
ამხელა გაიძვერობის კაცს, ამდენი ფულის პატრონს, საიმისო ჭკუა და ბოროტული ტვინი ნაღდად ექნებოდა, ძალაუფლება Fake აჯანყებით (რომელიც, მეორე მხარეს ალბათ გულწრფელი ეგონა) განემტკიცებინა და ძალაუფლების უზურპაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა.
არ ვიცი, ვისი ხელით დაგეგმა ეს ამბავი, აქ უკვე ლიტერატურა შემოდის. ისტორია საწინააღმდეგოს ვერ ამტკიცებს და ამიტომ, ამ ვერსიის განვითარება შემიძლია, ვფიქრობ, სპარტაკის ძმაკაცი კრიქსი შეიძლება იყოს ეს კაცი. დაჰპირდა კრასიუსი სიმდიდრეს და ოჯახის კეთილდღეობას ან რამე ეგეთს და მერე, როგორც ხდება ხოლმე, სპარტაკის 6000 თანამებრძოლთან ერთად გააკრა ჯვარზე.
ჰოდა, მერე მოხდა ისე, რომ პართებთან ომში ტყვედ ჩაიგდეს მთავარსარდალი კრასიუსი. მტერს პირში 2 კილო ოქრო ჩაუსხამს, რაც ძალიან არადამაჯერებელია, ბოლოს და ბოლოს, რომის ყველაზე მდიდარი კაცი თავს გამოისყიდიდა, მაგრამ აქ, სცენაზე ახალი მოთამაშე იდგა, მასზე ახალგაზრდა და ამბიციური – გაიუს იულიუს კეისარი, ვისაც, სხვათა შორის, კრასიუსის ქონების დიდი ნაწილი და აბსოლუტური ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში.
ავი ენები ამბობენ, სწორედ კეისარმა მოაკვლევინა კონკურენტი და ტრიუმვირატიდან ერთ-ერთი, კრასიუსიო.
გურამ მეგრელიშვილი