“გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები, რომლებიც უკვე იწარმოება საქართველოში” – ჯუანშერ ბურჭულაძე
„გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები, რომლებიც უკვე იწარმოება საქართველოში,“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებმა საქართველოში წარმოებული უპილოტო საშუალებების სატესტო გამოცდა წარმატებით განახორციელა.
„ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ადგილობრივი წარმოება. თანამედროვე ბრძოლებში დრონები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და უკრაინამ ეს კარგად დაგვანახა. უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით, ჩვენ ომამდე უკვე გვქონდა მოლაპარაკება ძალიან წარმატებულ პოლონურ კომპანიასთან და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო „დელტაში“. მიუხედავად იმ სირთულისა, რაც ხდება დღეს შეიარაღების ბაზარზე, ზოგადად, არსებითად შეცვლილია ომის შემდეგ შეიარაღების ბაზარი, იცით თქვენ რამხელა მოთხოვნაა, ფაქტობრივად, რამდენიმე წელი უნდა ელოდო, რომ მიიღო რაიმე შეიარაღება. ჩვენ ომამდე ეს პროცესი უკვე დაწყებული გვქონდა და ამან ძალიან დაგვაწინაურა შესყიდვებში და, ასევე, წარმოების მიმართულებით”, – განაცხადა მინისტრმა.