გიორგი კობერიძე: თუ რუსეთმა უკრაინის სახით კოლექტიური დასავლეთი დაამარცხა, მას აუცილებლად გაეზრდება მადა, რომელიც შეიძლება ვერასდროს დაიოკოს
,,თუ რუსეთმა უკრაინის სახით კოლექტიური დასავლეთი დაამარცხა, მას აუცილებლად გაეზრდება მადა, რომელიც შეიძლება ვერასდროს დაიოკოს. საქართველოზე აღარც ვლაპარაკობ”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ახლა ამერიკის დახმარება საჭიროა იმისათვის, რომ გამარჯვების სასწორი უკრაინის მხარეს გადაიხაროს.
“რა მოხდება, თუ სენატი უკრაინის დახმარების კანონპროექტს არ დაამტკიცებს? თეთრი სახლი სხვა გამოსავალს ნახავს. წარსულის გამოცდილებიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთელი “ცივი ომის” პერიოდში ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, პუტინმა კარგად იცოდა, რომ ამერიკის შიდა დაპირისპირების გამოყენება შეიძლებოდა, და გამოიყენა კიდეც. ის ახლა დროს იგებს – შეტევაზე გადადის, აქტიურობს აღმოსავლეთის ფრონტზე, თუმცა წარმატებას ვერ აღწევს. მას ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი აქვს. მთელ ამ პროცესში საინტერესო ის არის, რომ ომმა უკვე მიაღწია ძალთა თანაფარდობას. ახლა ამერიკის დახმარება საჭიროა იმისათვის, რომ გამარჯვების სასწორი უკრაინის მხარეს გადაიხაროს. ძალიან კარგია, რომ დასავლურმა მედიამ განგაშის ზარს შემოკრა, რუსეთი ევროპისათვის დიდი საფრთხეაო, და სწორად მიანიშნებს მსოფლიო ლიდერებს მოსალოდნელი აპოკალიფსის შესახებ, თუ უკრაინას დროულად არ დაეხმარებიან.
უკრაინას ამჟამად 800 000-იდან 900 000-მდე მებრძოლი ჰყავს, რაც სავსებით საკმარისია ფრონტის შენარჩუნებისთვის, მაგრამ არ კმარა შეტევისთვის. უკრაინას ცოცხალ ძალაზე მეტად ახლა ტექნიკა უჭირს. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ უკრაინას მეტი ცოცხალი ძალა ტექნიკის დეფიციტის დასაბალანსებლად სჭირდება. რუსეთმა მაღალტექნოლოგიური დეფიციტი ცოცხალი ძალის მასობრივი მობილიზებით დააბალანსა. ეს ნიშნავს, რომ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი კლავს ათ რუსს, მაგრამ საბოლოოდ უკრაინელი ჯარისკაციც ეცემა ბრძოლის ველზე. თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, იძულებული იქნება დასაბალანსებლად ცოცხალი ძალა გამოიყვანოს. არ დაგეთანხმებით, რომ ზელენსკი კანონს “ჯარში გაწვევის გაფართოების” შესახებ ხელს სოციალური მღელვარების შიშით არ აწერს. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ უკრაინა ომში საზოგადოების საუკეთესო ნაწილს კარგავს და ეს მისთვის დიდი ტკივილია. საყოველთაო მობილიზაცია დიდი პრობლემაა როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვისაც, თუმცა სამობილიზაციო რესურსი რუსეთს უფრო მეტი აქვს. ერთადერთი გამოსავალი უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაა.
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ შორსაა. თუ საბრძოლო თეატრის სურათი მანამდე არ შეიცვალა, მერე ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, კარდინალურად ვეღარაფერს შეცვლის. 8 ყველაზე მნიშვნელოვანი თვე გვაქვს – ზამთრის ოპერაცია, რომელიც აუცილებლად იქნება, გაზაფხული და ზაფხულის აქტიური პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ომით გადაღლა ორივე მხარეს უკვე შეინიშნება და წარმოიდგინეთ, რა მოხდება 9 ან 10 თვის შემდეგ. ტრამპი რომ პრეზიდენტი გახდება (თუ გახდება), რუსებიც და უკრაინელებიც ისეთი გადაღლილი იქნებიან, ძალიან გაჭირდება ორივე მხარის გამოღვიძება, ან რომელიმე მხარეს უკვე ექნება უპირატესობა. პოლიტიკურადაც სხვა ვითარება იქნება. 2024 წელს უკვე ბევრ რამეზე ჩამოყალიბდება როგორც დასავლეთი, ასევე რუსეთი და ჩინეთი.
2023 წლის მსგავსად ზამთრის ოპერაცია წელსაც აქტიური იქნება. რუსეთი ახლაც აქტიურობს ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით. დონეცკის გარეუბნის, მარინკის 95%-ის დასაკავებლად რუსეთმა დიდი რესურსი გაიღო. ავდეევკაც დიდი დასახლებაა, სხვათა შორის, მას დონეცკის ყელზე მიდებულ დანას უწოდებენ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამ მიმართულებით რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ, შედეგი კი არსებითად არა. რას ნიშნავს ეს? ან მთელი ზამთრის ოპერაცია გაგრძელდება ისეთი შეტევებით, როგორიც ავდეევკაზე, მარინკაზე და მანამდე ხარკოვის ოლქის მიმართულებით კუპიანსკის ოლქში მიმდინარეობდა, ან ეს არის მოთელვა და რუსეთი რაღაც ძალიან დიდი ამბისთვის ემზადება. გაზაფხულისთვის რომ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება, ცხადია, მაგრამ რა მასშტაბის იქნება და ვინ იქნება შემტევი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. რაც შეეხება 2024 წლის პოლიტიკურ ვითარებას, ამის კონტურები უკვე ჩანს – მსოფლიო ორ ბანაკად იყოფა. რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის არ იყოს, ამაშიც ის იქნება მთავარი, ვინ დაიღლება პირველად.
დასავლეთში უფრო მოხშირდა საუბრები იმის შესახებ, მოდი, უკრაინა დავივიწყოთო. რუსეთს მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება აქვს – შეუძლია ისრაელში არიოს სიტუაცია, ირანის კარტი გაათამაშოს ან ვენესუელაში კრიტიკული ვითარებით ისარგებლოს. დასავლეთს ამის ფუფუნება არა აქვს… ახლა ზავის დადებას პუტინი არ დათანხმდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ყირიმს დათმობს. რატომ? თუ დასავლეთი დაიწყებს უკრაინის დარწმუნებას, რომ დაზავდეს, რუსეთი ჩათვლის, რომ ომს იგებს და დასაზავებელი არაფერი აქვს. პუტინი ზავსა და ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამოსუნთქვა დასჭირდება, თუ ომი ძალიან გაგრძელდა, ძალთა ბალანსი დიდხანს არ შეიცვალა და სიტუაცია ჩიხში შევა, ან თუ რუსეთის მდგომარეობა დამძიმდება და უკრაინელებს უპირატესობა ექნებათ. ასეთ სიტუაციაში რუსეთი შეიძლება თავად იყოს ინიციატორი, მაგრამ გამორიცხულია, დასავლეთის ინიცირებულ ზავს დათანხმდეს.
რუსეთმა ზავის დადების შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს იმ ტერიტორიების სრულად დაცლა, რაც ანექსირებულად აქვს გამოცხადებული. შეგახსენებთ, რუსეთს ანექსირებულად აქვს გამოცხადებული ხერსონიც, ზაპოროჟიეც და დონეცკიც, ასევე ლუგანსკის მთელი ოლქი, რომლის დიდი ნაწილი ისედაც მიტაცებული აქვს. თუ რუსეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობას ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაესმება. ამასთან ეს იქნება პრეცედენტი იმისა, რომ მსოფლიოში დაპყრობითი ომები დაბრუნდება. ეს იქნება ევროპის სუიციდი! არა მარტო დიდი ქვეყნებისთვის, არამედ ყველა პატარა მეზობელი სახელმწიფოსთვის. ბელარუსი გაქრება რუკიდან, მას მიჰყვება ლატვია, რომლის დიდი ნაწილი რუსულენოვანია და დიდი პროტესტიც არ ექნებათ. იმავე მოცემულობის წინაშე აღმოჩნდება ესტონეთის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც რუსები კომპაქტურად არიან დასახლებული. თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, რუსეთში ომის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა. ამ მოცემულობით რუსეთ-უკრაინის ზავის დადების შედეგი იქნება არა ომის დასასრული, არამედ ახალი ომების დასაწყისი.
რაც შეეხება კითხვას – ,,ამ შემთხვევაში ნატო არ უახლოვდება რუსეთს, პირიქით, რუსეთი უახლოვდება ნატოს…” – კი ბატონო, ნატოს უსაფრთხოების ქოლგას დიდი საფრთხე დაემუქრება. არ არის გამორიცხული, ამ ამბავმა წააქეზოს ჩინეთი. ოფიციალური პეკინი დაიჯერებს, რომ კონსოლიდირებული დასავლეთის დამარცხება შესაძლებელია და აუცილებლად დაესხმება ტაივანს. თუ ჩინეთი ტაივანს დაიპყრობს, ჩათვალეთ, რომ ამერიკას ფარი ჩამოეშლება წყნარი ოკეანის აუზში. არც ის დაგვავიწყდეს, რომ დავის საგანი არის არქტიკა. რუსეთს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მიდამოებში რესურსების საძიებო სამუშაოები აქვს და სამხედრო ინფრასტრუქტურასაც აშენებს. ეს ნიშნავს, რომ კანადის საზღვარს უახლოვდება. რუსეთი ნორვეგიასაც ედავება რამდენიმე კუნძულს… თუ რუსეთმა უკრაინის სახით კოლექტიური დასავლეთი დაამარცხა, მას აუცილებლად გაეზრდება მადა, რომელიც შეიძლება ვერასდროს დაიოკოს. საქართველოზე აღარც ვლაპარაკობ”, – აცხადებს კობერიძე.