სიმონ ესაძე – გენერალ პოტოს მოსწავლე და პირველი ქართველი სამხედრო კინოდოკუმენტალისტი

სიმონ ესაძე დაიბადა 1868 წლის 4 თებერვალს, თბილისში. მამა – რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი სპირიდონ იოსების ძე ესაძე. დედა – სოფიო მიხეილის ასული არგუტინსკაია-დოლგორუკოვა. სამხედრო საქმეს ემსახურებოდნენ სიმონის ძმებიც – ბორის და სპირიდონ ესაძეები.

სიმონ ესაძემ საშუალო განათლება მიიღო სიმბირსკის კადეტთა კორპუსში (1886), ხოლო უმაღლესი – კონსტანტინეს სახელობის მეორე სამხედრო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1888 წელს პირველი თანრიგით, პოდპორუჩიკის ჩინით.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, სამხედრო სამსახური დაიწყო ეკატერინბურგის 37-ე ფეხოსანთა პოლკში (1888-1894). 1894-1901 წლებში მსახურობდა ლორეს 264-ე ფეხოსანთა სარეზერვო პოლკში. სიმონ ესაძემ პორუჩიკის ჩინი მიიღო 1891 წ. 7 აგვისტოს. 1900 წ. 6 მაისს შტაბს-კაპიტანი გახდა. 1901 წ. 26 თებერვალს კაპიტნის წოდება უბოძეს. 1909 წლიდან კი უკვე პოდპოლკოვნიკია.

1899 წ. გადაიყვანეს კავკასიის სამხედრო შტაბთან არსებულ სამხედრო-საისტორიო განყოფილების რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1909 წლის 26 თებერვალს დაამტკიცეს რედაქტორად. 1911 წლის 12 ოქტომბერს მიავლინეს ქ. სტავროპოლსა და თემირ-ხან-შურაში გუბერნიისა და ოლქის საარქივო მასალების გასარჩევად.

სიმონ ესაძე წლების მანძილზე იყო სამხედრო ისტორიკოსის, გენერალ პოტოს მოწაფე და უახლოესი თანამშრომელი. მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმისათვის („დიდების ტაძარი“) მასალის მოძიება- კლასიფიკაციაში და გზამკვლევის გამოცემაში.

გენერალ პოტოს გარდაცვალების შემდეგ დადგა საკითხი თუ ვინ იქნებოდა მისი ღირსეული შემცვლელი მუზემის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასეთ შესაფერის კანდიდატად სიმონ ესაძე ცნო. მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისადმი მისი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ შატილოვის მიერ მიწერილ ბარათში ვკითხულობთ: „ვაკანტურ ადგილზე პოდპოლკოვნიკ სიმონ ესაძის დანიშვნა დიდად სასურველი იქნება, რადგან ამჟამად იგი მართლაც კავკასიის ომებისა და კავკასიის ყველა არქივის საუკეთესო მცოდნეა, რაშიც კავკასიის სარდლობა ამ ბოლო წლებში არაერთხელ დარწმუნდა“.

1912 წ. სიმონ ესაძე დანიშნეს კავკასიის სამხედრო-საისტორიო მუზეუმის დირექტორად.

I მსოფლიო ომში (1914-1918) სიმონი რუსეთის არმიის პოლკოვნიკის ჩინით (1916) მონაწილეობდა.

1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიული არქივის უფროსად დანიშნა. მონაწილეობდა თურქეთთან მოლაპარაკებაში ტრაპიზონსა და ბათუმში (1918 წ.). 1920 წ. მიენიჭა გენერლის წოდება. 1921 წ. 10 აგვისტოდან ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციას, ხოლო 1923 წლიდან გარდაცვალებამდე სათავეში ედგა სამხედრო-საისტორიო არქივს.

სიმონ ესაძის რედაქტორობით გამოიცა „კავკასიის კრებულის“ 14 ტომი, რომელშიც გაშუქებულია 1826-1828 წწ. სპარსეთთან, 1828-1829 წწ. თურქეთთან და 1823-1845 წწ. მიურიდიზმთან ომების ისტორია.

1922–25 წწ. იყო ცალკე კავკასიის არმიის მართვის შტაბის განყოფილების უფროსი.

სიმონ ესაძე გარდაიცვალა თბილისში, 1927 წლის 15 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

სიმონ ესაძის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული კინოს ისტორიასთან. იგი პირველი ქართველი სამხედრო კინოდოკუმენტალისტია. მან 1908-1909 წწ. შექმნა კინოქრონიკა კავკასიის არმიის ცხოვრებიდან, ხოლო 1913 წელს ოქტომბერში ეკრანებზე გამოვიდა მისი სცენარითა და მონაწილეობით შექმნილი ფილმი „კავკასიის დაპყრობა“, რომელიც გადაიღეს კინომრეწველებმა ა. ტალდიკინმა და ა. დრაკნოვმა.

„კავკასიის დაპყრობა“ მიეძღვნა რუსეთში რომანოვების დინასტიის მეფობის 300- წლისთავს. ეს იყო სრულმეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავდა ერეკლე II-ის მეფობის პერიოდს, აგრეთვე, რუსეთის არმიის ძლევამოსილ ომებს ოსმალების, სპარსელების და, ასევე, შამილის მიერ აჯანყებული მთიელი კავკასიელების წინააღმდეგ. სცენარი ეყრდნობოდა სამხედრო-ისტორიული მუზეუმის საექსპონატო მასალებს.

ფილმმა, როგორც სამეფო ოჯახის სიმპათია, ასევე საერთო დიდი წარმატება მოიპოვა. მას წლების მანძილზე აჩვენებდნენ საზღვარგარეთ, მაგრამ სამწუხაროდ როგორც იმ დროს გადაღებულმა ბევრმა ფილმმა, ამ ფილმმაც ვერ მოაღწია დღევანდელ ეპოქამდე.

1915 წელს სიმონ ესაძეს მიეცა კინო-ფოტო გადაღებების უფლება კავკასიის ფრონტზე. იგი თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას. მისი ხელმძღვანელობით  კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებულმა კინოგადამღებმა ჯგუფმა შექმნა რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის ქრონიკა, რომელთა ჩვენება 1916 წ. გაიმართა: „არზრუმის დაცემა“, „ტრაპეზუნდის აღება“, „დაპყრობილი თურქული ქალაქები“.

სიმონ ესაძემ ფირზე აღბეჭდა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაში როგორიც იყო ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია 1921 წელს.

აღსანიშნავია, რომ  სიმონ ესაძე მეგობრობდა და თანამშრომლობდა ლევ ტოლსტოისთან. აწვდიდა მას კავკასიის ომების ამსახველ საარქივო მასალას მოთხრობა „ჰაჯი მურატისათვის“. მან პირველმა გამოაქვეყნა ლევ ტოლსტოის 4 ბარათი.

ცნობილია, რომ სიმონს დიდი სურვილი ჰქონდა გადაეღო ფილმი შამილის თანამებრძოლ ჰაჯი მურატზე. ბევრი იმუშავა, მოაგროვა უამრავი მასალა, წერდა სცენარს, მაგრამ კინემატოგრაფიული ხორცშესხმა ამ ფილმისა ვერ მოხერხდა.

სიმონ ესაძეს გარკვეული შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა კინოში მოღვაწე ხელოვანთა ერთ ჯგუფთან – კინორეჟისორ და ოპერატორ  ვ. ამაშუკელთან, ა. წუწუნავასთან, მიუნხენის თეატრის რეჟისორ ლ. ჩერნისთან და სხვ. იგი თავადაც მონაწილეობდა ერთ ფილმში, რომელიც ვასილ ამაშუკელს ეკუთვნოდა. ფილმს ერქვა “ღუბინის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მეთაურობით”.

სამეცნიერო მოღვაწეობა სიმონ ესაძემ დაიწყო XIX ს-ის მიწურულს. 1898 წელს გამოვიდა მისი წიგნები: „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“ და „აღმოსავლეთის ომი“. შემდეგ მეცნიერმა შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: „ისტორიული წერილები კავკასიის მმართველობის შესახებ“, „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება“, „ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩაჩნეთსა და დაღესტანში“, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული“.

სიმონ ესაძე აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის საკითხებს. თავის გამოკვლევებში ცდილობდა დაედგინა საქართველოს ადგილი და მნიშვნელობა რუსეთის კავკასიის პოლიტიკაში. კაპიტალური ნაშრომი მიუძღვნა კავკასიაში რუსეთის ადმინისტრაციული მართვის ისტორიას. აქვს აფხაზეთის ისტორიისადმი მიძღვნილი საინტერესო გამოკვლევები. დიდი დამსახურება მიუძღვის კავკასიის არმიის შტაბების, კორპუსებისა და ნაწილების არქივების მოვლა-პატრონობაში. რუსეთის სამოქალაქო ომის წლებში განადგურებისაგან იხსნა ვლადიკავკაზის ადგილობრივი ბრიგადისა და ყიზლარის არქივების 100 ათასამდე საქმე.

სიმონ ესაძის მოღვაწეობას დადებითად აფასებდა ილია ჭავჭავაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები