გიორგი გობრონიძე: დღეს უკრაინის ამოცანა რუსული ტერიტორიების დაკავება კი არა, საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებაა

დღეს უკრაინის ამოცანა რუსული ტერიტორიების დაკავება კი არა, საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებაა”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, გიორგი გობრონიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთს არა აქვს უკრაინისგან იმედგაცრუების რეალური საფუძველი.

”ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთ-ერთ ინტერვიუში სწორად აღნიშნა, სამხედრო ექსპერტების დიდი ნაწილი ჯერ იმას ამტკიცებდა, კიევი სამ დღეში დაეცემაო, ახლა კი იგივე ექსპერტები ამბობენ, რაღაცაშია საქმე, უკრაინა სამ დღეში რომ ვერ იბრუნებს ტერიტორიებსო. მოდი, შევხედოთ, რა გვაქვს რეალურად ბრძოლის ველზე უკრაინამ დაკავებული ტერიტორიების ნახევრის გათავისუფლება უკვე შეძლო, რაც კარგი შედეგია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ შეცვლილია მოცემულობა თუ აქამდე უკრაინელები იყვნენ თავდაცვით პოზიციაში, ახლა რუსები არიან. დასავლეთში ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც იფიქრეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბლიცკრიგი იმუშავებდა. ასეთივე შეცდომა დაუშვა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა – ეგონა, სწრაფი შეტევით შეძლებდა რუსეთის დაპყრობას. ნამდვილად არ არის იოლი რუსული არმიის მოგერიება.

დღეს უკრაინის ამოცანა რუსული ტერიტორიების დაკავება კი არა, საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებაა. დღეს რუსები დგანან თავდაცვაში, თავდაცვითი პოზიციიდან ბრძოლა კი გაცილებით იოლია, ვიდრე თავდასხმაში ყოფნა. რაც შეეხება დასავლეთის იმედგაცრუებას, ეს არასწორმა მოლოდინმა განაპირობა. სულაც არ ველოდი, რომ რუსულ თავდაცვის ზღუდეებს უკრაინელები ერთი შეტევით გაარღვევდნენ. ყველას გვინდა უკრაინამ სწრაფად გაათავისუფლოს საკუთარი ტერიტორიები, მაგრამ ეს იოლი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ რუსებს ძალიან დიდი ცოცხალი ძალა ჰყავთ და თავდაცვითი ფორტიფიკაციების შესაქმნელადაც საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ. დიახ, ახლა რუსები ნამდვილად მომგებიან პოზიციაში არიან, მაგრამ საკითხავია, რამდენად მომგებიანია მათი მდგომარეობა ჯამში – რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების გარემოს შეცვლას აპირებდა, დღეს კი უკრაინელთა კონტრშეტევის მოგერიებაშია. დასავლეთს არა აქვს უკრაინისგან იმედგაცრუების რეალური საფუძველი. არ ვიცი, რა ოპერატიული გეგმა ჰქონდა უკრაინას, მაგრამ ამ მომენტში ამ ქვეყნის პოზიცია ცუდი არ არის, განსაკუთრებით იმ მოლოდინთან შედარებით, როგორიც ომის დაწყების პირველ დღეებში იყო.

არც უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ამ ზამთარს გარდატეხა მოხდება ბრძოლის ველზე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ როგორც რუსული ჯარის უკან დახევას, ასევე უკრაინელების წინსვლას. ომი უკვე პოზიციური ბრძოლების ფაზაში შევიდა. ტერიტორიაც იძლევა ამის საშუალებას და ისიც, რომ რუსეთი უფრო სახმელეთო არმიის ქვეყანაა, დიდი ძალის კონცენტრირება შეუძლია ხმელეთის დიდ მასაზე. რაც დღეს ხდება, კანონზომიერია და არ მიუთითებს, რომ რუსებმა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს… უკრაინას 700 000 ჯარისკაცი ჰყავდა მობილიზებული. ნამდვილად არ უჩივის ცოცხალი ძალის ნაკლებობას. კი, სტრატეგიული რეზერვების შექმნა და შევსება გაჭირდება, მაგრამ იგივე პრობლემა აქვს რუსეთის ფედერაციასაც. მართალია, რუსეთის მოსახლეობა უკრაინისაზე სამჯერ მეტია, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ რუსთა დიდი გადასახლების ორი ტალღა უკვე იყო. თუ პუტინი კიდევ გამოაცხადებს მობილიზაციას, ემიგრაციის მესამე ტალღაც იქნება. ორივე მხარეს უჭირს და ორივე მხარე იბრძვის გამოფიტვაზე. გავაანალიზოთ, გრძელ და საშუალო პერსპექტივაში რა ელის რუსეთის ეკონომიკას. ომის დაწყების პირველ დღეებში რუსეთს გაუყინეს ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტი. საიდან და რითი გაიზარდა რუსეთის ეკონომიკა? აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დასავლურ ბაზრებზე წვდომის შეზღუდვა რუსეთს პირდაპირ დამოკიდებულს ხდის აღმოსავლურ ბაზარზე, აღმოსავლურ ბაზარზე კი დომინანტი ჩინეთია. დიახ, შეიძლება რუსეთმა თავი გაართვას დასავლური სანქციებით შექმნილ სირთულეს, მაგრამ ამის ფასი ძალიან ძვირი იქნება – რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით მეტად დამოკიდებული გახდება პარტნიორ ჩინეთზე და ეს რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა, ვიდრე ნატო და ევროკავშირი. რუსეთი გრძელ და საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცილებით ბევრს კარგავს, ვიდრე იღებს. თუმცა დასავლეთში ნამდვილად შეცდნენ, როდესაც იფიქრეს, რომ მოკლევადიან პერსპექტი­ვაში რუსეთის ეკონომიკა განადგურდებოდა… ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს დასავლეთში ხარჯავდნენ, ქონება დაუყადაღეს. შესაბამისად, მათ მხოლოდ გადარჩენილი კაპიტალის დაბანდება შეძლეს. გარდა ამისა, რაც არ უნდა ბევრი პროდუქტი აწარმოო, გასაღების ბაზრის გარეშე ეს რეცესიას გამოიწვევს. რუსეთისთვის დასავლეთის ბაზარი სასიცოცხლოდ აუცილებელია.

დიახ, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან და დღემდე ყიდულობს რუსულ პროდუქტს. დიახ, დასავლეთი არ არის ერთსულოვანი, არის უნგრეთის, სლოვაკეთისა და ცალკეული ევროპელი ბიზნესოპერატორის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ეს ყველაფერი გამოწვევაა, მაგრამ ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ტიპის სანქციებზე შეთანხმდება დასავლეთი. ძველი სანქციები ვერ და არ იქნებოდა გათვლილი მოკლევადიან ეფექტზე. აგერ ირანი რუსეთზე გაცილებით ნაკლებად იყო ინტეგრირებული დასავლურ ბაზარზე, მაგრამ 30-წლიანი სანქციების მიუხედავად მაინც ახერხებს არსებობას. ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები არ მუშაობს. სანქციები რომ არა, ირანის ეკონომიკა გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდა. გასაგებია, რომ რუსეთის ეკონომიკა მინუსებში არ წავიდა, მაგრამ 40%-ის ნაცვლად 10%-ით რომ იზრდები, ესეც კლებაა.

ამერიკაში როგორიც არ უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას… დემოკრატები მოვლენ ხელისუფლებაში თუ რესპუბლიკელები, ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომის ბოლომდე მიყვანა. სიმართლე გითხრათ, არც კი შეინიშნება, რომ რომელიმე ამერიკულ პოლიტიკურ ძალას სურდეს ამ ომიდან გასვლა. საუბარია იმაზე, რომ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 61 მილიარდი დოლარი უნდა გამოყონ. როგორც გაირკვა, საუბრები იმის შესახებ, რომ უკრაინა ამერიკული დახმარების გარეშე დარჩებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკის სტრატეგიული ამოცანაა ამ ომის რუსეთის დამარცხებით დასრულება. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ტრამპის განცხადებას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომს ძალიან მალე დაასრულებს, მას არ უთქვამს,თუ როგორ დაამთავრებს. შესაბამისად, არ გაგიკვირდეთ, რომ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი ბირთვული იარაღის მუქარით დაამთავროს. სხვათა შორის, ტრამპის პრეზიდენტობა რუსეთისთვის ძალიან ცუდი იყო – დასავლეთის ქვეყნებმა ტრამპის ზეწოლით გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი, ტრამპი იყო ერთადერთი ლიდერი, რომელმაც საქართველოს ლეტალური იარაღი მიაწოდა, ის იყო ლიდერი, რომელმაც დაბომბა რუსული ბაზები სირიაში. დემოკრატების ფრთებქვეშ შეყუჟული მედია ტრამპის შესახებ ობიექტურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ტრამპი რომ ამბობს, რუსეთთან კარგი ურთიერთობა მინდაო, იქვე დასძენს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მექნება რუსეთთან კარგი ურთიერთობაო!”, – განაცხადა გობრონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები