რა კავშირში შეიძლება იყოს წარღვნასთან მთვარე
წარღვნაზე ინფორმაცია მსოფლიოს მრავალ ერს აქვს: ინდუსებს, ლიეტუველებს, ტიბეტელებს, ავსტრალიელებს, კოლუმბამდელ ამერიკელებსაც კი ჰქონდათ წარღვნის თავისი ვერსია. ესპანელები, ვინც პირველად დაადგეს ფეხი „აღთქმულ მიწაზე“, გაოგნებულები იყვნენ ადგილობრივი ტომების მიერ მოყოლილი წარღვნის მითისა და ბიბლიური გადმოცემის მსგავსებით.
„აქ როდის-ღა იქადაგეს?“ – კითხულობდნენ ისინი გაოცებულები, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ „წარღვნის ლეგენდის“ პირველი და უძველესი ვერსია ბიბლიის დაწერამდე შუმერებს ჰქონდათ თიხის სამ ფირფიტაზე ამოტვიფრული – მითი „ბილგა მესზე“ (აქადურად გილგამეში).
გილგამეშის ეპოსის მიხედვით, „ურუქის მეფე და გმირთაგმირი“ კიდობანში ცხოველებთან ერთად შევიდა, რათა თავი დაეღწია წყალდიდობის, ქარისა და მოახლოებული წარღვნისათვის, რომელიც 7 დღე-ღამე გაგრძელდა.
გილგამეშის კიდობანი ნიცირის მთასთან (მესოპოტამია) გაჩერებულა, საიდანაც მეფეთა შორის გამორჩეულს ჯერ მერცხალი, მერე კი მტრედი გაუფრენია, რათა გაეგო, მიუახლოვდნენ თუ არა მიწას. (ნოესთან გვაქვს ყვავი და 2 მტრედი)
ძალიან ჰგავს კიდობნის აშენების მეთოდოლოგიებიც. მეოცე საუკუნის შუაში, ფრანგი ეთნოლოგი Andre Leroi Gourhan წერდა წარღვნის 80-მდე ვერსიის არსებობის შესახებ, მათგან 70 არანაირ კავშირში არაა ბიბლიურ ვარიანტთან.
აზიური ვარიანტი 13 მითია. 4 ვერსია ევროპული, 5 კი აფრიკულია. 9 ვარიანტი ავსტრალიისა და ოკეანიის ქვეყნებიდან მოაგროვეს მკვლევრებმა 37 ვერსია „ახალი სამყაროდან“ (Native American ხალხისგანაა).
ისტორიკოსი რიჰარდ ჰენიკე წერს, რომ სხვადასხვა ხალხში წარღვნის პერიოდი 5 დღიდან 52 წლამდე მერყეობს (აცტეკური ვარიანტი).
17 შემთხვევაში, წარღვნის მიზეზი წყალდიდობაა, დანარჩენ ვერსიებში, ესაა ზვავი, მეწყერი, მიწისძვრები, ყინულის დნობა, ცუნამი და სხვა. (ჩინელებს სჯერათ, რომ ზოგადად, ყველა წყალდიდობას ავი სული კუნ-კუნი იწვევს).
თავიდან იყო ვერსია, რომ არანაირი წარღვნა არ ყოფილა და ეს ადამიანური გონების გამონაგონია, მაგრამ ურის, ბაბილონის, ურუქის, ნინევიის, ტელოს გათხრებმა აჩვენეს, რომ წარღვნა ნამდვილად არსებობდა და ეს ქრისტესშობამდე 3000 წლით ადრე მომხდარა.
და მაინც, რამ გამოიწვია კატასტროფა? ლენგდონის ვერსიამ მონღოლეთის ტერიტორიაზე ზღვის არსებობის შესახებ, რომელმაც დასავლეთი წალეკა (მე ეს უფრო სიმბოლური ნათქვამი მგონია), თუ ყინულების დნობამ (ყველა ყინულიც რომ დადნეს, ოკეანე კილომეტრობით ვერ აიწევს სიმაღლეში)?
ერთი, რაც ყველა ლეგენდას საერთო აქვს, არის ის, რომ მათ დროს არ არსებობდა მთვარე. ამ პერიოდის ხალხს ასეც ეძახიან „მთვარემდელ ადამიანებს“ (ძველ ბერძნები ეძახდნენ მათ პროსელენელებს (არ ვიცი რამდენად სწორი თარგმანია). არისტოტელე, აპოლონ როდოსელი და სხვები წერენ, რომ არსებობდა Pyrra-ს თაობა, ვისაც მთვარე არასოდეს უნახავს. იმავეს წერს პლუტარქეც და მსგავსი „მეხსიერება“ აქვთ აცტეკებს).
მთვარე, როგორც მოქცევისა და მიქცევის მაკონტროლებელი (მთვარის ციკლის მიხედვით, მოქცევისას, ზოგიერთ ადგილას წყლის დონე ღამეში 18 მეტრსაც კი მატულობს, მაგალითად ფანდის ყურეში, ატლანტის ოკეანის აუზში) უნიკალური კოსმიური ზეგავლენის მატარებელია. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ასტრონომები მთვარეს თანამგზავრს კი არა, დედამიწის „მეუღლეს“ უწოდებენ, რათა უფრო ზუსტად ახსნან ის ურთიერთზეგავლენა, რაც ჩვენ ცისფერ პლანეტასა და მთვარეს ერთმანეთზე გააჩნიათ.
თუ ვივარაუდებთ, რომ ოდესღაც დადგა პერიოდი, როდესაც მთვარე დედამიწას ძალიან მოუახლოვდა (სავსებით შესაძლებელია, რადგან ნასა გვარწმუნებს, რომ თანამგზავრი ნელა, მაგრამ მაინც გვშორდებაო), ამან შესაძლოა, გამოიწვია წყლის დონის სწრაფი მატებაც. რაკი მთვარე ძალიან ახლოს იქნებოდა ჩვენთან, მისი „ბრუნვაც“ უფრო შენელებული და შესაბამისად, მოქცევების პერიოდიც უფრო ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, რასაც წყლის დონის რამდენიმე ასეული მეტრით აწევა შეიძლება, გამოეწვია.
გურამ მეგრელიშვილი