თბილისში ცნობილი კომპოზიტორის, არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს მხარდაჭერითა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, თბილისში, ცნობილი კომპოზიტორის, არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა გაიხსნა.

საკრებულოს ინფორმაციით, აბრა უზნაძის ქუჩა #93-ში მდებარე შენობაზე განთავსდა, სადაც არამ ხაჩატურიანი 1906-1922 წლებში ცხოვრობდა. აღნიშნული საკითხი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ განიხილა და მას დადებითი რეკომენდაცია მისცა.

ცნობილი კომპოზიტორის მემორიალური დაფა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა გახსნეს. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ცნობილი კომპოზიტორის მემორიალური დაფის გახსნა ამ მეგობრობის კიდევ ერთი სიმბოლოა.

„მე-20 საუკუნის გენიალური კომპოზიტორის, დირიჟორისა და პედაგოგის არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფის განთავსების თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ მომართა. ამ სახლში, რომელიც XIX საუკუნის ბოლო პერიოდით თარიღდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წლიდან აქვს მინიჭებული, ცნობილი კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი 1906-1922 წლებში ცხოვრობდა. ხაჩატურიანი საქართველოში დაიბადა და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში თან სდევდა თბილისთან დაკავშირებული მოგონებები. მის შემოქმედებაზე, სომხურ ხალხურ მუსიკასთან ერთად, გავლენა თბილისურმა ქალაქურმა ფოლკლორმაც მოახდინა. მემორიალური დაფის გახსნა თბილისში კიდევ ერთი სიმბოლოა ქართველი და სომეხი ხალხის ურყევი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის“ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები