ცხოვრების გასაიაფებელი 5 მარტივი ხრიკი საბჭოთა კავშირში
დღეს ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი ცხოვრებისეული ხრიკი, ე.წ. ლაიფჰაკი, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას უფრო მარტივს გახდის – შეგიძლიათ გადაჭრათ აქტუალური პრობლემები ან, უბრალოდ, დაზოგოთ ფული. ასეთი მეთოდები, ცხადია, სსრკ-ს ეპოქაშიც არსებობდა, თუმცა მასობრივი საკომუნიკაციო ქსელების არარსებობის გამო, ბუნებრივია, ამ ყველაფერს მოქალაქეები ერთმანეთს ზეპირად გადასცემდნენ. წარმოგიდგენთ 5 მარტივ ხრიკს, რომელიც საბჭოთა კავშირში აქტიურად გამოიყენებოდა – საბჭოთა კავშირში, სადაც სიღარიბე სუფევდა.
პური კატლეტებში
ცნობილია, რომ საბჭოთა კატლეტებში ხორცი ძალიან ცოტა იყო, რადგან ძვირი ღირდა. კატლეტებს ამზადებდნენ მცირე რაოდენობის, დაბალი ხარისხის ფარშის, ხახვის, ბულიონისა და ჭვავის პურისგან. ხორბლის პურის გამოყენებაც შეიძლებოდა, მაგრამ ჭვავის პური უფრო იაფი იყო. კვერცხს იშვიათად იყენებდნენ, ესეც იმავე მიზეზის გამო… საბჭოთა სასადილოებში მომზადებულ კატლეტებში ხორცის რაოდენობა ხშირად, თითქმის, ნულამდე იყო დასული და რასაკვირველია, რომ პური ჭარბობდა.
აგური ღუმელში
აგური ძალიან ეხმარებოდა საბჭოთა დიასახლისებს, რომლებსაც ღუმელში რაღაცის გამოცხობა უყვარდათ. ქვეყანამ, რომელმაც კოსმოსში რაკეტები გაუშვა და ატომური ელექტროსადგურები ააშენა, ვერ შეძლო მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ღუმელების წარმოება. საბჭოთა ღუმელებში საჭმლის ძირი იწვებოდა, ზედა ნაწილი კი, უმი რჩებოდა. ღუმელში მოთავსებული ჩვეულებრივი აგური კი ჯერ თავად თბებოდა, შემდეგ კი, ნელა და თანაბრად ავრცელებდა სითბოს. ამ მეთოდით, ღვეზელები ბევრად უკეთესი გამოდიოდა.
გაზეთები, ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად
ტუალეტის ქაღალდი სსრკ-ში არსებობდა, თუმცა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ მოსახლეობა მასობრივად იმპროვიზებული საშუალებების გამოყენებით იყო დაკავებული. რულონებში არსებული ცოტა ქაღალდის ნაცვლად, პოპულარული იყო გაზეთები, რომელთა რაოდენობაც საბჭოთა ოჯახებში ნამდვილად საკმარისი გახლდათ. თუმცა, მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ საბეჭდი მელნის გარკვეული კომპონენტები სიმსივნის წარმოქმნასაც უწყობდა ხელს.
ჰიგიენა სარეცხი საპნით
სსრკ-ში ხელის დასაბანი საპონი ხშირად ცოტა იყო, მაგრამ სარეცხი საპონის დეფიციტი ნამდვილად არ არსებობდა. ყავისფერი ზოლები, ბეჭდური წარწერით – „65%“ ან „72%“ გადაეცემოდათ ქარხნების მუშებს, რათა მათ სამუშაო ტანსაცმელი გაერეცხათ. თუმცა, საბჭოთა ხალხი სარეცხ საპონს ყველა მიმართულებით იყენებდა – იქნებოდა ეს ხელ-პირისა და თმის დაბანა თუ ბავშვების ტანსაცმლის ან თეთრეულის გარეცხვა.
მოქალაქეების უმეტესობას სჯეროდა, რომ ეს საპონი უფრო ჯანსაღი იყო, ვიდრე სურნელოვანი საპნები, მაგრამ ეს სიმართლე არ იყო. სამრეცხაო საპონი შეიცავდა ბევრ საშიშ ნივთიერებას, როგორიცაა როზინი, კაუსტიკური სოდა და ცხიმოვანი მჟავები. ეს საპონი ხორცის გადამამუშავებელი მრეწველობის ნარჩენებისგან მზადდებოდა.
სოდა, როგორც საყოფაცხოვრებო ქიმიკატების შემცვლელი
საბჭოთა დიასახლისებს არ ჰქონდათ წვდომა საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ფართო სპექტრზე, რაც დასავლეთში დიასახლისებს ნამდვილად შეეძლოთ. ამიტომ, ისინი იყენებდნენ იმას, რაც მაღაზიის თაროებზე იდო. სოდა იყო პროდუქტი, რომელსაც ყველაფრის გასაწმენდად იყენებდნენ – აბაზანის, ტუალეტის, იატაკის, ჭიქების, ჭუჭყიანი ხელებისაც კი…