როგორ დასაჯეს ვასილი სტალინი მამის სიკვდილის შემდეგ, მამის მეთოდებით

სტალინის შექმნილმა ტოტალიტარულმა სისტემამ ბელადის სიკვდილის შემდეგაც შესანიშნავად იმუშავა – საკუთარი წევრების, ერთგული და საეჭვო ადამიანების სიცოცხლეების მოსპობა განაგრძო….

1961 წლის მარტში ყაზანში მატარებლიდან კაცი ჩამოვიდა. ჯიბეში მორჩენილი 49 მანეთი, ჩემოდანში კი ვერცხლის ყანწი, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და ქართული გრამფირფიტები ედო. კაცს ვასილი პავლოვიჩ ვასილევი ერქვა და ის რამდენიმე თვეში ამავე ქალაქში გარდაიცვალა.

გაგარინის 105 ნომერში, სადაც ვასილ ვასილევი დაბინავდა, თითქმის არავინ მიდიოდა, არადა, იყო დრო, ამ კაცის მოსკოვის ბინაში დიდი მხიარულება და დროსტარება იმართებოდა ხოლმე. მაშინ, როცა ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები 100 გრამ შავ პურზე ცხოვრობდნენ, ვასილის სტუმრები ხიზილალას, „ვოდკას“, შამპანურს და „9-სართულიან სუფრებს“ არ იკლებდნენ. მისი ბინა მოსკოვში რუსული სამხედრო ელიტის თავშეყრის ადგილი იყო, მაგრამ მაშინ ვასილი პავლოვიჩს სხვა სახელი და გვარი ჰქონდა.

1953 წლის 28 აპრილს, ბელადის სიკვდილიდან თვე-ნახევრის შემდეგ, ნასვამი ვასილი სტალინი საწოლიდან წამოაგდეს. გამომძიებელმა მანქანაშივე წარუდგინა ბრალი და ბელადის შვილი სახელმწიფო ქონების განიავებაში დაადანაშაულა. 20 მილიონი მანეთი – დაახლოებით ეს ციფრი იყო პროკურატურის ბრალში და ამ ფულის დიდი ნაწილი, სპორტით გატაცებული მფრინავის მიერ საჰაერო თავდაცვის კლუბის განვითარებაში იყო დახარჯული.

კაცმა არ იცის, რა იყო ამ ბრალში ტყუილი და რა მართალი, მაგრამ სტალინის შვილი მისივე მამის მეთოდებით გაასამართლეს – ბრალი წაუყენეს, დახურულ დარბაზში მიუსაჯეს და გადაასახლეს გამოგონილი სახელითა და გვარით – ვასილი პავლოვიჩ ვასილევის სახელით.

ადამიანებისთვის ქონების, წოდების, ცხოვრებისა და სახელის წართმევა საბჭოთა მეთოდი იყო, სტალინსა და ბერიას განსაკუთრებით უყვარდათ ამგვარი დასჯა. ახლა კი, როცა მამა ცოცხალი აღარ იყო, სისტემა შვილს სწორედ იმავე მეთოდით უსწორდებოდა, როგორც წლების წინ ათას უდანაშაულოს.

ვასილი სტალინის წინააღმდეგ ყველა მეგობარმა მისცა ჩვენება. საყვარლებმა სათითაოდ დაასმინეს, ცოლმაც კი არ უარყო, რომ მისი ქარაფშუტა ქმარი საბჭოთა ქონებას „ბოზებსა და გართობაში ანიავებდა“. ამ ბრალდებაში რამდენიმე პარადოქსი იყო – ჯერ კიდევ 2 თვის წინ, როცა ვასილი სტალინს ყველაფერი ჰქონდა, რაში უნდა დასჭირვებოდა სახელმწიფო ქონების მითვისება და თუ ასე იყო, რატომ არ ასამართლებდა მას მამის რეჟიმი?

ვასილი სტალინი 1960 წელს, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და „სტალინის“ გვარით ცხოვრება აუკრძალეს, რასაც თავდაპირველად ის ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ უპასპორტობის და შესაბამისად, უსამსახურობის გამო, იძულებული გახდა გვარი ჯუღაშვილი აეღო და ყაზანში გადასახლებაზე დათანხმებულიყო.

უკანასკნელი ცოლის, კაპიტოლია ვასილევნას ჩანაწერებით, ერთოთახიან ბინაში, სადაც მისი ქმარი დააბინავეს, მალე ვინმე მარია ნუზბერგი გამოჩნდა. ქალბატონი ნუზბერგი ვასილისთვის მედდისა და საყვარლის (მოგვიანებით მასთან ოფიციალურადაც მოაწერა ხელი) ფუნქციას ასრულებდა. ქალი სუკმა ციმბირიდან შვილებთან ერთად ჩამოიყვანა და ვასილისთან ახლოს დაასახლა, რათა „ლოთი“ კაცისთვის მოევლო და ყურადღება მიექცია. სწორედ ამ „ყურადღების“ პროცესში წაასწრო ცოლმა, კაპიტოლიამ ვასილისა და მარიას და სახლიდან წავიდა.

ვასილის მესამე ცოლის გახსენებით, 1961 წლის იანვრიდან, რაც მან ვასილი ჯუღაშვილი მიატოვა, კაცთან მომვლელად ნუზბერგი დარჩა, ვინც სასმელდამოკიდებულების სამკურნალოდ, ვასილს „ძილის წამალს“ უკეთებდა. კაპიტოლია იხსენებს, რომ როდესაც დასახელების შემოწმება სცადა, ნუზბერგმა ამპულა იატაკზე დააგდო და ფეხით გატეხა.

ერთ თვეში, ცოლმა ყოფილ ქმარს ჩააკითხა და ღონემიხდილი, ლოგინად ჩავარდნილი ვასილი ნახა. რატომ არ დამირეკე? – ჰკითხა სტალინს. – არ ვიყავი, წამიყვანეს.
– სად?
ვასილი სტალინმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან ცოლ-ქმრის შეხვედრა ნუზბერგმა და სუკის ოფიცერმა შეწყვიტეს.

ეს იყო 1962 წლის 14 მარტს. 19-ში ვასილი ვასილევის სახელით სტალინის უმცროსი ვაჟი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკრძალვაზე თითქმის არავინ მისულა სუკ-ის თანამშრომლების გარდა. პანაშვიდები ვასილისა და მისი მეოთხე ცოლის ბინაში იყო. კაპიტოლიას თქმით, როდესაც სასაფლაოზე კუბოს საფლავში უშვებდნენ, ის ყოფილ ქმართან გამოსამშვიდობებლად დაიხარა და ყველასთვის მოულოდნელად სუდარა გადახადა. იქ საშინლად დასუსტებული, ყვრიმალებჩალეწილი და ცხვირგატეხილი კაცი ნახა, რომელშიც ძლივს ამოიცნო ოდესღაც სპორტული აღნაგობის ჯანმრთელი მფრინავი.

საფლავს რკინის 49-კაპიკიანი ფირფიტა დააკრეს, რომელზეც გვარის ნაცვლად უპატრონო მიცვალებულების აღმნიშვნელი რამდენიმე ციფრი ეწერა.

ვასილი სტალინის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად ლოთობისგან სიკვდილი სახელდება.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები