ყველაფერი, რაც “შავი პარასკევის” შესახებ უნდა ვიცოდეთ – საიდან მოდის აღნიშნული ტრადიცია
დიდი ალბათობით, თქვენ უკვე არც ისე ცოტა შეტყობინება მიიღეთ ფასდაკლების შემოთავაზებით და ქუჩებშიც ხშირად აწყდებით ბანერებს წარწერით – Sale. მიუხედავად გლობალური კრიზისისა, რომელიც თავდაპირველად პანდემიამ, შემდეგ კი ომმა გამოიწვია, ნოემბრის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით კი, თვის ბოლო პარასკევი (ამ შემთხვევაში, 25 ნოემბერი), მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „შავი პარასკევია“. ეს კი გლობალურ ფასდაკლებას ნიშნავს და ბაზრის, თითქმის, ყველა სეგმენტს მოიცავს.
რა არის “შავი პარასკევი” და საიდან გაჩნდა?
ბოლო დროს “შავ პარასკევს” მასშტაბურ ფასდაკლებას უწოდებენ, რომელიც მოიცავს როგორც ტექნიკას და ტანისამოსს, ისე, კოსმეტიკას, სურსათს და წამლებსაც კი. ტრადიციულად, ფასდაკლება ამერიკაში იწყება „მადლიერების დღის“ მეორე დილით (მას ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღნიშნავენ) . სწორედ ერთ ასეთ პარასკევს დაიწყო წინასაშობაო ფასდაკლებების დღე, მაგრამ დასახელება „შავი პარასკევი“ მაშინვე არ გაჩენილა.
პირველად ეს ტერმინი 1869 წლის 24 სექტემბერს გაისმა აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გაჩენილი პანიკის დროს: მაშინ ოქროს კურსი 30%-ით დაეცა და ბევრი წვრილი ბიზნესი დაზარალდა. შემდეგ უკვე მე-20 საუკუნის 50-იან წლებში „შავ პარასკევად“ „მონათლეს“ ფილადელფიის გზაზე დიდი საცობი, რომელიც მადლიერების დღის მეორე დილით დაიწყო – საგზაო პოლიცია ვერ უმკლავდებოდა სატრანსპორტო კოლაფსს. ზუსტად ასე მოხდა ამ სახელის მიმაგრება ნოემბრის ბოლო პარასკევზე.
საცალო ვაჭრობასთან მას აკავშირებს ამერიკელი მეწარმეების ორფერიანი ბუღალტერიის წარმოება: ზარალი აღინიშნებოდა წითელ ფერად, ხოლო შემოსავალი შავად. როგორც ჩანს, მადლიერების დღის მერე მასობრივი გაყიდვებს კარგი შემოსავალი მოჰქონდა და საბუღალტრო ჩანაწერები სულ შავი იყო. ასეა თუ ისე, შავი ფერი ნოემბრის ბოლო პარასკევს 1980-იან წლებში შეერწყა და კონსუმერიზმის განუყრელი ნაწილიც გახდა.
ჩვენ არ გვაქვს მადლიერების დღე, მაგრამ „შავი პარასკევი“ კი – რატომ?
დიახ, თავდაპირველად „შავი პარასკევი“ ამერიკული გამოგონება იყო, მაგრამ შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. საქართველომდე ამ ფენომენმა, დაახლოებით, 2010-იანი წლების დასაწყისში მოაღწია ონლაინვაჭრობის წყალობით. ფასდაკლებების დიდი ნაწილი დღემდე მეტწილად ინტერნეტმაღაზიებშია ხოლმე წარმოდგენილი.
ამერიკულ ფასდაკლებას დამატებითი შინაარსიც ჰქონდა: გამყიდველები არა მხოლოდ იშორებდნენ ზედმეტ საქონელს, რომელიც მადლიერების დღისთვის ჰქონდათ მომარაგებული, არამედ იზიდავდნენ მათ, ვისაც ნაადრევად სურდა საშობაო დღესასწაულებისთვის რაიმის შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ეს დღესასწაული ცოტა უფრო გვიან არის, ტრადიცია მაინც მოვირგეთ – საახალწლო საჩუქრების არჩევა წინასწარ სჯობს. ბოლოს და ბოლოს, მასშტაბური ფასდაკლების რაიმე დღესასწაულთან მიბმა კარგი მარკეტინგული სვლაა. მომხმარებლები ეჩვევიან, რომ უშუალოდ იმ დღეს შეიძლება ნივთების და მომსახურებების დიდი ფასდაკლებით შეძენა და თავიანთ „შოპინგს“ ზუსტად „შავი პარასკევისთვის“ გეგმავენ, რაც ძალიან სარფიანია მაღაზიებისთვის.
ფასდაკლებები რეალურია?
სამწუხაროდ, ყოველთვის არა. ბევრი გამყიდველი იმით იტყუება, რომ ნოემბრის დასაწყისში ფასს უმატებს, რათა ფასდაკლების დღეს ეფექტურად დააკლოს. საბოლოო ფასდაკლება ან ძალიან მინიმალური გამოდის ან საერთოდ არ გამოდის.