რაფაელი და მარგარიტა – მოღალატე ქალი, რომელსაც შემოქმედმა საუკუნო სიცოცხლე აჩუქა
1514 წლის აგვისტოში რაფაელი რომის ერთ-ერთ საფუნთუშეში შევიდა და შუა ხნის კაცს დახლზე 50 ოქრო დაუდო. აქ რომ გოგონა შემოვიდა, იმის დახატვის უფლება მომეცითო, უთხრა და თვალი მოავლო საცხობს.
კაცმა მონეტები შეაჩხრიალა, კბილით მოსინჯა, შუქზე გახედა და დაიყვირა: მარგარიტა, მარგარიტა შე ცელქო გოგო, გამოდი, ბატონს შენი დანახვა უნდაო.
რაფაელს იმავე წელს რომის პაპისგან პეტრეს ტაძრის მოხატვაზე შეკვეთა ჰქონდა მიღებული. აქაოდა, დიდი მაესტრო ჩამოვიდაო, “წვრილ-წვრილი” დამკვეთებიც გამოჩნდნენ და მოკლედ, ფული ზომაზე მეტი ჰქონდა.
მაგრამ “ამურისა და ფსიქეას” ნატურას ვერ პოულობდა და მუშტებს იკბენდა ბრაზისგან, როცა ფანჯრიდან დაუნახავს ის, ვინც მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი უნდა გამხდარიყო. (სხვა ვერსიით, ტიბრთან მოსეირნე რაფაელმა ხეს მიყრდნობილი, წვიმას შეფარებული 17 წლის მარგარიტა დაინახა, როცა გოგოს სველი ტანსაცმელი ტანზე შემოკვროდა და სხეულის ყველა ნაკვთი უჩანდაო).
მარგარიტა ლუტი, იგივე ფორნალინა კეკლუცი იტალიელი გოგო იყო, ახალგაზრდა მწყემსის საცოლე და ალბათ, უფრო მეტი ამბიციის მქონე, ვიდრე მწყემსის ცოლობაა, ამიტომ მამის ნებართვას, გაჰყოლოდა ოსტატს დასახატავად, სიამოვნებით დასთანხმდა.
ეს მომენტი მარგარიტას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამის მერე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
სახელოსნოში მისულმა მარგარიტამ დანანებით თქვა, რომ აქ მოსვლა საქმროსთანაც უნდა შეეთანხმებინათ, მაგრამ იქვე დაამატა, რომ სიყვარულის გარეშე თხოვდებოდა, რადგან 17 წლის გოგოს დარჩენა მამის სახლში დიდი სირცხვილი იყო. თან იქვე დაამატა, დიდი კი არაფერი, ერთი მწყემსი ბიჭია, ალბანოდანო.
რაფაელმა კურტიზანი ქალი ანდრეასთვის ნაყიდი ძვირფასი სამკაული დაუბნია გულზე გოგოს და დანანებით თქვა, რომ ნამდვილი პრინცესა მხოლოდ პრინცის ცოლი უნდა გახდესო. მარგარიტა წინააღმდეგი იყო ძვირფასი საჩუქრის, მაგრამ რაფაელმა უთხრა, რომ ჩუქების ნაცვლად, 10 ცალ კოცნად მიჰყიდდა (ეს 10 კოცნა 1000 გახდა მალევე).
ეს სამკაული თვალში მალევე მოხვდა საქმროს, ტომაზო ჩინელის, ვინც დიდი სკანდალი მოაწყო მეპურის სახლში, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ქორწილის დღე დაჩქარდა და გოგომაც ეკლესიაში, ხატთან პირობა დადო, რომ აღარ მივიდოდა მაესტროს ბინაში, რაც სამ დღეში დაარღვია (და ახლა რაფელის თანდასწრებით დადო იგივე აღთქმა).
ტომაზომ სულ კურტიზანი ეძახა საცოლეს, მარგარიტამ კი, “მეჯოგის ცოლობას და პატიოსანი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრისგან შებოჭილი ქალის სახელს, კურტიზანობა და თავისუფლება მირჩევნიაო”.
მოკლედ, ვერ მორიგდნენ. ტომაზომ აპატია საცოლეს, მაგრამ მაინც ვერ მორიგდნენ და გოგო მხატვართან გადასახლდა.
რაფაელი “უმანკო ანგელოზს” ეძახდა ახალ მუზას (ამ გოგოს სახე ჰქონდა ყველა მადონას), მაგრამ გოგო არც ისეთი უმანკო იყო, რადგან მას შემდეგ, რაც მეფუნთუშისგან 3000 ოქროდ იყიდა გოგო, რაფაელი მთლიანად მარგარიტას ტყვეობაში აღმოჩნდა.
ამ პერიოდში ის თითქმის ვეღარ მუშაობდა და მისმა ყველაზე მსხვილმა დამკვეთებმა, პაპმა ლეომ და ავგუსტინე ჩიგიმ (მსხვილმა ფილანტროპმა და ბანკირმა) გადაწყვიტეს ეს “ეშმაკის ფეხი” გოგო მხატვრისთვის ჩამოეშორებინათ. დაფინანსების შეწყვეტით შეშინებულმა რაფაელმა ხატვა განაგრძო, მაგრამ როგორც კი ყურადღება მოადუნა, მარგარიტამ რაფაელთან სტუმრად მოსული ჩიგის თანდასწრებით “შემთხვევით” მოიშიშვლა მხრები და მალე ავგუსტინეს ვილაზეც გადასახლდა. მიზეზი ბანალური იყო “დამკვეთი მხატვრის დროზე ზრუნავდა”. (აქ უკვე მთელი დრამატურგია შემოდის, რადგან ტომაზო, ვინც ამ ხნის მანძილზე მოკვლით ემუქრებოდა მარგარიტას, ჩიგის მსახური აღმოჩნდა, დამქირავებელმა კი მწყემსის ბიძაშვილს გადაუხადა და ბოსელში დაამწყვდევინა ბიჭი).
მარგარიტა მალევე დაბრუნდა რაფაელთან. ცდუნება დიდი იყო – არავის შეეძლო მისი მშვენიერება დაეტოვებინა კაცობრიობისთვის, თუ არა რაფაელს, ავგუსტინეს ფული კი დიდი ვერავითარი შვება იქნებოდა.
რაფაელმა აპატია საყვარელს (პრინციპში, არც იცოდა, რომ გოგო ღალატობდა), მაგრამ მალე, მისმა ახალმა მოწაფემ კარლო ტერაბოჩიმ ცხვირწინ ააცალა “ფორნარინა”. როგორც სხვა მოწაფეები ამბობდნენ “რაფაელის სახელოსნოში, რაფაელის ფუნჯებს შორის”.
ეს დიდი სირცხვილი იყო. სხვა მოწაფეებმა დუელში გამოიწვიეს ტერაბოჩი და პირველივე შეტაკებისას მოკლეს კიდეც (პირინო დელ ვაგასგან).
რაფაელი ისე მოკვდა, ეს ამბავი არ გაუგია, არც მარგარიტას ახალი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ იცოდა. ბოლომდე სჯეროდა, რომ გოგო უმანკო იყო, როგორც კრავი.
სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, პაპმა კარდინალი გაუგზავნა რაფაელს, რათა ამ უკანასკნელს საკუთარი ხელით ეზიარებინა მომაკვდავი მაესტრო. კარდინალმა არ ინება “კურტიზანი” ქალის თანდასწრებით პაპის კურთხევა გადაეცა რაფაელისთვის, მაგრამ მხატვარმა თქვა: დატოვეთ ეს ღვთაებრივი მადონა ჩემ გვერდით, ის ხომ ჩემი სუნთქვა და სიხარულია, ჩემი მადონა!
რაფაელი 1520 წლის 6 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები იყო: “ჩემი ფორნარინა!”
ქონების დიდი ნაწილი სწორედ მარგარიტას დაუტოვა რაფაელმა, მაგრამ დაკრძალვის შემდეგ, გოგო ავგუსტინე ჩიგის ვილაზე ოფიციალურად გადასახლდა.
მაგრამ რაფაელის მოწაფეებმა დიდი სკანდალი ატეხეს და ჩიგიმაც “მოიბეზრა” ფორნარინა და სახლიდან გააგდო.
ამას დაემთვხა ისიც, რომ 5-წლიანი ტყვეობის შემდეგ ტომაზო გამოუშვეს ბოსლიდან.
მწყემსმა მამის სახლში მიაგნო მარგარიტას. ქალმა საკუთარი სხეული შესთავაზა სიცოცხლის სანაცვლოდ, მაგრამ ტომაზო დაიხარა და ერთი მუჭა მიწა მიაყარა სახეში იმ ქალს, ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ოდესღაც.
მარგარიტა ლუტი მონასტერში წავიდა და იქ დაასრულა სიცოცხლე.
ახლა მისი სახე მსოფლიოს მუზეუმების კედლებს ამშვენებს და ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ ითვლება მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში.
გურამ მეგრელიშვილი