დავით საგანელიძე ადგილობრივ არჩევნებზე საარჩევნო შტაბს აღარ უხელმძღვანელებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას აღარ აპირებს. საგანელიძის განცხადებით, ის საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა არა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში.
“პოლისაბჭოს სხდომაზე განვაცხადე და თქვენთანაც ვიტყვი, არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. დავასახელე კიდეც კანდიდატურა, თუ ვინ სჯობს, რომ იყოს. ამის მიზეზი მარტივია – სწორი არ იქნება, რომ ზედიზედ მესამე არჩევნების ხელმძღვანელი ვიყო. რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, განახლდეს და გადახალისდეს. შესაბამისად, მართებული იქნება, რომ შტაბის ხელმძღვანელი იყოს სხვა. ამასთან, გამორიცხულია, რომ საარჩევნო პროცესში აქტიურად არ ჩავერთო და მთელი ჩემი ენერგია და გამოცდილება შტაბს არ დავახმარო” , – განაცხადა საგანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
დავით საგანელიძე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო შტაბებს ხელმძღვანელობდა.