გიგი უგულავას ციხეში კომპიუტერი შეუტანეს – რას ითხოვს ამჯერად თბილისის ყოფილი მერი

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, წინასასამართლო სხდომაზე განცხადება გააკეთა და გარკვეული ნივთებით, მათ შორის პირადი ტელევიზორით, რადიომიმღებითა და კომპიუტერით სარგებლობის სურვილი გამოთქვა.
უგულავას მიერ გაჟღელებული მოთხოვნიდან მალევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ ბრალდებულ გიგი უგულავას, დირექტორის ნებართვით, მის ქცევაზე დაკვირვებისა და უსაფრთხოების შესწავლის შემდეგ, შეიძლება მისცემოდა პირადი ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობის უფლება რაც შეეხება კომპიუტერს, უწყებაში განმარტავდნენ, რომ იმისათვის, რომ გიგი უგულავას კომპიუტერი გადასცემოდა საჭირო იყო მას მსჯავრდებულის სტატუსი და დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება ჰქონოდა განსაზღვრული.
“კვირასთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავას ამ დრომდე არ გადასცემია ტელევიზორი და რადიომიმღები, თუმცა გადაეცა კომპიუტერი.
ფაქტს “კვირასთან“ გიგი უგულავას ადვოკატი გიზო უგულავა ადასტურებს და აცხადებს, რომ გიგი უგულავასთვის კომპიუტერის გადაცემას ფორმალური ხასიათი აქვს.
ადვოკატის თქმით, გიგი უგულავას კომპიუტერი საქმის მასალების გაცნობის მოტივით გადასცეს, თუმცა კომპიუტერს არ აქვს დინამიკები, ამ მიზეზით დედაქალაქის ექს-მერი მის საქმეში არსებულ აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებს ვერ ეცნობა. “გიგი უგულავას არ მისცეს არც კომპიუტერი და არც რადიომიმღები რაც უსამართლობაა, მისცეს კომპიუტერი ესეც ფორმალურად. ასეთი ფორმით კომპიუტერის გადაცემა იგივეა, რაც ავიღოთ უბრალო ყუთი და ზედ დავაწეროთ “კომპიუტერი“. კომპიუტერს არ აქვს დინამიკები, გიგი უგულავა ვერ ახერხებს მისი საქმის მასალებში არსებული აუდიო მტკიცებულებების გაცნობას და საკანში კომპიუტერისთვის დინამიკების შეტანას ითხოვს“, – განუცხადა “კვირას“ გიზო უგულავამ.
“კვირა“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან დაკავშირებას და საკითხთან დაკავშირებით განმარტების მოსმენას შეეცადა, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, უწებასთან კომუნიკაცია ვერ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები