თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ლონდონში შეხვედრებს მართავს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ, ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა ოფისის, ასევე კაბინეტ ოფისის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ანალიტიკური ცენტრის RUSI ხელმძღვანელ სერ დეივიდ ლიდინგტონთან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი კანონმდებლები ბრიტანელ პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრნენ.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებული პარტნიორობა, შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას.
ქართული დელეგაციის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის აუცილებლობასა და გადაუდებელ საჭიროებაზე, როგორც საქართველოს, ასევე ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
ლონდონში გამართულ შეხვედრებში ბრიტანეთში საქართველოს ელჩი სოფო ქაცარავა მონაწილეობს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ირაკლი ბერაია, ირაკლი ჩიქოვანი, ალექსანდრე ტაბატაძე და ხატია წილოსანი.