ვახტანგ მეგრელიშვილი: “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” ლიდერების სერიოზულ პარტიულ დაპირისპირებას ვერ ვხედავ – ამ ხალხის 99%-ს ერთმანეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს

“ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების სერიოზულ პარტიულ დაპირისპირებას ვერ ვხედავ. ამ ხალხის 99%-ს ერთმანეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მეგრელიშვილი ინტერვიუში სოციალური კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა.

“რომ დააკვირდეთ, ის “ნაციონალები”, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩხუბობენ, რაიმე მნიშვნელოვან საკითხებს კი არ აპროტესტებენ, უბრალოდ, უზრდელობენ. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ არც ერთი მხარე არ იხევს უკან, “ნაცებიც” ილანძღებიან და “ქოცებიც”. ხომ საინტერესოა, რის დასაფარად ხდება ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, იმის, რომ კანონებს აღარ ვიღებთ განხილვით. დღეში ასობით კანონს ვიღებთ და სულ აკრძალვებია. ოპოზიციამ ინფორმაცია მაინც მიიტანოს საზოგადოებამდე, თუ რას შვრება ხელისუფლება. ამას ხომ არ აკეთებს და უარესიც, ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობას ბლოკავს. შეიძლება ითქვას, პარლამენტი მართლა აღარ არის ისეთი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ქვეყანას უნდა მართავდეს. აქ პოლიტიკოსები კი არა, როლების შემსრულებელი ადამიანები არიან. საკანონმდებლო ორგანოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს. დემოკრატიულობანას ვთამაშობთ, რაღაც-რაღაცებს სახელები გადავარქვით – ადრე რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტი ერქვა, იმას ახლა “მთავრობა” დავარქვით, სახალხო დეპუტატების საბჭოს კი “პარლამენტი” და ა.შ. ყველაფერი ძველებურადაა, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დღეს ყველაფრის თქმა შემიძლია, შემიძლია აღვწერო ის, რაც სინამდვილეში ხდება და მოგიყვეთ. ადრე ამას ვერ გავაკეთებდი, იმიტომ, რომ დამიჭერდნენ. როდესაც სისტემა ერთ ვერტიკალზეა აგებული და ეს დემოკრატიული ინსტიტუტებით იფუთება, ისეთი სისულელეები ხდება, რასაც დღეს პარლამენტში ვუყურებთ.

ან თავს ვიტყუებთ, ან ვურიგდებით იმ ფაქტს, რომ პარლამენტში კორუფციაა. საქართველოში არ არსებობს სფერო, სადაც წარმატებულ ადამიანს მაღალი შემოსავალი არ ჰქონდეს. თქვენ იცით, რა ჯდება წარმატებული ექიმის, იურისტის მომსახურება? პოლიტიკაში ყველაზე წარმატებულ 150 კაცს, პოლიტიკურ ელიტას, რომელიც 25-მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს, რატომ უნდა ჰქონდეს იგივე ხელფასი, რაც ტაქსის მძღოლს აქვს? ყველაზე დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე ადამიანებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ, ვიდრე პარლამენტარებმა, ანუ რეალურად მათხოვრების პარლამენტი გვაქვს. უკიდეგანო გულუბრყვილობაა დაიჯერო, ეს წარმატებული ხალხი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში მილიონებს ხარჯავს, თვეში 4.000 ან 5.000 ლარად იცხოვრებს. კორუფცია აუცილებლად იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქრთამს იღებენ და ჯიბეში იდებენ? ისიც კორუფციაა, ვიღაცის დაკვეთით რომ აჭერენ ღილაკს ხელს. ეს ხალხი საკუთარ ნებას ყიდის. ამაზე მეტი უბედურება რა არის?! ძალიან ცუდია, რომ დღეს პოლიტიკოსს აკრძალული აქვს პოლიტიკური საქმიანობა: მე რომ იდეის მჯერა, თუ სხვა ადამიანებსაც სწამთ ამ იდეის, რატომ არ უნდა მქონდეს უფლება პარლამენტში ლობირება გავუწიო? ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელიც საჯაროდ ფინანსდება – ხან გვაჯარიმებენ და ხან სხვა პრობლემებს გვიქმნიან. ყველა სხვა პარტიაში სხვაგვარი მექანიზმები მუშაობს და ყველამ კარგად ვიცით, რაც არის ეს მექანიზმები. ამიტომაც არ არსებობენ საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, ამიტომ არ აფიქსირებს დეპუტატი საკუთარ პოზიციას პარლამენტში. თქვენ გინდათ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოვა, არც თავისუფალი იყოს და არც წარმატებული. არც ის გინდათ ეს ადამიანები თავიანთი უნარების შესაბამისად დაფინანსდნენ. თუ საზოგადოების ყველა წარმომადგენელს გინდათ გამდიდრება, პოლიტიკოსებს რატომ არ უნდა გვინდოდეს? “ფარას კანონი”, რომელსაც მთელი საქართველო აპროტესტებდა, ამერიკაში იმიტომ არის დაშვებული, რომ ლობისტური საქმიანობაა დაშვებული და პოლიტიკოსებს ევალებათ თავიანთი ლობისტური საქმიანობა საჯარო გახადონ.

საზოგადოებამ პოლიტიკოსები თავიანთ მწყემსებად ანუ ცხოვრების გზის მაჩვენებლებად კი არა, თავიანთი დაკვეთის შემსრულებლებად უნდა მიიჩნიოს. ხომ ნახეთ, რა მოხდა ცოტა ხნის წინ, კანონით ავკრძალეთ ორგანოების გადანერგვა ანუ ორგანოების გაყიდვა, რაც ნიშნავს, რომ ინდუსტრიას, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა, ჩაქუჩი ჩავარტყით თავში. ისედაც იშვიათი იყო ტრანსპლანტაციის ოპერაციები. ახლა სუროგაციის აკრძალვასაც აპირებენ. ე.ი. ადამიანებს ვუკრძალავთ დაეხმარონ უშვილო წყვილებს ბავშვების გაჩენაში. ჯერ სიკეთეა ბავშვების გაჩენა, მერე კიდევ ბევრისთვის ეს შემოსავლის წყაროა. ამ ხალხს რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება, მივიდეს პარლამენტართან და დაუკვეთოს, რომ მათი უფლებები არ შეილახოს. ასეთი სიგიჟეების მოგონებას რაღაცით ხომ უნდა დავუპირისპირდეთ? დღეს ასეთი საკითხების განხილვისთვის პარლამენტში არავის სცალია, ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული. ამიტომაც არის პოლიტიკური პროცესი გათიშული. არც ის ადამიანები არიან საჭირო ადგილზე, ვისაც შეიძლება აღელვებდეს, მაგალითად, ღვიძლის ტრანსპლანტაცია, და არც ასეთი ოპერაციების გამკეთებლებს აქვთ იმის რესურსი, რომ პოლიტიკოსი თავისი ინტერესების დასაცავად დაიქირაოს.

რაც შეეხება გამოქვეყნებულ სოციალური კვლევების შედეგებს, “გორბის” კვლევაზე კომენტარს ვერ გააკეთებ, “აირაი” თანამიმდევრული მაინც არის. მაგალითად, ამ კვლევაში ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას” 25% კი უჭერს მხარს, მაგრამ 38%-ს პასუხი არა აქვს გაცემული. “ნაციონალური მოძრაობის” 13%, ალოკაციით რომ ვიანგარიშოთ, 20%-მდე მაინც გაიზრდება. თუ საკითხს ასე შევხედავთ, დიდად არ განსხვავდება “ედისონის” კვლევებისგან. რაც ყველაზე მთავარია, გამიხარდა, რომ ამ კვლევების მიხედვით ჩვენ წინსვლა გვაქვს. “აირაის” კვლევის მიხედვით, საკმაოდ ახლოს ვართ ბარიერთან.

რანაირად შედგება ერთობა, როდესაც ეს ხალხი ერთმანეთთან არ ლაპარაკობს? ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პარტიასთან გავერთიანდეთ, მაგრამ მანამდე წინასწარ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რასაც გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს შევთავაზებთ. იცით, რატომ ვერ უგებს ძალიან სუსტ ”ქართულ ოცნებას” ოპოზიცია? იმიტომ, რომ ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა არ იცის, მისი ფავორიტის გამარჯვების შემთხვევაში როგორ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება. შესაბამისად, არსებული სტატუს-კვო ურჩევნია გაუგებარ მომავალს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები