58,5 გრადუსი – რიო-დე-ჟანეიროში ტემპერატურის მგრძნობელობის რეკორდი დაფიქსირდა
რიო-დე-ჟანეიროში ტემპერატურის მგრძნობელობა 58,5 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა და არსებულ რეკორდს გადააჭარბა. ადგილობრივ მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ნაჩვენები ტემპერატურა 39 გრადუსი იყო, მაგრამ ეს რიცხვი არ ასახავს იმას, თუ როგორ სიცხეს გრძნობდნენ მოქალაქეები.
სპეციალისტების გამოთვლით, ქალაქის მოსახლეობა ამ ტემპერატურას გრძნობდა, როგორც 58,5 გრადუსს, რაც ძალიან მაღალი ნიშნულია რიო-დე-ჟანეიროს მთელი მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში. საგრძნობი სიცხის წინა რეკორდი 58 გრადუსი გახლდათ, რომელიც 2023 წლის თებერვალში დაფიქსირდა.
ამჟამად, ბრაზილიის 15 შტატში, ექსტრემალურად მაღალი სიცხის გამო, გამოცხადებულია საფრთხის მაქსიმალური დონე. ქვეყანაში ფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი, მათ შორის, კონდიციონერების მოხმარების გამოც.
კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი ჯგუფის ექსპერტთა წევრი პაულო არტასო აცხადებს, რომ ბრაზილიისთვის დამახასიათებელია ტროპიკული კლიმატი, ამიტომ ქვეყანა ძალიან მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ და ტემპერატურის ასეთი მატების გამო, მოსახლეობა დაიტანჯება.
პროგნოზების თანახმად, მომავალში ტემპერატურა ბრაზილიაში მხოლოდ მოიმატებს, თანაც საშუალო მაჩვენებელი, შესაძლოა, 4 გრადუსით მეტიც გახდეს. ექსპერტების თქმით, ეს ატმოსფეროში სასათბურე აირების გაფრქვევის შედეგად ხდება, რაც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ქმედებებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ პროგნოზი გაცილებით სავალალოა ტროპიკული ქვეყნებისთვის, სადაც უკვე გაცილებით ცხელა, ვიდრე პლანეტის სხვა ადგილებში. ეს, ცხადია, ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემის ფუნქციონირებაზე.
თუმცა, სიცხე იმატებს არა მხოლოდ კლიმატური ცვლილების გამო, არამედ „ელ-ნინიოს“ გამოც, რომლის შედეგად, წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ტემპერატურა ზემოთ იწევს. ამინდის ეს ფენომენი სულ უფრო ხშირი ხდება ოკეანის ზედაპირის დათბობის წყალობით, რაც, თავის მხრივ, გლობალური დათბობის შედეგია.