სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები წინა ხელისუფლებას გაკოტრებაში ადანაშაულებენ

      სამშენებლო კომპანიების “ინჟმშენისა“ და “თბილმრეწვმშენის” ხელმძღვანელები წინა ხელისუფლებას გაკოტრებაში ადანაშაულებენ. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში, სს “ინჟმშენის” გენერალურმა დირექტორმა ნიკო შარაბიძემ და სს “თბილმრეწვმშენის” დირექტორმა გენო ნიჟარაძემ მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილთან ერთად ბრიფინგი გამართეს და ის ფაქტები დაასახელეს, რის შედეგადაც მათი კომპანიები გაკოტრდა.
“ინჟმშენის” გენერალური დირექტორის ნიკო შარაბიძის თქმით, მისი კომპანია დღეს აღარ ფუნქციონირებს, თუმცა წლების მანძილზე სხვადასხვა ობიექტზე მუშაობდა, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე, ამ კომპანიის აშენებულია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”, სასტუმრო “მეტეხი”, ასევე პრეზიდენტის რეზიდენცია და სხვა ობიექტები. როგორც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, კომპანიამ რამდენიმე წლის წინ მშენებლობა წყალტუბოში დაიწყო, სადაც ჭაობი იყო და საცხოვრებელი უბანი უნდა აეშენებინა. კომპანიამ ობიექტი დათქმულ ვადაში ვერ ჩააბარა, რადგან მშენებლობა გვიან დაიწყო, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიას გადააბარეს, მაგრამ “ინჟმშენს” გარანტია არ მოუხსნეს და სხვა კომპანიაზე არ გადაიტანეს, დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში კი, ახლა პასუხს “ინჟმშენს” სთხოვენ. ამ პროექტიდან გამოსვლის შემდეგ კი, მისივე თქმით, კომპანიამ ძალიან დიდი ზარალი მიიღო. ნიკო შარაბიძის ინფორმაციით, კომპანიაზე ზეწოლა რამაზ ნიკოლაიშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. მისი სახელით კი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს დავით სირაძე ესაუბრებოდა.
“2010 წელს თნხების გამოძალვის მიზნით “ნაციონალების” მთავრობამ – “ნაცისტებმა” დამაპატიმრეს, 4 თვის შემდეგ 1 მილიონის თავდებობით გამომიშვეს და 2 მილიონი გადამახდევინეს. დაპატიმრების მიზეზი იყო შემდეგი: მომიგზავნეს კაცი, რომელმაც მითხრა, რომ მთავრობა ფულის გათეთრებას თხოულობსო. ეს იყო კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორი კახა შენგელია. კახა შენგელიას კავკასიის უნივერსიტეტს ვუშენებდით მახათას მთაზე. 2 მილიონამდე ლარი თავად გადმომირიცხა, შემეშინდა, დავწერეთ, რომ ვითომ მისი სამუშაოები შევასრულეთ და მივეცით ეს ფული. შემდეგ კი დამაპატიმრეს”, – აღნიშნა შარაბიძემ.
მისივე თქმით, მას დაავალეს, დიღომში თბილისის პროკურატურის შენობის მშენებლობა და 1 მილიონის სამუშაოს შესრულება, რის შემდეგაც თავდებობისთვის დაკისრებულ მილიონ ლარს ჩამოაჭრიდნენ. შარაბიძის თქმით, აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ფული არ ჰქონდა, რის შემდეგაც ბანკში სესხი ააღებინეს.
“ვუთხარით, რომ ფული არ გვქონდა. სესხი აგვაღებინეს ბანკში და შენობა, რაც შევძელით, ავაშენეთ. მაგრამ არ ჩაგვითვალეს და გამოვიდა, რომ უფასოდ ავაშენეთ. გარდა ამისა, ერთ-ერთ ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა, მოვიგეთ, მაგრამ ტენდერი გააუქმეს და ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. საჩივარი შეტანილი გვაქვს პროკურატურაში. მათ ჩვენი კომპანიის განადგურება უნდოდათ. ნებისმიერ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეგვეძლო, მაგრამ არ ვაწყობდით ამ ფაშისტებს. ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ. ბანკის ვალები გვაქვს, ჩვენი ქონება სულ წაიღეს, ოფისები, ტერიტორიები, სახლებსაც ალბათ წაიღებენ”, – დასძინა კომპანიის დირექტორმა.
სს “თბილმრეწვმშენის” დირექტორის გენო ნიჟარაძის თქმით, მას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დროს, მათ შორის არჩევნების დროს დახმარებას და კონკრეტულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვას ხშირად სთხოვდნენ.
“ერთხელაც, როდესაც თანხის გადარიცხვაზე უარი ვუთხარი, კომპანიაში 16 კაცი შემოვიდა ფინანსური პოლიციიდან. ორჯერ დამაჯარიმეს 230 ათასით. ვალებს რომ ვისტუმრებდით, ბანკებიდან ვიღებდით პროცენტიან სესხს, ბანკმა კი ყველა ქონება წაიღო, რაც გაგვაჩნდა. ახლა კომპანია ვერც ერთ ტენდერში ვერ მონაწილეობს”, – განაცხადა “თბილმრეწვმშენის” დირექტორმა.
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს კომპანიებზე სხვადასხვა სახის ზეწოლა და მიზანმიმართული გაკოტრება მასობრივად ხდებოდა. “ეს არის მხოლოდ ორი მაგალითი. ასეთი ათეულობით შემთხვევა გვაქვს. მათი გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა. უახლოეს დღეებში სხვა საქმეებზეც ვისაუბრებთ”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით კი, ბოლო წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმეა გადაგზავნილი პროკურატურასა და საფინანსო – საგამოძიებო ორგანოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები