„თბილისის ბიუჯეტის ახალი პროექტი საბოტაჟურია“

  თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დედაქალაქის ბიუჯეტის გარღვევის საფრთხეს ხედავს. როგორც ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განმარტა, ბიუჯეტის ახალ პროექტში “ნაციონალური მოძრაობის” “ავანტიურისტული გეგმები” ჩანს.
“29 დეკემბრის სხდომის შემდეგ, როცა თბილისის საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა თბილისის მერიის მიერ შემოთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს, მერიის ხელმძღვანელობასა და საკრებულოს უმრავლესობას შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეები შევთანხმდით, რომ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები და კომისიები საკრებულოს სხდომის დღემდე ინტენსიურად ვიმუშავებდით იმისთვის, რომ მერიისთვის შეგვეთავაზებინა ბიუჯეტის პროექტში იმ საკითხების ასახვა, რომელიც თბილისელების დაკვეთა და მოთხოვნა არის”, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობამ ამ დროის განმავლობაში კონსტრუქციულ და საქმიან რეჟიმში იმუშავა და თბილისის მერიას გაუგზავნა წინადადებების პაკეტი, რომელთა ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებაზე თბილისის მერიამ მზადყოფნა გამოთქვა. როგორც გაბუნიამ განმარტა, საკრებულოს უმრავლესობა დაინტერესდა, რის ხარჯზე და რა ფინანსური რესურსების საშუალებით აპირებდა მერია აღნიშნული მოთხოვნების და წინადადებების გათვალისწინებას.
“აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ აირჩია სრულიად უპრეცედენტო გზა და ჩვენი მოთხოვნების “დაკმაყოფილებას” არარსებული თანხებით ცდილობს, რამდენადაც მოთხოვნების ფინანსური უზრუნველყოფისთვის ისინი საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე აპირებენ, გაყიდონ თბილისელების ქონება, მიწები და შენობები, მაგალითად – ჭადრაკის სასახლე, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის ტერიტორიები და სხვა, და სურთ, ამ მეთოდით გააჩინონ განცდა იმისა, რომ ფული არსებობს. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” ავანტიურისტული გეგმა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ობიექტები არ გაიყიდა და ფული არ გაჩნდა, ბიუჯეტს ელოდება გარღვევა, ბიუჯეტი არ შედგება და ამას თვითმმართველობის არჩევნებით მოსულ ქალაქის ახალ ხელისუფლებას გადააბრალებენ”, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ მერიას საკრებულოს შეთავაზებები რეალურად არსებული ფულადი რესურსის ფარგლებში მოექცია, მათ გადაწყვიტეს, მიმართონ გზას, რომელსაც ქალაქი “წინასწარ განწირული ბიუჯეტისკენ” მიჰყავს.
“გვინდა ვუთხრათ თბილისელებს, მერია არ აპირებდა არც ერთი თქვენი მოთხოვნის გათვალისწინებას. ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის, გაზის, შუქის და წყლის დავალიანების მქონე ოჯახების დახმარების, ავარიული სახლების გამაგრების, უსახლკაროთათვის ბინების მშენებლობის შესაძლებლობას მათ ფარსით უპასუხეს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საბოტაჟური და ავანტიურისტული ბიუჯეტის მომწონებული თბილისის მთავრობა არ იმსახურებს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს და თბილისელების ნდობას და ეს ფაქტი კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდის ჩვენს მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები