ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დაბალი ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების სტაბილურობა
”ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დაბალი ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების სტაბილურობა. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლები არის ძალიან დაბალი, ბევრად დაბალი, ვიდრე მიზნობრივი ინფლაცია”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტორი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
“გაცხადებული გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობიდან თანდათანობით, ფრთხილი გამოსვლის პოლიტიკა და ამ პოლიტიკას გავყვებით.
იმ მომენტში იყო ახალი რისკი წამოსული, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სახით, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს სვამდა, მათ შორის გარე ბაზრებზე სხვადასხვა სასაქონლო პროდუქციის ფასების თვალსაზრისით. ასევე, გაურკვევლობას ზრდიდა. ამიტომ ჩვენ ფრთხილი პაუზა ავიღეთ, მაგრამ მთლიანობაში გავაგრძელებთ გამოსვლას მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან და მონეტარული განაკვეთის თანდათანობით შეკვეცას.
რაც მთავარია, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დაბალი ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების სტაბილურობა. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლები არის ძალიან დაბალი, ბევრად დაბალი, ვიდრე მიზნობრივი ინფლაცია. შესაბამისად, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, შემდგომშიც გავაგრძელოთ თანდათან ლიბერალიზაცია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება“, – განაცხადა თურნავამ.