თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის განვითარება და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ სენაკის სამხედრო ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განახლებული ყაზარმის შენობა დაათვალიერა, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. ყაზარმის ოთახებში დაეგო ახალი იატაკი; განახლდა კედლები, ჭერი, განათების სისტემები; შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარით. ბრიგადის ტერიტორიაზე გამოიცვალა საინჟინრო კომუნიკაციებიც. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამხედრო ბაზაზე 300 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი გაკეთდა, რომელიც სამხედრო ბაზის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების დამოუკიდებელი წყაროების შექმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობა თვისობრივად გააუმჯობესა. 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები