რამაზ საყვარელიძე: სავარაუდოდ, 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო მარათონის ფავორიტი ისევ „ქართული ოცნება“ იქნება
“არამგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის არჩევნებისთვის სხვა პოლიტიკურ გუნდზე დადოს ფსონი. რატომ? იმიტომ, რომ სხვა უბრალოდ არ არის”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო მარათონის ფავორიტი ისევ „ქართული ოცნება“ იქნება, თუ ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში კორექტივები კანდიდატის სტატუსის საკითხმა არ შეიტანა.
“მე ვერ ვხედავ ვერსიების განვრცობის აუცილებლობას იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კახური ხასიათი. თავის დროზე კარგად თქვა გია ხუხაშვილმა – ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავის ტკივილი გახდებაო, მაგრამ არ დაუჯერეს… ზურაბიშვილმა გამოავლინა თავისი ხასიათი, მაგრამ „ქართული ოცნებიდან“ უთხრეს, არც ჩვენ ვართ შენზე ნაკლებიო. ამ ჭიდილმა „ქართული ოცნება“ დააზარალა, მაგრამ არამგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის არჩევნებისთვის სხვა პოლიტიკურ გუნდზე დადოს ფსონი. რატომ? იმიტომ, რომ სხვა უბრალოდ არ არის. დიახ, „ქართული ოცნება“ გაუაზრებლად მოიქცა, იმისდა მიუხედავად, რომ ბორელმა გააფრთხილა, არ გინდათ იმპიჩმენტის წამოწყება, ახლა მაგის დრო არ არისო. მართლაც, პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიეცა საბაბი ეთქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას კი არა, დასავლურ კურსს მოუწყო იმპიჩმენტი. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა საჭირო იყო საქმის აქამდე მიყვანა?!
გახარია არაფრის მომცემი ფიგურაა, არც ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ ის ივანიშვილმა პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებული მიიყვანა და დასვა პრეზიდენტის პოსტზე. არც ერთს აქვს რეიტინგი და არც მეორეს. ამავე დროს, გახარია ბოლო დროს ძალიან გამჭვირვალედ, ცალსახად დაუპირისპირდა ივანიშვილს”,- აცხადებს საყვარელიძე.
კითხვაზე – “ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილისთვის უალტერნატივოა?” რესპონდენტი პასუხობს, რომ მმართველი გუნდი ქართველი ხალხისთვისაც უალტერნატივიოა.
“მხოლოდ ივანიშვილისთვის კი არა, ქართველი ხალხისთვისაც უალტერნატივოა. სოციოლოგიური კვლევები მოწმობს, მოსახლეობას დიდი არჩევანი არ აქვს. ოპოზიციურ პარტიებს ძალიან დაბალი რეიტინგები აქვთ, ადამიანებს კი არ უყვართ, თავიანთი ხმების უსარგებლოდ დაკარგვა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, 2024 წლის არჩევნებისთვის იმპიჩმენტის საკითხი აღარავის ემახსოვრება და საარჩევნო მარათონის ფავორიტი ისევ „ქართული ოცნება“ იქნება, თუ რა თქმა უნდა, ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში კორექტივები არ შეიტანა კანდიდატის სტატუსის საკითხმა და რევოლუციის სურნელი არ დაატრიალა ქვეყანაში”,- აღნიშნა საყვარელიძემ.