Red Bull Soapbox Race-ის გამარჯვებული Tech Crush გახდა

მთაწმინდის პარკში, არამოტორიზებულ ავტომობილებს შორის შეჯიბრება – Red Bull Soapbox Race გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც გუნდი Tech Crush გახდა.
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი არგონავტები, მესამეზე კი Popeye. შეჯიბრების ყველაზე კრეატიული მონაწილის სტატუსი ერგო დათუნა არჯევანიძეს, გუნდიდან “არგონავტები”.

Red Bull Soapbox Race საქართველოში პირველად ჩატარდა და მასში 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც 250 მსურველიდან შეირჩა.

ღონისძიებაში მონაწილე გუნდებმა საკუთარი ფანტაზიით და წინასწარ გაწერილი ზომების მიხედვით შექმნეს ხელნაკეთი ავტომობილები, რომელიც მაყურებელმა და ჟიურიმ საგამოფენო ზონაში დაათვალიერა.
შემდეგ კი ეკიპაჟები შეჯიბრის ტრასაზე ჟიურის და მაყურებლის წინაშე ექსტრემალური და დაუვიწყარი სანახაობით წარსდგნენ. უმაღლესი ქულის მოსაპოვებლად, გუნდებისთვის მთავარი ამოცანა წინაღობების და დაბრკოლებების ყველაზე სწრაფად გადალახვა და ფინიშის ხაზთან ყველაზე მცირე დროში მისვლა იყო. ჟიურიმ კი შეაფასა ავტომობილების დიზაინი და რბოლამდე დადგმული წარმოდგენა. გუნდებს პერფორმანსისთვის მხოლოდ 30 წამი ჰქონდათ.

Red Bull Soapbox Race -ს ჟიურის წევრები იყვნენ: მევლუდ მელაძე, მუსია ქებურია, ირაკლი კაკაბაძე, ელენე რუხაძე, მერაბ ნუცუბიძე.

გამარჯვებული დაჯილდოვდა საოცნებო მოგზაურობით მათ მიერ შერჩეულ რომელიმე შეჯიბრებაზე (Formula 1, Moto GP, Hahnenkamm Race ).

სახალისო და ექსტრემალური ღონისძიება პირველად 2000 წელს ბელგიაში ჩატარდა, მას შემდეგ, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში 150-მდე ღონისძიება გაიმართა.
წელს Red Bull Soapbox Race -საქართველოში პირველად ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები