დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილი საავადმყოფოდან არ ისვენებს – ხან ჭორვილაში ლაშქრობას აწყობს, ხან რაღაც კაბინეტებს ხსნის და ხან რა უცნაურობას იგონებს – “ნაციონალები” უმძიმეს კრიზისში არიან

“მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან არ ისვენებს – ხან ჭორვილაში ლაშქრობას აწყობს, ხან რაღაც კაბინეტებს ხსნის და ხან რა უცნაურობას იგონებს. “ნაციონალები” უმძიმეს კრიზისში არიან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხსაც გამოეხმაურა, რომლის განხილვაც პარლამენტში გასულ კვირაში გაიმართა და ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს შეაშინოს სალომე ზურაბიშვილი… რამდენადაც ვიცნობ სალომე ზურაბიშვილის შეშინებას ნამდვილად ვერ შეძლებენ. არც ის არის გამორიცხული, რომ ყოველივე ეს “ოცნების” ამომრჩევლისთვისაც იყო გათვლილი, პრეზიდენტობის პოსტიდან კი ვერ გადავაყენეთ, მაგრამ აი, ნახეთ, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ რა ვუქნათო. საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – თუ “ქართული ოცნება” უმრავლესობაში ვეღარ დარჩება, ზურაბიშვილს არაფერი ემუქრება, თუ ისევ მოიგებს არჩევნებს, მაშინ გამორიცხული არაფერია…

იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება ძალიან ცუდი, წამგებიანი გადაწყვეტილება იყო შიდა პოლიტიკურად. რჩება ერთადერთი ვერსია – ეს ამბავი გათვლილი იყო გარე მოხმარებისთვის…

ქართულ პოლიტიკაში ორმაგი და ათმაგი თამაშები არ გამოდის, ყველასთვის თვალსაჩინო ხდება სიყალბე. იმიტომ, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, შეუძლებელია ასეთი კონსპირაციები, ყველა ყველას იცნობს, ვის რა უნდა გამოაპარო?

“ნაციონალური მოძრაობამ” პოპულარობის პიკს 2022 წელს მიაღწია. მაშინ სააკაშვილიც უფრო პოპულარული იყო, ნიკა მელიაც ფორმაში იყო და პარტიის სათავეში ისეთი სახეები იყვნენ, რომლებიც “ნაციონალური” ხელისუფლების დანაშაულებთან არ ასოცირდებოდნენ. ეს იმის განცდას ქმნიდა, რომ პარტიის განახლება მიდიოდა. სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ეს ილუზიები გაქრა, დეკანოიძე წავიდა, ნიკა მელია საკუთარ პარტიას დაუპირისპირდა, სააკაშვილი საავადმყოფოდან არ ისვენებს – ხან ჭორვილაში ლაშქრობას აწყობს, ხან რაღაც კაბინეტებს ხსნის და ხან რა უცნაურობას იგონებს. კი, “ნაციონალები” უმძიმეს კრიზისში არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. სანამ სააკაშვილი ცოცხალი და პოლიტიკურად აქტიურია, ეს პოლიტიკური ჯგუფი მხარდაჭერას არ დაკარგავს. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ ნამდვილად დაზარალდა…არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები