ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაზიანში მზის ენერგიის პანელები დაათვალიერა
საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟილვინას ტომკუსი იმყოფება. თავდაცვის უწყებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ლიეტუველ სტუმარს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჟილვინას ტომკუსმა 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგური (მზის ენერგიის პანელები) დაათვალიერა, რომელიც სამხედრო ბაზაზე ლიეტუვის მხარდაჭერით დამონტაჟდა.
თავდაცვის უწყებამ პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს, მათ შორისაა სამინისტროს მხრიდან პროექტირება, მონტაჟი, რომელიც „დელტა მშენებელმა“ შეასრულა, აუდიტორიული კვლევის ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. დარჩენილი თანხა კი, სააქციო საზოგადოებამ „ვიასოლის ენერგია“ გაიღო.
მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა დიდ ქვედანაყოფებშიც იგეგმება.