ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით აშშ-ში, კაპიტოლიუმთან საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოგვიანებით შენობაში შევიდნენ, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, აქციის მონაწილეები ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესების გამო ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ.
გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც, მედიის ცნობით, კაპიტოლიუმის შენობაშია გადაღებული, ჩანს, რომ დემონსტრანტების ჯგუფი სკანდირებს და მოუწოდებს კონგრესს, მოითხოვოს ცეცხლის შეწყვეტა.
ჯგუფმა „ებრაულმა ხმამ მშვიდობისთვის“ განაცხადა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.
„ჩვენ, ყველა აქ ვართ, რათა მოვითხოვოთ, შეწყდეს პალესტინელი ხალხის გენოციდი, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობა“, – წერს „ებრაული ხმა მშვიდობისთვის“ „ტვიტერზე“.
აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციამ განაცხადა, რომ დაიწყო დაპატიმრებები, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, აქციის რამდენი მონაწილე დააკავეს. პოლიციამ აღნიშნა, რომ კონგრესის შენობებში დემონსტრაციები დაუშვებელია.
პრაღაში პალესტინის მხარდამჭერთა მსვლელობამ მთავრობის შენობამდე მიაღწია,– ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მედიის ცნობით, ჩეხეთის დედაქალაქში დემონსტრანტები ძველი ქალაქის მოედანზე, იან ჰუსის ძეგლთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სამთავრობო კვარტალში გადავიდნენ.
დემონსტრანტებს ეჭირათ პალესტინის დროშები და ბანერები წარწერით – „ოკუპაცია არ არის მშვიდობა“, „ისრაელი კლავს“ და „თავისუფალი პალესტინა“.
სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ დემონსტრაცია არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
პალესტინის მხარდამჭერი აქციები თურქეთის, სულ მცირე, ათ ქალაქში გაიმართა, მათ შორის – ანკარაში, ისრაელის საელჩოს წინ.
„როიტერის“ ცნობით, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც თურქეთის უდიდეს ქალაქში, სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობაში შესვლას ცდილობდა.
სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, დაკავებულია ხუთი ადამიანი.
„როიტერი“ წერს, რომ საკონსულოს ირგვლივ უსაფრთხოების ძალები არიან განთავსებულნი, მობილიზებულია ასობით პოლიციელი და წყლის ჭავლის დაახლოებით 10 მანქანა.
ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ გააფრთხილა ისრაელელები თურქეთში მოგზაურობის საფრთხის შესახებ და მოუწოდა თურქეთში მყოფ, ისრაელის მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ თურქეთი. ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართვის შემდეგ, ისრაელის ავიახაზებმა განაცხადეს, რომ დანიშნავდნენ ფრენებს სტამბოლიდან ისრაელელებისთვის, რომლებსაც სურთ თურქეთის დატოვება.
ათენში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დემონსტრაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები ისრაელის საელჩოსკენ მსვლელობას ცდილობდნენ, თუმცა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის დაშლა მოახერხა.
დაკავებულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, საბერძნეთმა „ჰამასთან“ ომში მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს.