ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების ადგილზე კრატერის არარსებობა ადასტურებს იმას, რომ ამ შეტევის უკან ისრაელი არ იყო, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალები დრონით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება ისრაელის შეტევას არ გამოუწვევია, რადგან ასეთ დროს აფეთქების შემდეგ კრატერი დარჩებოდა და არა – ცეცხლმოკიდებული ავტოსადგომი.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ აფეთქების ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა, მაგრამ იქ კრატერი არ არის. მათი შეტევები კი, როგორც წესი, თავდასხმის ადგილებზე დიდი ზომის ხვრელებს ტოვებს.
ისრაელის მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში საავადმყოფოს ავტოსადგომი ჩანს, სადაც დიდი აფეთქება მოხდა, რომელსაც, როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ასობით მსხვერპლი მოჰყვა.