ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა

ღაზაში, ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლიბანში, ირანსა და თურქეთში, საპროტესტო აქციები გაიმართა.

მედიის ცნობით, ასობით პალესტინელი შეიკრიბა დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში, მათ შორის რამალაში, სადაც მომიტინგეებსა და პალესტინელ უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

ასობით დემონსტრანტსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა ლიბანში, აშშ-ის საელჩოსთანაც, რომელიც დედაქალაქ ბეირუთთან ახლოს მდებარეობს. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბეირუთში საფრანგეთის საელჩოსთან, სადაც „ჰეზბოლას“ დროშები აღმართეს და საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს.

ლიბანში, მოძრაობა „ჰეზბოლამ“, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათი „მრისხანების დღედ“ გამოაცხადა.
ასობით მომიტინგე შეიკრიბა ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებთან თეირანშიც.

ინფორმაციისთვის, ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები