ჯუანშერ ბურჭულაძე: ვაგრძელებთ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ადგილობრივი წარმოებისა და სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 60-მდე „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაეცა თავდაცვის ძალებს და განმარტა, რომ 2019 წლამდე „დელტას“ მიერ წარმოებული არცერთი შეჯავშნული მანქანა თავდაცვის ძალებს არ გააჩნდა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთის ფარგლებში, შეიქმნა საშტაბო-სამეთაურო ჯავშანმანქანები, რომელიც შემდგომში სამინისტროს გადაეცემა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა „დელტას“ წარმადობის პროცესი და ამ ეტაპზე საწარმოს აქვს რესურსი, რომ თავდაცვის ძალებს მიაწოდოს 7000 ერთეული ჯავშანჟილეტი, ასევე 7000 ერთეული ჩაფხუტი, რაც სრულად აკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებს და ასევე, იძლევა კომერციული პროექტების დაწყების შესაძლებლობასაც. მინისტრმა კიდევ ერთ წარმატებულ პროექტზე – „დელტას“ ბაზაზე შექმნილი საწარმო „დელტა-ტექსტილზე“ ისაუბრა, სადაც ამ ეტაპზე, დაახლოებით, 500 თანამშრომელია დასაქმებული.
„დელტა ტექსტილის“ საწარმო სრულად ამარაგებს თავდაცვის ძალებს იმ პროდუქციით, რასაც აქამდე ვყიდულობდით. ჩვენ, როდესაც ეს საწარმო შევიძინეთ, ჯერ ერთობლივი საწარმოს ფორმატში და შემდეგ სრულად გამოვისყიდეთ, საწარმოში მუშაობდა დაახლოებით 120 ადამიანი, ისინი მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ პროექტებზე, ჩვენ დავიტოვეთ კომერციული პროექტებიც და ასევე, სრულად ვაკმაყოფილებთ თავდაცვის ძალების მოთხოვნას, რისთვისაც ჩვენ დაგვჭირდა 500-ზე მეტი თანამშრომელი, სწორედ 500-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს დასაქმებული ჩვენს საწარმოში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.