პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, დოქტორი. 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 3 წიგნის ავტორი. მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასწავლის ზოგად და ბიზნეს-ინგლისურს. პოსტსადოქტორო კვლევა იტალიაში, სალერნოს უნივერსიტეტში ჩაატარა, იყო მიწვეული ლექტორი ვიდრინას უნივერსიტეტში (გერმანია) და სხვ.
გზა ხელოვნებაში კი ბავშვობიდან დაიწყო – ქსოვდა, ქარგავდა, მოგვიანებით ბისერებით სამკაულებისა და სხვადასხვა აქსესუარის შექმნის ტექნიკაც შეისწავლა, შემდეგ იყო ლენტებით ქარგვა და თექაზე მუშაობა. დაიწყო ყველაფრის კეთება, ყველა მასალის გამოყენებით… „გადაყრილ“ ნივთებს მეორე სიცოცხლე დაუბრუნა… ამბობს, რომ მას შემდეგ კი, რაც ხატვა დაიწყო, სამყარო სხვანაირი გახდა მის ირგვლივ… შთაგონება ყველაფრისგან მოდის. „ყველა ნამუშევარი მიყვარს, ზოგჯერ ვუყურებ და არ მჯერა, თუ ჩემი დახატულია. განწყობას მიქმნიან, მახალისებენ“. – ფილოლოგის და ხელოვანის, მაია გიორგაძის პერსონა.
– ბავშვობაში ვქსოვდი, ჩემი დედიკო ქსოვდა ჩხირებით და მეც მომწონდა. მერე ყაისნაღით ქსოვა ვისწავლე და გამიტაცა. ირგვლივ ყველაფერს გადასაფარებელი მოვუქსოვე, მერე ქარგვამ და ქარგვის სხვადასხვა ტექნიკამ მიიპყრო ჩემი ყურადღება და აღარ გავაგრძელებ…
– პანდემიის პერიოდში სამკაულები შეიქმნა…
– აი, პანდემიის პერიოდში, შევისწავლე ბისერებით სამკაულებისა და სხვადასხვა აქსესუარის შექმნის ტექნიკა, ლუნევილური ქარგვა. არაერთი სამკაული დაიბადა ჩემს ხელში. ნაწილი გავაჩუქე, ჩემი სამოსიც გავალამაზე და მცირე დოზით, ბიზნესსაქმიანობის სახეც მიიღო უნებურად. ეს ყველაფერი ჩემი თავისუფალი დროის საყვარელ საქმიანობად გადაიქცა.
– ლენტებით ქარგვა და თექაზე მუშაობაც შეისწავლეთ… აკეთებთ ყველაფერს, რაც ხელსაქმეს უკავშირდება…
– მალევე შევისწავლე ლენტებით ქარგვის ტექნიკა, დავქარგე ყვავილები და შევქმენი ულამაზესი კომპოზიციები, ასევე ვისწავლე თექაზე მუშაობა (მშრალი მოთელვის პრინციპით), შევქმენი დეკორაციები, საახალწლო სათამაშოები….
დავიწყე ყველაფრის კეთება, ყველა მასალის გამოყენებით… „გადაყრილ“ ნივთებს ვაძლევ მეორე სიცოცხლეს, თითქმის არაფრისგან ვქმნი ნივთებს, მაქვს უსაზღვრო ფანტაზია და შემოქმედებითი უნარი (მგონი, თავს ძალიან ვიქებ).
ერთ სიტყვით, მიყვარს და ვაკეთებ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია, ხელსაქმეს უკავშირდებოდეს. ამის საშუალებას ინტერნეტიც გვაძლევს. მთავარია მონდომება. დღეს უამრავი პლატფორმაა, რომელთა დახმარებითაც შეიძლება უნარების გაუმჯობესება, პასუხის პოვნა ყველაფერზე…. მთავარია, მონდომება, მიზანი და შრომა.
– თქვენი პროფესია ხელოვნებაში, ნამუშევრის დასათაურებაში (ისტორია–ამბები) გამოვლინდა, რომელიც სიტყვებით თამაშზეა შექმნილი… ჯერ ნამუშევარი იქმნება თუ სათაური მოდის?
– ორივე შემთხვევა განიხილება. როდესაც, ასე ვთქვათ, რომელიმე გამონათქვამს ან იდიომს ვხატავ, ვაცოცხლებ, ჯერ სათაურია. მაგ. „დრო გარბის“, „ამ სახლში კედლებსაც კი ყურები აქვთ“, „სახე აერია“ და სხვ. არის შემთხვევა, როდესაც ნახატს ვარგებ სათაურს. მიყვარს სიტყვების გამოგონება და გადასხვაფერება, უცნაური სახელწოდებები. ისე კი, ჩემს ზოგიერთ ნახატს ჰყავს ნათლია. ამას, დიდ გამოფენას რომ მოვაწყობთ, რომელიც უკვე დაგეგმილი და ჩანიშნულია, იქ გავამხელ.
– როგორ მოდის შთაგონება?
– შთაგონება მოდის ყველაფრისგან… იქნება ეს სიტყვები, გრძნობები, ემოციები; ბუნება, რომელიც სულ სხვანაირი გახდა ჩემთვის მას შემდეგ, რაც ხატვა დავიწყე; ასევე სოციალურ ქსელში მეგობრები, ნაცნობები და უცნობები, რომლებიც დიდ მოტივაციას მაძლევენ. მადლობა თითოეულ მათგანს. ზოგჯერ თვალს დავხუჭავ და ვხედავ ფერებს, ისეთი უცნაურია, ან ვუყურებ ცარიელ ტილოს და ჩრდილებს ვხედავ, რომელსაც უბრალოდ ფერებით უნდა გაჰყვე. დიახ, ფერებით, ორივე გაგებით. საოცარი სამყაროა, მადლიერი ვარ, რომ მე ეს ვიგრძენი და შევძელი.
ერთხელ ძალიან ადრე გამეღვიძა (ზოგადად, არც ისე ვარ ძილის მოყვარული).
დილის 5 საათი იქნებოდა. მოვემზადე, მოვიმარაგე ფუნჯები, საღებავები, ტილო, ჩავრთე მუსიკა და გადავწყვიტე, მუსიკის რიტმებსა და ფერებს გავყოლოდი, ვხატავდი და არ ვიცოდი, რას… როლში შევედი და რაც უფრო სწრაფი იყო მუსიკის რიტმი, მით უფრო სწრაფად ვათამაშებდი ფუნჯს ტილოზე. ნელ რიტმზე ნაზად ვეხებოდი ტილოს, როლში შევედი, თითქოს ამ სამყაროს რეალობა დამავიწყდა და სხვაგან აღმოვჩნდი. მერე ავცეკვდი კიდეც და ასე, ცეკვითა და თამაშით, დავასრულე ნახატი. ეს იყო სასწაული გრძნობა. 7 საათს ვხატავდი თურმე.
დასრულებისთანავე ნახატს ფოტო გადავუღე… მერე აღარ მომეწონა და შავი საღებავით გადავღებე, „გავანადგურე“. ნახატი სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე და დიდი მოწონება დაიმსახურა. ცოტა ვინანე…. თუმცა, ახლაც არ ვიცი, რატომ გადავღებე… ჩემი ყველაზე საყვარელი მხატვარი, ჩემი მასწავლებელი ქეთი გამიბრაზდა, პირობა დამადებინა, რომ არასოდეს აღარ გავანადგურებდი იმას, რასაც ჩემი ხელით შევქმნიდი.
– შემოქმედებითი და ორიგინალური ნამუშევრებია, ისტორია–ამბების დართვით… თქვენ რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით, რომელიც გიყვართ?
– ყველა ნამუშევარი მიყვარს, ზოგჯერ ვუყურებ და არ მჯერა, თუ ჩემი დახატულია. განწყობას მიქმნიან, მახალისებენ. განსაკუთრებით მიყვარს თევზი, რომელიც პირველად დავხატე ფერადი ფანქრებით და ისეთმა ადამიანებმა მომიწონეს, დავიჯერე, რომ შემიძლია.
სხვათა შორის, ჩემი თევზები სურვილებს ასრულებენ, ასევე ნახატები, რომლებიც ჩემს მეგობრებს, მათივე დაწერილი წიგნების ყდისთვის დავუხატე. უცნაური გამოწვევა იყო, წიგნის შინაარსს მორგებული ნახატები.
– ხატვის დროს სხვადასხვა მასალას იყენებთ… შესაბამისად, სხვადასხვა ტექნიკაა გამოყენებული… რომელი მასალით გიყვართ მუშაობა?
– მიყვარს ექსპერიმენტები, გამოწვევები და აღმოჩენები.
ვერ გამოვარჩევ მასალას, თუმცა ახლა რატომღაც აკვარელი და ფერადი ფანქრები მხიბლავს. მეუბნებიან, რომ ჩამოყალიბდები, რა მასალით და რა მიმდინარეობაში იმუშავებო, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერს მოვსინჯავ – როგორც მასალას, ისე ტექნიკასა და მიმართულებას. მომწონს მრავალფეროვნება, სირთულეები და მიგნებები. ბოლო დროს აკვარელმა გამიტაცა.
– როდის პოულობთ თავისუფალ დროს?
– ჩემი ძირითადი პროფესიული საქმიანობის გამო, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. მაგრამ თუ გიყვარს და გინდა, იპოვი… თავისუფალ დროს რაღაცის ხარჯზე ვპოულობ… უფრო ძილის…
– წლის საუკეთესო პედაგოგად დაგასახელეს…
– მიყვარს ხელოვნება და ყველაფერი მასთან დაკავშირებული. ვფიქრობ, სწავლებაც ხელოვნებაა და სწორედ ჩემმა ასეთმა დამოკიდებულებამ სწავლებისადმი მომიტანა სტუდენტების დიდი სიყვარული. მათი ანონიმური გამოკითხვის საფუძველზე დამასახელეს წლის საუკეთესო პედაგოგად.
ასევე, ენის მიმართ ჩემმა განსხვავებულმა დამოკიდებულებამ, ჩემი სადისერტაციო ნაშრომის მიმართულებამ, რაც სიტყვებით თამაშის სპეციფიკაზეა აგებული (ესეც ხელოვნებაა), საშუალება მომცა გამეკეთებინა პოსტსადოქტორო კვლევა იტალიაში, სალერნოს უნივერსიტეტში; ვყოფილიყავი მიწვეული ლექტორი ვიდრინას უნივერსიტეტში (გერმანია) და სხვ.
იმის თქმა მინდა, რომ განსხვავებული ხედვა და ხელოვნების სიყვარული, სხვადასხვა ფორმით ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო, რაც მოგვიანებით გავაცნობიერე და დავაკავშირე.
– გამოფენები…
– მონაწილეობა მივიღე არაერთ გამოფენაში და შევიძინე „არტ მეგობრები“. სხვათა შორის, ჩემი მასწავლებლები, უნიჭიერესი გოგონები: ნინო ნადირაშვილი (ბისერები, ლუნევილური), ირინა ჯინჭარაძე (ლენტები, თექა), ქეთი საბანაძე (ხატვა), დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მადლობა მათ ყველაფრისთვის. მიყვარხართ.
ერთი წლის წინ დავიწყე ხატვა. გამოფენებზე სიარულმა დამაფიქრა… ვაკვირდებოდი ულამაზეს ნახატებს და ვფიქრობდი, მეც შემიძლია, მეც გამომივა-მეთქი… ასე დავიწყე თავდაპირველად ჩემით და მერე უკვე მასწავლებელთან (მალე დიპლომირებული მხატვარიც ვიქნები). ამის გაფიქრებაც კი ძალიან მხიბლავს.
ხატვამ ნამდვილად დამატყვევა. მუდმივად ვეძებ თავისუფალ დროს, რომ დავხატო, არცერთი დღე არ მინდა ხელოვნების გარეშე გავატარო, წარმოუდგენლად მიმაჩნია. დაახლოებით ერთ წელში მოვსინჯე არაერთი ტექნიკა და შევქმენი 100-ზე მეტი ნახატი. მალე ჩვენს გამოფენაზეც მოგიპატიჟებთ… მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს სოციალურ ქსელში, დიდი მოტივაციაა თქვენი თითოეული კომენტარი, წახალისება…
მიყვარს ექსპერიმენტები და არასოდეს ვამბობ უარს. ვცდი სხვადასხვა ტექნიკას, მასალას, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
– ჰობი…
– ყველაფერი, რაც ხელოვნებას/ხელსაქმეს უკავშირდება, ვქსოვ ჩხირებით, ყაისნაღით, ვქარგავ ჯვრებით, მხატვრულად, ლუნევილური ნემსით, ბისერებით, ვაკეთებ თოჯინებსა და სხვადასხვა დეკორაციას, ვაფორმებ სამოსს, ცოტა თექაც მეხერხება, ლენტებით ქარგვა და ხატვა.
– გეგმები…
– ჩემი გეგმა ამბიციურია, თუმცა მაქსიმალისტი ვარ. ხმამაღალ განაცხადს გავაკეთებ – აუცილებლად ვიტყვი ჩემს სათქმელს ხელოვნებაში. მივიღებ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში და აუცილებლად მექნება საკუთარი დიდი გალერეა-სახელოსნო, სადაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ.
თამარ შაიშმელაშვილი