პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა.

აღნიშნულის შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

,,საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს ერთ-ერთ საზოგადოებისთვის ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას: ამიერიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა. ამავე ტექსტში, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ასევე დამაფიქრებელია, მით უმეტეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემის გააზრებისას, თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი. დაბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას”,- განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები