“საქართველოს მთავრობაში არის მზაობა, გამოეხმაუროს რუსულ ინიციატივას"
საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შესაძლო შეხვედრის საკითხს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვარდება, მაგრამ რაკი ორივე მხრიდან კონკრეტულ პრობლემებზე საუბრისთვის მზაობა არსებობს, ეს ცუდი არ არის. “საქართველოს მთავრობის მეთაურის მხრიდან არის მზაობა, რომ გამოეხმაუროს რუსულ ინიციატივას პირდაპირი დიალოგის შესახებ. ეს პირდაპირ თავსდება იმ ლოგიკაში, რომელსაც ჩვენი მთავრობა რამდენიმე თვეა მისდევს. როგორც იცით, რუსეთთან შეწყვეტილია ომის რიტორიკა, აგრესიული საუბარი მასთან, რადგან ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების დიდი პრობლემა, რომელსაც ჩვენი ეროვნული სხეულის დანაწილება – ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია, და ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს.
რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით ეს ვერ მოგვარდება, მაგრამ რაკი ორივე მხრიდან არსებობს მზაობა, რომ კონკრეტულ პრობლემებზე იყოს საუბარი, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის. მთავარია, რომ ეს შეხვედრა კარგად მომზადდეს. ეს დღეს ან ხვალ ვერ მოხდება და ქართული მხარე ზუსტად უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ მთავარია, მიზანი იქნას მიღწეული, რომ ჩვენ გავმთლიანდეთ”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ის მზადაა, სურვილის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს. საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის. ამასთან, პუტინთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოთქვა.