კასპის რაიონში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნის დღე აღინიშნა
კასპის რაიონის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნის დღე აღინიშნა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გენერლის ხსოვნის პატივსაცემი წირვა და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წირვას მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და კაპელანი, მამა ზაზა გაბედავა ესწრებოდნენ. წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ტაძარი გენერალმა მაზნიაშვილმა XX საუკუნის დასაწყისში საკუთარი სახსრებით აღადგინა. საბჭოთა წყობილების დროს ტაძარმა ფუნქციონირება შეწყვიტა. თუმცა, სოფლის მოსახლეობის ინიციატივით, ტაძარს ახლახან რესტავრაცია ჩაუტარდა.
მათივე ცნობით, წირვის დასრულების შემდეგ, ღონისძიება გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში გაგრძელდა. მოწვეულმა სტუმრებმა გენერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ გენერალ მაზნიაშვილისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხა. ღონისძიების ორგანიზატორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელი“ იყო, რომელიც საზოგადოებისთვის გენერლის მოღვაწეობის უკეთ გაცნობის მიზნით დაარსდა.