გიორგი კობერიძე: რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე არ გამქრალა, მაგრამ მნიშვნელოვნად შესუსტებულია

“რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე არ გამქრალა, მაგრამ მნიშვნელოვნად შესუსტებულია. მაგალითად, თუ სომხეთში 2020 წლამდე მოსახლეობის დიდ ნაწილში პრორუსული განწყობა იყო, დღეს რეკორდულად მაღალია დასავლური კურსის მომხრეების რაოდენობა”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიაში ძლიერდება თურქეთის როლი და გავლენა.

“ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში, მოსალოდნელი იყო – მოყოლებული ყარაბაღის მეორე ომიდან ილჰამ ალიევი ხშირად ამბობდა, რომ ის ელოდა სუვერენიტეტის სრულად აღდგენას და სამშვიდობო გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა შემდგარიყო 2 საკითხზე: ერთი – უშუალოდ ყარაბაღთან, მეორე კი ზანგეზურის ეკონომიკურ დერეფანთან დაკავშირებით. ამ ორივე საკითხზე მოლაპარაკება აშშ-ის ეგიდითაც გაიმართა, ევროკავშირისაც და მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო. ოფიციალური ერევანი ფაქტობრივად თანახმა იყო, მაგრამ თავად ყარაბაღში იყო განსხვავებული დამოკიდებულება. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ფაშინიანის მიმართ ანტაგონისტურად იყო განწყობილი და სვამდა კითხვას, ფაშინიანი ყარაბაღელ სომეხთა ინტერესებს ხომ არ ღალატობსო? ამ ყველაფერმა ჩიხური ვითარება შექმნა, ყარაბაღელ სომხებს და მის ადმინისტრაციას გამოცხადებული ჰქონდათ რუსეთის მხარდაჭერა და იმედოვნებდნენ, რომ სწორედ რუსეთი დაუდგებოდა გვერდით.

აზერბაიჯანი ბოლო დროს ამბობდა, რომ სუვერენიტეტის აღსადგენად აპირებდა კრიტიკული ნაბიჯის გადადგმას, რაშიც სწორედ სამხედრო მოქმედებები იგულისხმებოდა. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ დღეს რუსეთი ძალიან დასუსტებულია – კრემლი ვერაფერს ახერხებდა ამ პროცესის შესაჩერებლად და აზერბაიჯანული ინიციატივის აღსაკვეთად. რუსეთის სისუსტეს დაემატა ისიც, რომ კრემლს არა აქვს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ფაშინიანისადმი. რუსები შეეცადნენ ეს ვითარება როგორმე სათავისოდ გამოეყენებინათ – თუ აზერბაიჯანი მიაღწევდა წარმატებას, ეს ფაშინიანისთვის დაებრალებინათ. რუსეთმა ეს პროპაგანდა აქტიურად წარმართა, მას უწოდებდნენ “ენჯეოშნიკს”, რომელიც “ყარაბაღს `ღუპავდა” “დასავლეთის აგენტს” და ა.შ. ეს პროპაგანდა ჯერ კიდევ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაიწყო. შესაბამისად, ფაშინიანი ამისთვის მზად იყო და ბოლო თვეებში აშკარად გადაიხარა დასავლეთისკენ. სომხეთი დღეს გადის ძალიან უცნაურ პოლიტიკურ ფაზას. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში განწყობები სამად არის გაყოფილი: ერთია ფაშინიანის მხარდამჭერი და პროდასავლური, მეორე – პროდასავლური, მაგრამ ფაშინიანის მოწინააღმდეგე და მესამე ასევე პრემიერის მოწინააღმდეგე, მაგრამ პრორუსული. ამჟამად ქვეყანაში ამ სამ ბანაკს შორის დაპირისპირება გრძელდება. რაც შეეხება რეგიონზე გავლენას, ეს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი მეთოდით აღდგენის პრეცედენტია. აზერბაიჯანი დღეს მყარ პოზიციაზეა, გაძლიერებულია. რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე არ გამქრალა, მაგრამ მნიშვნელოვნად შესუსტებულია. მაგალითად, თუ სომხეთში 2020 წლამდე მოსახლეობის დიდ ნაწილში პრორუსული განწყობა იყო, დღეს რეკორდულად მაღალია დასავლური კურსის მომხრეების რაოდენობა. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში ძლიერდება თურქეთის როლი და გავლენა. თუ გადავავლებთ თვალს, რას წერს აფხაზური მედია და რა განწყობები აქვთ სეპარატისტულ ძალებს სოხუმში, ვნახავთ, რომ მათ ეშინიათ იგივე არ დაემართოთ.

სომხეთი ნამდვილად რუსეთის მძევალი იყო, დღეს კი ხელ-ფეხი გაეხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა ადვილი იქნება. ეს რომ მოახერხოს ფაშინიანმა, მას დიდი სახალხო მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია სჭირდება, რაც ამ პროცესებმა ძალიან შეურყია. სომხეთში პოლიტიკური პროცესისადმი საზოგადოდ ნიჰილისტური განწყობაა – აზერბაიჯანული სამხედრო ოპერაციის წინადღეს ერევანში გამართულ მერის არჩევნებზე ამომრჩევლის მხოლოდ 28% მივიდა, რაც წარმოუდგენლად მცირე მაჩვენებელია. ეს მიუთითებს, რომ ხალხი პოლიტიკოსებს არ ენდობა. აქედან გამომდინარე, თუ ფაშინიანმა მაინც შეძლო მასშტაბური მხარდაჭერის მოპოვება და ანტირუსული განწყობის გაძლიერება, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიაღწევს წარმატებას და სომხეთის პროდასავლური კურსი უფრო მკაფიო გახდება. პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესებმა თვითონ ფაშინიანი ძალზე დააზარალა, თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთი კვლავაც შეეცდება მის შეცვლას. მე არ გამოვრიცხავ გადატრიალების მცდელობასაც. სომეხ საზოგადოებას საღი აზრი თუ არ უღალატებს, მიხვდება, რომ ფაშინიანის წასვლა გამოიწვევს ისევე პრორუსული ძალების მოსვლას, რაც ქვეყანას უფრო დააზარალებს.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის სკანდალს, დავიწყოთ იმით, რომ სანქცირების ეს ფაქტი კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ ევროპასა და ამერიკაში კარგად იციან რაც ხდება საქართველოში… შეგახსენებთ, ფარცხალაძეს საქართველოში რუსული გავლენების გავრცელების გამო დაუწესდა სანქციები. მეორე მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება იმასაც აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთბაშად არ წაურთმევიათ შანსი. ხომ შეიძლება ეთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს პრორუსულ კურსს და მისი მაღალჩინოსნები დაესანქცირებინათ? ეს უკიდურესი ნაბიჯია და რადგან ჯერ არ გადაუდგამთ, როგორც ჩანს, აშშ-სა და ევროპაშიც ჯერ არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ეს ხელისუფლება სრულად ანტიდასავლურია. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება. ამ სანქციების წინააღმდეგ წასვლა, ჩემი აზრით, არარაციონალური, პანიკაში მყოფი ძალის სინდრომია, რაც აზარალებს არა მარტო თავად ხელისუფლებას, არამედ უპირველესად აზარალებს ქვეყანას…”,- განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები